"იშვიათი გულწრფელობის მომსწრე გავხდი... უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა" - რა ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი ნინო ანანიაშვილზე? - კვირის პალიტრა

"იშვიათი გულწრფელობის მომსწრე გავხდი... უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა" - რა ისტორიას იხსენებს ჟურნალისტი ნინო ანანიაშვილზე?

მსოფლიოში ცნობილი ქართველი პრიმა-ბალერიანას, ნინო ანანიშვილის გადაწყვეტილებას გამხდარიყო რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელი საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად შეხვდა.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელშიც ჟურნალისტი ნანა აკობიძე ცნობილ პრიმა-ბალერინასთან ემოციურ ინტერვიუს იხსენებს.

"ნინო ანანიაშვილს ერთხელ შევხვდი ინტერვიუსთვის. ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში. გაიხსენა, 12 წლის ბავშვი როგორ წაიყვანეს და დატოვეს მოსკოვში, როგორ უჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, როგორ ენატრებოდა დედა... უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა: "მთელი ცხოვრება დედა მენატრებაო." ერთი წელი იყო გასული დედამისის გარდაცვალებიდან. ...იმ წუთებში ძალიან ჰგავდა 12 წლის ნინოს - დედისგან მოწყვეტილ, პატარა, დაბნეულ გოგოს. არ მიკითხავს, ეს მონატრება დააკომპენსირა თუ არა როდესმე სცენაზე განცდილმა ბედნიერებამ, აპლოდისმენტებმა, იმან, რასაც ზოგადად, წარმატებას ვეძახით.

არც ფსიქოლოგი ვარ, რომ ვიცოდე, მონატრების განუწყვეტელი შეგრძნება უტოლდება თუ არა ღრმა ტრავმას, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, იწვევდეს დეზორიენტაციას არჩევანში, გადაწყვეტილებაში...

ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ იშვიათი გულწრფელობის მომსწრე გავხდი მაშინ და დღემდე ანანიაშვილის ხსენებაზე იმ გულამომჯდარი კადრით მიდგას თვალწინ.. მისი ნაჩუქარი ეს პუანტები ჩემს კედელზე ჰკიდია. ეს "სურათი" ჩემთვის პირველ რიგში არც პრიმაბალერინას სახსოვარია და არც ბალეტისადმი გასაკუთრებული სიყვარულის გამოხატულება: იმ 12 წლის სიფრიფანა გოგოს ავტოგრაფია, რომელსაც მთელი ცხოვრება ენატრებოდა დედა..." - წერს ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი,ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს.