"ის კორონაა თუ რა უბედურებაც არის, მოგვშორებოდეს და ამ ჩემი მიწის ცასავით ნათელი დღეები დასდგომოდეს ჩვენს ნატანჯ ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"ის კორონაა თუ რა უბედურებაც არის, მოგვშორებოდეს და ამ ჩემი მიწის ცასავით ნათელი დღეები დასდგომოდეს ჩვენს ნატანჯ ქვეყანას"

"მარტო ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ აქაურობის სიყვარული არ მიშვებს..."

მისტიკურ თუშეთში, სადაც მთელი ზაფხული ტურისტების ჟრიამული ისმის, შვიდი თვის განმავლობაში ყველაფერი მიძინებულია. წელს განსაკუთრებული შობა-ახალი წელი ჰქონდა 82 წლის ანიკო ხოსიკურიძეს, მერცხალა ბებოს, რადგან 40 წლის განმავლობაში პირველად ომალოში დარჩენილი მარტოქალი, დღესასწაულს სტუმართან ერთად შეხვდა - თუშური ხინკალიც მოახვიეს, შობის კოტორაც გამოაცხვეს და ახალი წლის დადგომამდე ორნახადიც გადაკრეს. "კვირის პალიტრა" მისი დახმარებით დაუკავშირდა მერცხალა ბებოს, რომელიც კარ-მიდამოს ულამაზესი თუშეთის მკაცრ ზამთარშიც არ ტოვებს.

- 82 წლის ვარ. ჩემს თუშეთს შევაბერდი. მამა მეორე მსოფლიო ომში დამეღუპა. მაშინ ძალიან ჭირდა და სიღარიბემ არც ჩვენ აგვიარა გვერდი. ოთხი დედმამიშვილი ვიყავით და პატარაობიდან ვშრომობდით. ადრე ჩვენი წინაპრები ალვანში ჩაასახლეს, ნაწილი იქ დარჩა, სხვები კი დავბრუნდით. ახალგაზრდობაში ცოტა ხანს თელავში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, მერე, კომუნისტების დროს, ომალოში სკოლა-ინტერნატი ააშენეს და აქ გადმოვედი. ორი ქალიშვილი, ხუთი შვილიშვილი და შვიდი შვილთაშვილი მყავს, ისინი ბარში ცხოვრობენ. მე რამდენიმე ათეული წელია მათთან არ ჩავსულვარ, ჩემს სახლ-კარს ვერ ვტოვებ.

- ზამთარში მარტო ყოფნა ძნელი არ არის? - ადვილი არ არის, მაგრამ აქაურობის სიყვარული არ მიშვებს. როგორც კი მზეს მცხუნვარება მოაკლდება და ოდნავ აგრილდება, აქაურობა ხალხისაგან ისე სწრაფად დაცარიელდება, თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხით გააქროო. ხომ ვიცი შემოდგომის დადგომისთანავე ყველა წავა, მაგრამ მეძნელება მათი გაშვება. ისე კი ნამდვილი თუშეთი ასეთია, მდუმარე და მკაცრი. თუშებს ბევრი ლაპარაკი არ გვჩვევია, ზოგჯერ დღე ისე გავა, სიტყვასაც არ დავძრავ, მაგრამ სტუმარი გვიყვარს. წელს სტუმარი მყავდა, სიცივეს არ მოერიდა და შობა-ახალ წელს ჩემთან შეხვდა.

სანამ გზა ჩაიკეტება, წინასწარ ამოგვაქვს ყველაფერი, რაც გვჭირდება. შვილებიც მიგზავნიან ბარიდან. ყველაფერს ვიმარაგებ, სურსათს, ჰიგიენის ნივთებს, მედიკამენტებს, ხელი თუ არ გავანძრიეთ და არ ვიყოჩაღეთ, მარაგი არ გვეყოფა. სიზარმაცეს კი მათხოვრობა მოჰყვება ხოლმე...

მთელი ზაფხული ვშრომობ, ბოსტანი მაქვს, მწვანილი, ხახვი, ნიორი, კარტოფილი მომყავს გასაყიდად; ლუდს ვხარშავ ტურისტებისთვის, რამდენიმე ფრთა ქათამი მყავს და ასე ვირჩენ თავს. აქ ყველანი ასე ვართ, ზოგს ფუტკარი ჰყავს, ზოგს ცხვარ-ძროხა...

ადრე საქონლის მოსაძებნად ცხენით დავდიოდი. ყველას უკვირდა, ამ ხნის ქალი როგორ ახერხებო. შეჩვეული ვიყავი... ახლა კი ჯანი ვეღარ მომდევს.

დილით ადრე ვიღვიძებ, ყავას ვსვამ, რომ მოვცოცხლდე. ეს ჩემი სტუმარი კიდევ კენკრის ნაყენს შემოდგამს ფეჩზე ჩაიდნით. მე კიდე მეგონა, ქალაქელებს უფრო ყავა უყვარდათ. ამას წინათ ტელევიზორი ამომიტანეს თქვენმა კოლეგებმა და ხანდახან იმითაც შევიქცევ თავს, ამასობაში კი დაღამდება.

საზღვრის დაცვის ბიჭებიც მეხმარებიან, ღმერთი შეეწევათ. შეშას მიჩეხენ და შინაც შემომიზიდავენ. წელს არ მოუყინავს ისე, თორემ ყოველ წელს მილები იყინება და წყალს შორიდან ვეზიდებოდით, მესაზღვრეებს მოჰქონდათ. მოადგებიან ღობეს, ბაბო, დახმარება ხომ არ გჭირდებაო? ზოგმა ჩემი ტელეფონის ნომერიც იცის და მირეკავს, რაში გინდა დახმარებაო. აბა, როგორია, მთელი შვიდი თვე ისეთ ადგილას გაძლება, სადაც მხოლოდ 6-7 სახლიდან ამოდის კვამლი. ერთი მოხუცი მარტოქალი ვარ, დახმარება სულ მჭირდება, ისინიც არაფერს იზარებენ. რწმუნებულიც ისეთი გვყავს, ლადო კახოიძე, ღვთის საჩუქარია, ზოგიერთი შვილი არ მოგიმართავს ისე ხელს, როგორც ის ჩვენ გვემსახურება.

ირაკლი ექიმიც გვყავს. თავისი ცხენით ყველგან მიდის, რა ამინდიც უნდა იყოს, თოვლი, ქარი თუ ყინვა. ვერც თუშები მიიღებენ გაჭირვებაში ზურგის შემქცევ კაცს, ჩვენიანი უნდა იყოს და გვეიმედებოდეს. ექთანიც გვყავს, ნინო, ისიც ცეცხლივით არის, დაუზარელი და მარჯვე.

- შობა-ახალ წელს როგორ აღნიშნავთ? - ჩვეულებრივ, როგორც ბარში, ადრე კი ჩვენი წინაპრები ახალ წელს წელწდობას ეძახდნენ და დილით წყალსაც ულოცავდნენ, ადრე დგებოდნენ, უმზრახად ჩადიოდნენ წყაროსთან და შიგ პურის ნამცეცებს ყრიდნენ. ეს ერთგვარი მილოცვაც იყო და მადლიერებაც. ახლით ახალ წელსა და შობას არის კიდევ ერთი დღესასწაული, მათეობა - ამ დღეს სოფელი გვარდაგვარ მიდიოდა მნათესთან სალუდეში, სადაც ის გვარებს ამწყალობებდა და ლუდით უმასპინძლდებოდა. მის სკამზე სხვას არ ჰქონდა დაჯდომის უფლება, თუ ვინმე უნებურად დაჯდებოდა, ადგომის უფლებას მანამდე არ მისცემდნენ, სანამ ვინმე მისიანი ქვაბ საკლავს, არაყსა და მწვადს არ მიიტანდა... დამწყალობების შემდეგ თუშები თავიანთი საგვარეულოს რომელიმე ოჯახში იკრიბებოდნენ და იქ განაგრძობდნენ ქეიფს. ახლა ეს ყველაფერი მივიწყებულია.

შობის ღამეს მე და ჩემმა სტუმარმა შობის კოტორა გამოვაცხეთ, ხაშლამაც მოვხარშეთ. ხასიათმაც ხელი შემიწყო, გარმონი ჩავიგორე კალთაში და ახალგაზრდობის სიმღერები გავიხსენე.

ყველას სიკეთესა და ბევრ სიხარულს გიძღვნით მოხუცი მერცხალა ბებო თოვლიანი თუშეთიდან, ის კორონაა თუ რა უბედურებაც არის, მოგვშორებოდეს და ამ ჩემი მიწის ცასავით ნათელი დღეები დასდგომოდეს ჩვენს ნატანჯ ქვეყანას.