"კი, ნენა, ნამდვილად 110 წლის ვარ - ერთადერთი შვილისა და შვილიშვილის სიკვდილის მოწმე გავხდი..."
"კი, ნენა, ნამდვილად 110 წლის ვარ - ერთადერთი შვილისა და შვილიშვილის სიკვდილის მოწმე გავხდი..."
"მე თუ მკითხავ, აფერი მნიშვნელობა არ აქვს, დიდხანს ვიქნებით თუ ცოტა ხანს ამ ქვეყანაზე, მთავარია, ისე ვიცოცხლოთ, ჩვენს ხსენებაზე კაცმა იგი თქვას, მაგას ნათელი დაადგეს, კაი ადამიანი იყოო"

"უფალმა ინება და მასე გამიგრძელა ხანი! კი, ნენა, ნამდვილად 110 წლის ვარ, ნამდვილად მაგდენი ხანია, რაც ამ ქვეყანაზე დავდივარ," - მითხრა ჟენია ცეცხლაძემ, როდესაც შინ, ოზურგეთში, სოფელ ცხემლისხედში მივაკითხე და ვკითხე, ნუთუ მართლა 110 წლის ხ
ართ-მეთქი?

- მე თუ მკითხავ, აფერი მნიშვნელობა არ აქვს, დიდხანს ვიქნებით თუ ცოტა ხანს ამ ქვეყანაზე, მთავარია, ისე ვიცოცხლოთ, ჩვენს ხსენებაზე კაცმა იგი თქვას, მაგას ნათელი დაადგეს, კაი ადამიანი იყოო.

შენსავით სხვაიც ბევრჯერ შემკითხვია გაკვირვებული, ჟენია, გვითხარი, ამდენხანს რაფერ იცოცხლე, რას ჭამდი, ან რას სვამდი, რას აკეთებდი ამფერსო, მაგრამ ვერც ვერაფერი გასაგებად
მიპასუხია, იმიზა, რომე, მეც არ ვიცი, ამ ჟამის რაფერ მოვედი.

სინამდვილეში უფალი გვაცოცხლებს ყველას, დეილოცა მისი განგებულება. უფალმა დამიწერა თავის წიგნში და იმიზა მოვაღწიე აქამდე.
არც დარდი მქონია სხვაზე ნაკლები, უფრო პირიქით იყო - ადამიანი რაც ბევრს იცოცხლებს, უფრო ბევრი დარდი და წუხილი დახვდება ქვეყანაზე! იმდენი სატკივარი შემხვდა ჩემს წუთისოფელში, კი მიკვირს, რაფერ გოვუძელი, მარა, სამაგიეროდ, ღვთის წყალობაც მქონდა. აბა, ღვთის წყალობა არ არის, როცა ობოლი და უთვისტომო ისე შემიცოდა უფალმა, იმფერი დედობილი მომცა, რომ ახლაც ვიფიცებ მის თავს? ახლაც ცხადივით ვხედავ მის თვალებს. მე და ჩემს დას ჯამში საჭმელს ჩაგვისხამდა, შემომხედავდა და მერე უფრო მეტს მომცემდა, არადა, ჩემი და მისი ღვიძლი შვილი იყო. 6 წლის ვიყავი, მშობლები რომ დამეხოცა. დედობილი მეუბნებოდა, დედაც და მამაც რაცხა საშინელმა სენმა მოგიკლაო. იქნება მაშვინაც იმფერი საშინელი ვირუსი იყო, რაფერიც ახლა კორონაა.

- 1911 წელს დაიბადეთ, ბევრ მძიმე დღეებს გამოივლიდით.
- კი, რევოლუციები, აჯანყებები და დახვრეტები, მაგის ზაფრა სიკვდილამდე მემახსოვრება, მაგრამ რომ ვაკვირდები, ცხოვრება არც როისაა დალაგებული. ხუთი წელიწადი ქმარი გერმანელებთან ომში მყავდა, უშვილოდ ვცხოვრობდი მის ოჯახში მულთან ერთად და რა მომალხენდა, მარა გულს იმით ვიმაგრებდი, რომ 4 წლის ობოლ მაზლს ვზრდიდი შვილივით. საკუთარი ბაღანა მერე მომცა ღმერთმა, ჩემი ქმარი რომ ომიდან დაბრუნდა. მერე ოდაც ავიშენეთ. ალიონიდან დაღამებამდე მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით. ხარები და ცხენები გვყავდა, დიდი ყანები გვქონდა. ასე მეგონა, სულ უნდა მემუშავა და თურმე ამ დროს ჩემი თავი მრჩებოდა მიუხედავი. ეგ კია გასაკვირი, მარა მაგი ამბავი ახლა მწყინს, გამოპრანჭულ ქალებს რომ შევხედავ, გამკრავს ხოლმე გულში, კი, მარა, ნეტა, მე რას ვაკეთებდი, რატომ არ ვლამაზდებოდი, მთლად გონჯი ხომ არ ვყოფილვარ-მეთქი.

- ანუ, მოგწონთ დღევანდელი ქალები. მაგრამ ისინი ხომ სრულიად განსხვავდებიან თქვენი თაობისაგან?
- აბა, იგი იყო კაი, ჩვენ რომ ჩვენი თავიზა არ გვეცალა?! ახალგაზრდას ყოლიფერი შვენის, ასაკმა კი ზურგზე ბევრი ტვირთი იცის და აღარაა ამ ტვირთის მოშორება იოლი. მე მთლად უშველებელი ტვირთი დამედო - ერთადერთი შვილის და მერე შვილიშვილის სიკვდილის მოწმე გავხდი. მაგის მერე, წესით, აღარც უნდა მეცოცხლა, მარა მაინც ვცოცხლობ. რა ვიცი, რატომაა ეს საჭირო, მარა, ასეა, კი ვხედავ - საუკუნეს ათი წლით გადავაბიჯე აგერ. კიდო, ერთი ამბავიცაა: უფალი ისე არ გაწირავს ადამიანს, რამე სანუგეშო არ მისცეს და მეც კი მომცა ამფერი - შვილთაშვილებისთვის მაყურებინებს.

- შვილი რით გარდაგეცვალათ?
- ჩემი ბიჭი გურიის ბატალიონში მსახურობდა. აფხაზეთის ომი რომ დეიწყო, მაშვინ მითხრა, დედა, არ შეგეშინდეს, მე ომში არ წავალ, სამი შვილი მყავს და სამ ობოლს ვერ დავტოვებ ამ ქვეყანაზეო. მარა ერთი კვირის შემდეგ მე და ჩემმა რძალმა ტელევიზორში ვნახეთ, სოხუმში. იქინე, იმ უბედურებაში ერთი წელიწადი გაატარა და მეც ერთი წელიწადი ჩუმად ვტიროდი, შვილს მომიკლავენ-მეთქი. მერე, მადლობა ღმერთს, დამიბრუნდა, მარა გონებაზე აღარ იყო. ღამით წამოვარდებოდა და ვიღაც ბიჭებს უყვიროდა. ამბობდა, ბევრი ამხანაგი ჩამიხოცესო, მარა ყველაზე უფრო იმას ვერ ინელებდა, სოხუმიდან წამოსვლისას, სამშვიდობოს რომ მოუკლეს ხალხი. სოხუმიდან წამოსვლისას ჩემი შვილის ხალხს ლოთი ქობალიას ბიჭები დახვედრიან გზაში და უსვრიათ. მეუბნებოდა, სროლისას მანქანა ამოგვიტრიალდა, მე და ერთი 19 წლის ჯარისკაცი გავიქეცით, მარა ორივე გვიპოვეს, დასახვრეტად რომ დაგვაყენეს, ბიჭს ცრემლი მოადგა, ჩამეხუტა და შემეხვეწა, ბიძია რამე მიშველე, გვკლავენო. კი ვუთხარი, ნუ გეშინია, ბიძია-მეთქი, მაგრამ მეც ხომ ვიცოდი, რომ სიკვდილის გარდა გასაქანი არ გვქონდა. ამ დროს, უცებ, მეც არ ვიცი, რატომ - ყელიდან სიმღერა ამომასკდაო. ჩემი ბიჭი ისე ლამაზად მღეროდა, გზაზე დამდგარ კაცს გააჩერებდა მოსასმენად. იმ ხალხსაც ავტომატები დაუწევია, ბიჭო, გკლავთ და ნეტა, რა გამღერებსო?! ჩემს შვილს უთქვამს, ის სიმწარე მამღერებს, ქართველი რომ ქართველს ესვრისო! ეს რომ ვთქვი, ავტომატები განზე გასწიეს და გამოგვიშვესო.

ამას რომ იტყოდა, თან მუშტს დასცხებდა მაგიდაზე - ყველაფერი ჩვენი ბრალია, ჩვენ ერთმანეთს ვხოცავთ, მტერმა კი ქვეყანა წაგვართვაო. ერთხელაც ცუდად გახდა, ექიმმა გვითხრა, ლეიკემია სჭირსო, მერე კი, ერთ დღეს, შვილებმა მკვდარი იპოვეს საწოლში. ჩემი შვილის სიკვდილს უფროსი შვილიშვილის სიკვდილი მოყვა.…და ისევ ცოცხალი დამტოვა უფალმა, ახლა ვის ვკითხო, რატომო? ამ კითხვას პასუხი ექნება?

ახლა შვილიშვილები და შვილთაშვილები გვივლიან მე და ჩემს რძალს.…კიდევ, ჩემი ეკა - ჩემი გარდაცვლილი შვილიშვილის ცოლი. ეგ ჩვენი ოჯახის მთავარი ანგელოზია, თავად ხომ ორი ობოლი დარჩა გასაზრდელი, ამის გარდა კიდევ ერთი ობოლი, მეზობლის ჩვილი ბაღანა, ჩვენი გიორგი მოიყვანა და ახლა მესამე ობოლსაც ზრდის.

- როგორ?
- შარშან გაზაფხულს გიორგის დედა მშობიარობას გადაჰყვა. ბაღანას მარტო მამა და მამიდა დარჩა. მამიდას არ აქვს საშუალება, საწყალი მამამისი კი მუდამ მუშაობს. როცა ჩემი ეკა თავად შინ არ არის, ამ ბაღანას მისი ქალ-ვაჟი პატრონობს. დაბანენ, აჭმევენ და ჩააძინებენ კიდეც. მას რომ ვუყურებ, მაშვინ კიდევ მინდა სიცოცხლე. გიორგის სიცილზე ჩვენი მზეც ამოდის.… სიცოცხლე და მშვიდობა მისცეს ღმერთმა ყველას, ადამიანისთანა ძვირფასი არაფერია ამქვეყნად და რაც უფრო მეტად ეყვარება ადამიანს ადამიანი, მით უფრო უკეთესი მისი თავიზა და მთელი ქვეყნიზაც.
მადონა
17 იანვარი 2021 23:56
ბებო დიდხანს იცოცხლე სასიამოვნოდ სმატირე გმირი დედა ხარ ნამდვილი ქართველი შენ წილად გერგო უკვდავის ტიტული ავტორს მადლობა გაიხარეთ
?
17 იანვარი 2021 17:55
კარგი ნათქვამია: ' ყველაფერი ჩვენი ბრალია, ჩვენ ერთმანეთს ვხოცავთ, მტერმა კი ქვეყანა წაგვართვაო'.
Tsiko
17 იანვარი 2021 17:40
კეთილი სული და სიკეთის კეთების სურვილია დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო. იხარეთ და იბედნიერეთ მრავალჟამიერ თქვენ მონაგართან ერთად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები