ხარი - კე­თილ­შო­ბი­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შრო­მის­მოყ­ვა­რე ცხოველი - კვირის პალიტრა

ხარი - კე­თილ­შო­ბი­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შრო­მის­მოყ­ვა­რე ცხოველი

"ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველია და განსაკუთრებული მოწიწებით ექცევიან"

დღეს ხარზე ვისაუბრებთ, ოღონდ არა - ასტროლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი რესპონდენტი, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გვიყვება ამ ცხოველის როლზე სხვადასხვა ხალხის ცხოვრებაში. გავიგებთ იმასაც, რომელ ქვეყანაში როგორ ექცევიან მას.

- დავიწყოთ იმით, რომ ადამიანსა და ხარს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა აქვთ. 17 ათასი წლის წინანდელ კედლის ნახატებში უკვე ჩანს გარეული ხარი. ის ძალიან გავრცელებული იყო და ტური ერქვა, მაგრამ შუა საუკუნეებში გადაშენდა.

საინტერესოა, რომ ქართულში ამ ცხოველის ერთი სახელწოდება არ არსებობს. ძროხა ნიშნავს მდედრს, ხარი - მამრს. ზუსტად, ალბათ, უფრო საქონელი ჰქვია... ხარი, კეთილშობილი და მიზანმიმართული, არაჩვეულებრივად შრომისმოყვარეა, ეს ცხოველი ადამიანმა დაახლოებით 8 ათასი წლის წინ მოიშინაურა. ის გამოიყენებოდა მიწის დასამუშავებლად, გადაადგილებისას კი ურემში აბამდნენ და მძიმე ნივთებიც მისი დახმარებით გადაჰქონდათ. ზოგიერთ ქვეყანაში ხართა ბრძოლაც კია შემორჩენილი - კორიდას ვგულისხმობ. ხარს მითოლოგიაშიც დიდი ადგილი უჭირავს, მასზე ლექსებიც არის შექმნილი. საინტერესოა ასევე ამ ცხოველის, ასე ვთქვათ, გარეული ნათესავები, რომლებიც დღემდე არსებობენ, ძირითადად, აზიაში. ინდოეთში არის გარეული ხარი გაური, რომელიც ძალიან დიდი ზომის ცხოველია, მისი სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრსა და 20 სანტიმეტრს აღწევს, წონა კი ტონა-ნახევარს აჭარბებს, ანუ უფრო დიდია, ვიდრე ამერიკული ბიზონი. ინდონეზიაში, ფილიპინებში გავრცელებულია ბანტენგი. მისი გარეული სახეობაც არსებობს და შინაურიც. ძალიან ბევრი საინტერესო ჯიში არსებობს, მაგალითად, აფრიკაში ვატუსს ყველაზე დიდი რქა აქვს - 100 სმ ზე მეტი სიგრძისაა.

- ინდოეთში ხარი წმინდა ცხოველია, არა? - ინდოეთში ძროხაა წმინდა ცხოველი და შესაბამისად - ხარიც. თუ დაინახავენ, რომ გზაზეა გამოსული, მოთმინებით ელოდებიან, გაიაროს. სანამ ის არ გაივლის, მანქანების მოძრაობა წყდება. ინდოეთში ბევრი სხვა ცხოველიც ითვლება წმინდად, მაგალითად, მაიმუნი, გველი, სპილო...

- აფრიკაში როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ცხოველთან? - აფრიკაში როგორც სხვა შინაური ცხოველები, ხარიც ძალიან საჭირო და სასარგებლოა. ზოგიერთ ტომში რძეში არეული ხარის სისხლი წამლადაც ითვლება. პატარა გოგრისგან დამზადებული სპეციალური ჭურჭლით ეს ნარევი თან დააქვთ.

- განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა ამ ცხოველს იმ ქვეყნებში, სადაც მიწათმოქმედებას მისდევდნენ... - დიახ, და ასე იყო საქართველოშიც. ქართულ ზეპირსიტყვიერებაშიც ხომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ხარი...

- ყველაზე დიდი ზომის ხარი რომელ ქვეყანაში გვხვდება? - გაური ვახსენე, მაგრამ მასზე დიდი ზომისაა ხელოვნურად გამოყვანილი სახორცე ჯიშები, თუმცა მათ მოძრაობაც კი უჭირთ, გაური კი, მიუხედავად თავისი წონისა, ძალიან სწრაფად დარბის - დაახლოებით 60კმ/სთ სიჩქარით.

შინაურ ხარებს შორის ცნობილია ჩიანინა, რომლის სიმაღლე დაახლოებით 1,8 მეტრია, წონა კი - 1600 კგ. ეს იტალიური ჯიშია.

ყველაზე პატარა შინაურ ჯიშებს შორის ირლანდიური დექსტერია. იზრედება 90-110სმ. ის ვირზე პატარაა, თუმცა მხოლოდ ერთხელ მყავს ცოცხალი ნანახი. ვერაფრით მივაკვლიე, თორემ სიამოვნებით ვიყოლიებდი ასეთ ცხოველს ზოოპარკში.

- როგორი იყო ეს წელი ზოოპარკისთვის, რომელიც ხალხმრავლობასაა მიჩვეული? - როგორც სხვებისთვის, ასევე ჩვენთვის საშინელი წელი იყო. დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკეტილი. ბინადრების ჩამოყვანაც გაგვიჭირდა. ჩამოვიყვანეთ დომბები - ორი მდედრი; ერთ ხარიც გვყავს და ვცდილობთ, გავამრავლოთ. ორი დასავლეთკავკასიური მდედრი ჯიხვიც დავიმატეთ. დომბა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კავკასიაში გადაშენებულია და მის აღდგენაზე ზრუნვა ჩვენც დავიწყეთ. დასავლეთკავკასიური ჯიხვი კი გადაშენების საფრთხის წინაშეა და ჩვენი ამოცანაა მათი გამრავლება, მერე კი ბუნებაში დაბრუნება.

- რომელია ყველაზე ჭკვიანი ცხოველი და ფრინველი? - ყველაზე ჭკვიანი ცხოველები არიან ადამიანის მსგავსი მაიმუნები, განსაკუთრებით - შიმპანზე, ასევე - ვეშაპისნარები, ნამგალა ვეშაპები.

ადამიანის მაგვარ მაიმუნებს ასწავლიან ჟესტების ენით საუბარს და ისინი ადამიანებთან ჩვეულებრივად ლაპარაკობენ. ვეშაპისნაირებს ასეთი კომუნიკაციის სისტემა არ აქვთ. მათი კომუნიკაციის სისტემა ძალიან რთულია და უამრავ ინფორმაციას გადასცემენ ერთმანეთს ხმებით, რომელთა უმრავლესობა ჩვენ არ გვესმის. არსებობს სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც ამის რეგისტრირება და შემდეგ გაშიფვრა შეიძლება. ჩვენც დავამონტაჟეთ ასეთი ხელსაწყო შავ ზღვაში. ის იწერს ვეშაპისნაირთა ხმას და გვაძლევს საშუალებას, მათი მოძრაობა ნაპირიდან 5 კმ-ის რადიუსში ვაკონტროლოთ. ეს ძალიან კარგი ხელსაწყო გვაჩუქა ერთ-ერთმა ინგლისურმა ორგანიზაციამ.

ძალიან ჭკვიანია სპილოც. ერთ-ერთი ტესტი, რომლითაც აფასებენ, რამდენად ჭკვიანია ეს ცხოველი, არის სარკის ტესტი, ანუ შემოწმება, როგორ შეუძლია მას საკუთარი თავის აღქმა სარკეში. ძალიან ცოტა ცხოველი აღიქვამს საკუთარ თავს სარკეში. სხვათა შორის, ეს ზოგიერთ ფრინველსაც შეუძლია, მაგალითად, კაჭკაჭს, ყვავს, ყორანს. ფრინველებს შორის ისინი არიან ჩემპიონები. იყო შემთხვევებიც, როცა სპილოს თავზე შეუმჩნევლად ახატავდნენ რაღაცას და სარკეში ჩახედვისას ის ხვდებოდა, რომ თავზე რაღაც ესვა. სპილოს შეუძლია სარკის მეშვეობით ორიენტირებაც. მაგალითად, რაღაც ნივთებს დებენ ისე, რომ სპილოს მხოლოდ სარკით შეუძლია მათი აღება და ის ამას ადვილად აკეთებს. ადამიანის მაგვარი მაიმუნები და დელფინებიც ჩვეულებრივად აღიქვამენ თავიანთ თავს სარკეში.

შიმპანზეებისა და სპილოების ბევრი მკვლევარი თვლის, რომ მათ აქვთ გარკვეული რიტუალური ქცევა, რელიგიის ჩანასახის მსგავსი. მაგალითად, შიმპანზეებს აქვთ წვიმის ცეკვები და ჭექა-ქუხილის დროს ასრულებენ ამ ცეკვებს. დასავლეთ-აფრიკაში, მაგალითად, შიმპანზეებს ქვები მიჰქონდათ და რომელიღაც კონკრეტული ხეების ძირში ალაგებდნენ. ეს მართლაც ჰგავს პირველყოფილი ადამიანის ქცევას. ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ცხოველების ქცევაში ბევრი ახალი რამ აღმოჩნდა და მომავალში ადამიანი, ალბათ, მათ მეტ "უცნაურობას" აღმოაჩენს.

- ყველაზე ქართველი ცხოველი რომელია? - ქართველი არც ერთი არ გახლავთ. კავკასიელია ჯიხვი, ფრინველებიდან კი კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი.

- ესე იგი ხოხობი არ არის თბილისელი?... - არა, ხოხობი თბილისელი არ არის. მისი ლათინური სახელწოდება შედგება ქართული სიტყვებისგან - "ფაზიუს კოლხიუს", თუმცა გავრცელების არეალი უფრო დიდი აქვს.

- როგორი იყო ახალი წელი ზოოპარკის ბინადრებისა და ზურაბ გურიელიძისთვის? - ზოოპარკის ბინადრებისთვის, გარდა იმისა, რომ ფეიერვერკების გამო ძალიან დაფრთხნენ, არაფრით გამოირჩეოდა. ჩემთვის ისეთი იყო, როგორიც ყველასთვის - ჩაკეტილი. ყველა ვმუშაობთ. დისტანციურად შეუძლებელია ჩვენი საქმის კეთება. თანამშრომლები, რომლებიც რისკჯგუფში არიან, გათავისუფლებული გვყავს და მათ მაგივრად სხვებს ვამუშავებთ, ასე რომ, ახლა უფრო დატვირთული ვართ.

ყველას გილოცავთ ახალ წელს და, უპირველესად, ჯანმრთელობას გისურვებთ, მერე კი, ცხადია, ეპიდემიის დასრულებას და ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნებას. ახლა მთავარი სწორედ ეს არის.