"რომ არა ტესტის პასუხი, არც მჯეროდა, რომ "კოვიდი" მქონდა"
"რომ არა ტესტის პასუხი, არც მჯეროდა, რომ "კოვიდი" მქონდა"
"მთელ მსოფლიოს იმედი აქვს, რომ 2021 წელს პანდემიას დავამარცხებთ. მეც ამის იმედი მაქვს და სხვების მსგავსად, მეც უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი მაცოცხლებს"

შობა-ახალი წლის დღეები მაკა მახარაძეს ყველაზე სასიამოვნო წუთებს ახსენებს, როცა მისი მშობლების - მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ოჯახს მეგობრები სტუმრობდნენ, მათ სახლში ყოველ ახალ წელს იდგა უზარმაზარი ნაძვის ხე, რომელიც ჭერს სწვდებოდა და პატარა გოგონას გულს სიხარულით ავსებდა. ქალბატონი მაკა სიყვარულით იგონებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს და
2021 წლისგან უფრო სასიამოვნო, იმედიან დღეებს მოელის:

- როგორც ყველა ბავშვი, ახალი წლის მოსვლას მეც სიხარულით ველოდებოდი. დედაჩემი არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო და საახალწლო სუფრას ისეთივე მონდომებით ამზადებდა და ამკობდა, როგორც ჩვენს უზარმაზარ ნაძვის ხეს. ოჯახში ჩემს ნახელავსაც აქებენ, მაგრამ როგორც კულინარი, დედას ვერც შევედრები. ცუდად
მხოლოდ ერთი ახალი წელი მახსენდება: დედას სახლში პატარა გალიაში ჩიტები ჰყავდა. იმ წელიწადს ნაძვის ხე ძალიან ლამაზად მორთო და გალია ზედ ჩამოჰკიდა. ჩვენი კატა გალიას შეახტა, ნაძვის ხე ძირს დაენარცხა და ჩემი საახალწლო სათამაშოები სულ დაიმსხვრა - ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. მართალია, ძველით ახალ წელს არ აღვნიშნავდით, მაგრამ ჩვენს ოჯახს ერთი კარგი ტრადიცია აქვს: ახალი წლის დადგომამდე ხუთი წუთი რომ დარჩება, ფანჯარას ვაღებთ და ძველ წელს ისეთივე პატივით ვაცილებთ, როგორც ჩვენი წინაპრები ბატონებს აცილებდნენ ხოლმე. მიუხედავად დიდი განსაცდელისა, რომელიც მთელ მსოფლიოს შეეხო, 2020 წელიც პატივისცემით და მადლობით გავაცილეთ.

- რომელი ახალი წელი იყო ყველაზე დაუვიწყარი?
- 1991 წელს იტალიაში, გენუაში ვიყავი მეუღლესა და ჩემს ქალიშვილთან ერთად. ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი, შთამბეჭდავი შობა-ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ იტალია მარტო კინოში გვქონდა ნანახი და იქ გატარებული დღეები ახლაც ლამაზი ფილმივით მახსენდება. არანაკლები სიხარული მოჰქონდა ამ დღესასწაულს მაშინ, როცა ჩემი შვილები და შვილიშვილები პატარები იყვნენ: მათთვის უხილავ თოვლის ბაბუას ყოველთვის მოჰქონდა საჩუქრები - კარზე ზარი ირეკებოდა, გამოცვივდებოდნენ ბავშვები და ეძებდნენ თოვლის ბაბუას, რომელიც საჩუქრებს კართან ტოვებდა. ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ ის სხვა ბავშვებთან გარბოდა საჩუქრების მისატანად. ახლა უკვე დიდები არიან, ყველაზე უმცროსი შვილიშვილი 18 წლისაა, ამიტომ ნაძვის ხესაც თავად რთავენ და საოჯახო საქმეებშიც მეხმარებიან.

- დღეს ბევრი დიასახლისი ცდილობს სუფრა ეგზოტიკური კერძებით დაამშვენოს. თქვენ თუ მოგწონთ უცხო ქვეყნების სამზარეულო?
- ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს, მაგრამ უცხოური კერძებიც მომწონს და სულ ვცდილობ მომზადებას. ამაში ინტერნეტი მეხმარება. პანდემიამდე მეგობრები ჩინურ რესტორანში დავდიოდით, ინდურ რესტორანშიც ვარ ნამყოფი. სხვათა შორის, მოლუსკებიც მიყვარს...

- 2020 წელი ჩვენი ხალხისთვის ურთულესი აღმოჩნდა, როგორი იყო ის თქვენთვის?
- ეს იყო დიდი გამოცდის წელი მთელი მსოფლიოსთვის. გამონაკლისი არც ჩემი ოჯახი ყოფილა, რადგან
კორონავირუსი ჩვენც გამოვიარეთ: მე და ჩემს უმცროს შვილიშვილს მარიამს ერთდროულად გვქონდა. ჩემი შვილი ნატო ორივეს გვივლიდა, მაგრამ ვირუსი მას არ შეხვდა.

არც კი ვიცი, სად და როგორ შემხვდა ვირუსი, რადგან წესებს ვიცავდი. აფთიაქსა და მაღაზიაში პირბადეს არ ვიშორებდი და ახლაც არ ვიშორებ. ალბათ, პირბადის დამსახურებაა, რომ შედარებით მსუბუქი ფორმა მქონდა. "კოვიდ-19" ჩემს ნაცნობებს შორისაც ბევრს შეხვდა და საბედნიეროდ, დღეს ყველა კარგადაა.

- ხომ არ შეშინდით, როცა დიაგნოზი შეიტყვეთ?
- ნათქვამია, არც მეტისმეტი ვარგა და არც რეტის რეტიო... მეტისმეტი შიშიც არ არის კარგი. მე "კოვიდი" ჩვეულებრივი გრიპივით მქონდა. წინა წლებში სხვა ვირუსები გაცილებით რთულად გადამიტანია და რომ არა ტესტის პასუხი, არც მჯეროდა, რომ "კოვიდი" მქონდა. მართალია, სისუსტეს ვგრძნობდი და თითქოს მოცელილივით ვიყავი, მაგრამ გამიმართლა, ფილტვებში არაფერი მქონდა. ალბათ, იმიტომაც გადავიტანე შედარებით მსუბუქად, რომ გრიპის აცრაც მაქვს გაკეთებული.

- 2020-მა წელმა ხელოვნების ყველა სფერო დააზარალა. თქვენ როგორ შეეგუეთ "კოვიდის" გამო შექმნილ სიტუაციას?
- 23 წელია, რაც ჩემი საბალეტო სტუდია არსებობს და ასეთი მძიმე წელი ჯერ არ გვქონია: კომპოზიტორს შეუძლია მუსიკა სახლში დაწეროს, მხატვარმა დახატოს, მაგრამ ბალეტის სწავლება ინტერნეტით შეუძლებელია. ონლაინსწავლება ჩვენს საქმეში თავის მოტყუებაა.

როცა ბავშვი საბალეტო სკოლაში პირველად მიდის, ჯერ ბალეტის ანაბანა უნდა ისწავლოს. მასწავლებელი ხშირად ოთხზე დგას, რომ ბავშვებს სწორი დგომა და ელემენტარული ილეთები ასწავლოს. მასწავლებელი გენიოსიც რომ იყოს, ამ პირობებში სრულყოფილად მაინც ვერ ასწავლის. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს დღეშია: ახლახან პარიზში ოპერის 350-ე წლისთავი აღნიშნეს და დიდი გალა-კონცერტი გამართეს. დარბაზი ცარიელი იყო - მხოლოდ გუნდი იჯდა, სცენაზე კი სულ რამდენიმე მსახიობი და მომღერალი იდგა. მოკლედ, ყველა ქვეყანას თავისი გასაჭირი აქვს, მაგრამ მთელ მსოფლიოს იმედი აქვს, რომ 2021 წელი უკეთესი იქნება, რომ პანდემიას დავამარცხებთ. მეც ამის იმედი მაქვს და სხვების მსგავსად, მეც უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი მაცოცხლებს.

ხათუნა ჩიგოგიძე
7878-ს
17 იანვარი 2021 13:29
ტესტირებით არ ვრცელდება. უბრალოდ, ტესტირებისთვის რომ ინფიცირებულებთან ახლოს ყოფნა უწევს ადამიანს, ეგაა პრობლემა. არც მე ვურჩვდი ტესტირებას, თუ ძალიან ცუდად არაა ვინმე და ამასვე ამბობს ძალიან ბევრი ექიმი.
მოქალაქე
16 იანვარი 2021 22:54
მეც მასე მეგონა,მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის.
7878
16 იანვარი 2021 12:19
თქვენ რომ კორონა გქონოდათ,ასე ადვილად,გრიპივით ვერ გადაიტანდით.ეს ამათ უნდა "უმადლოდეთ",რომ კორონა გითხრეს.ყველას ასე პასუხობენ.თქვენ კი ჩვეულებფრივი გრიპი გქონდათ და ეს იყო.სტატისტიკისთვის ეს სჭირდებათ. ისე ტესტირებას არავის ვურჩევ-ჩემი აზრით ამით ვრცელდება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები