"პოლიტიკოსებს პირფერობის გარეშე რომ ელაპარაკებოდე, ამისი ზნეობრივი საფუძველი უნდა გქონდეს - ამ პარლამენტს უკვე პარლამენტი აღარ ჰქვია" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკოსებს პირფერობის გარეშე რომ ელაპარაკებოდე, ამისი ზნეობრივი საფუძველი უნდა გქონდეს - ამ პარლამენტს უკვე პარლამენტი აღარ ჰქვია"

"ალბათ, ხანდახან ვარ მწერალი, ხანდახან არც...

ძალიან რთულია მწერლობა, ხან გამოგდის, ხან არა,

ხან ვარგა, ხან არა. ამიტომაც ვამბობ, ალბათ, ხანდახან

ვარ მიხო მოსულიშვილი, ხანდახან კი არა"

"ახალ წელს ვერავინ მოიპარავს, პანდემია იქნება, ჩემი პიესის პერსონაჟი მუზმუზელა მელია თუ ვინც უნდა იყოს. ის მაინც მოვა და ადამიანების გულებში ისევ სიხარული და ზეიმი იქნება. ახალი წელი შობასთანაა დაკავშირებული, ისეთი იდუმალებითაა მოცული - მაცხოვარი იბადება და ამას ისეთი დიდი ძალა აქვს, სულ გგონია, ჯადოსნური ამბები მოხდება. სანამ კაცობრიობა იქნება, იმ მადლსა და შობა-ახალ წელს ვერავინ მოიპარავს. შობა-ახალ წელთან პანდემიაც ვერას გახდება, ადგება და წავა", - ამბობს მწერალი, სცენარისტი და მთარგმნელი მიხო მოსულიშვილი და სანამ პანდემია წავა, "კვირის პალიტრასთან" ექსპრომტად ახალ მინიატურებს ქმნის.

მე - მიხო მოსულიშვილი

- ალბათ, ხანდახან ვარ მწერალი, ხანდახან არც... ძალიან რთულია მწერლობა, ხან გამოგდის, ხან არა, ხან ვარგა, ხან არა. ამიტომაც ვამბობ, ალბათ, ხანდახან ვარ მიხო მოსულიშვილი, ხანდახან კი არა. ეს ისეთი მიხო მოსულიშვილია, რომელიც მხოლოდ მუსიკიდან ხედავს რაღაცებს, ჯერ მუსიკაა და მერე დანარჩენი. მუსიკა მოქმედებს ყველაფერზე და სხვანაირად განახებს სამყაროს. მე ასე ვარ... ჩემი ბიოგრაფიული წიგნი "ვაჟა-ფშაველა" მოკლე-მოკლე მინიატურებით ერთ კაცზე მოყოლილი ნამდვილი ამბებია და თავისი რიტმული და სტილისტური წყობით ამ ყველაფრის უკან არის ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა" - ანუ ესეც ისეა აწყობილი, როგორც მესმის "ტრავიატა", ის მუსიკა, ის არიები, ამ ოპერის მთელი ის წყობა. ვერდი და ვაჟა ერთმანეთსაც კი ჰგვანან იმით, რომ ფესვებს არ მოსწყდნენ, თავიანთ სოფლებში, სახლებში ბრუნდებიან. ერთი შეხედვით მათ გლეხებისგან ვერც განასხვავებ - გლეხებივით ცხოვრობენ და წერენ შედევრებს. ეს პოემებს, ის - ოპერებს. უძლიერესი ვინმეა ვაჟა... ამას წინათ ვფიქრობდი, 54 წლისა გარდაიცვალა და რამდენი რამ მოასწრო. ეს ყველაფერი ხომ ზემოდან მოდის? უფალი გაძლევს რაღაც დროს და ამ დროში უნდა ჩაეტიო. ნურავინ იტყვის, აი, უფრო დიდხანს რომ ყოფილიყო, მეტს შექმნიდა და მოასწრებდაო. არა, ის თავის დროში ჩაეტია, რა დროც ჰქონდა მიცემული და იმ დროში მოასწრო მაქსიმუმი. თან ისეა დაწერილი მისი პოემები, თითქოს თვითონ კი არ წერს, ნაკარნახევია და რაღაც აწერინებს. ეს ზებუნებრივია, მაშ, რა არის...

ადამიანი და კორონა

- თითქოს ამ პანდემიამ ბედნიერება მოუტანა მწერალს, რომ არსად არ უნდა წავიდეს, იჯდეს სახლში და წეროს.

რაც ეს ეპიდემია მძვინვარებს, არაფერიც არ დამიწერია. ჩემთვის გამოსავალი და საშველი არ არის, რომ მან სახლში დამტოვა და ვითომ გამათავისუფლა ყოველდღიური მოვალეობისგან. ისე გამოვიდა, ყველანი ციხეში ვართ გამოკეტილი. გამოკეტვის წინააღმდეგი არ ვიყავი, როცა ვწერდი, ხშირად თვეობით არ გავსულვარ შინიდან, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ როცა მომინდება, გასვლა შემიძლია. როცა თავისუფლებას მიზღუდავენ, ჩემთვის ყველა პრობლემა მაშინ იწყება. ეჭვის ნატამალიც თუ გამიჩნდა, რომ ჩემს თავისუფლებაზე ვიღაც შეტევას აპირებს, იქ ძალიან ცუდი პასუხები მაქვს ხოლმე.

როცა ვხედავ, ამ ჟამიანობისას ამდენი ადამიანი იხოცება, როგორ ხასიათზე უნდა ვიყო? ჟამიანობა მოდიოდა და მიდიოდა, მარტო ანატორის მაგალითი რად ღირს... XXI საუკუნეში, ამ განვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაში, პანდემიამ შეგვახსენა, რომ შენ, ადამიანო, ყველაფრის მფლობელი, ბუნების გვირგვინი არა ხარ, სამკურნალოდ წამალიც ვერ გიშოვია... ღმერთი გიმტკიცებს, რომ უმისოდ არაფერი ხარ. აგერ, დრო უნდა წამლის გამოგონებას, იმასაც, რომ ვაქცინის ავკარგიანობა დაადგინონ. ღმერთმა შეახსენა ადამიანს, მაღალი ტექნოლოგიები კი გამოიგონე, მაგრამ ისეთი არც არაფერი, რითაც შეგიძლია თავი დაიცვაო. ამიტომ ადამიანმა თავისი თავი და ადგილი ზუსტად უნდა გაიაზროს ამ სამყაროში, ესმოდეს, რომ არ არის სამყაროს ცენტრი და შემოქმედი, რაიმეს გარდამქმნელი.

ფიქრად ქცეული კაცი - ოთარ ჭილაძე

- ოთარ ჭილაძე - საქართველოს თანამდევი სული. დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად ახლობელი, ფიქრად ქცეული კაცი... ისევ "ცისკარს" უკავშირდება ჩემი ერთი მოგონება. ჟურნალში პერიოდულად ვბეჭდავდი მწერლებთან ინტერვიუებს. ბატონ ოთარს კითხვები გავუმზადე, ძალიან მინდოდა მისი ინტერვიუ. ის დღედაღამ მუშაობდა, თავისუფალი დრო არც ჰქონდა. ასეთი სიღრმეებით ცოტა ვინმე თუ დაიკვეხნის, წარმოიდგინეთ, რა ძნელია იმის შექმნა, რაც მან დაგვიტოვა. ინტერვიუებს არც იძლეოდა, სად ჰქონდა დრო. დავურეკე და მივედი. ოთარმა თხუთმეტივე შეკითხვას იქვე და მაშინვე უპასუხა. არც დიქტოფონი მაქვს, არც მაწერინებს, მარტო მე მომიყვა და მიპასუხა შეკითხვებზე. გამოვიდა ისეთი ინტერვიუ, რომელიც მარტო მე მომცა და დანარჩენს - არავის. არც ეცალა, რომ თავისი საწერი გადაედო და ვიღაცა მიხო მოსულიშვილის კითხვებს ჩასჯდომოდა და ეწერა. თითქოს არც მაწყენინა, მარტო მე მიპასუხა, ასეთი გამოსავალი იპოვა ბატონმა ოთარმა... არ გეწყინოსო, მითხრა და თავისი წიგნი "მარტის მამალი" მაჩუქა წარწერით. მერე ხშირად ვხვდებოდით ხოლმე. ის მართლაც უფრო ფიქრი იყო, ვიდრე ადამიანი. რამდენი წელია წავიდა, აღარ არის, მაგრამ რა უცნაურია, რომ მისი ლექსები ისევ დაბრუნდა, როგორი პოპულარულია, როგორ უყვართ, მუდმივად მის ლექსებს ატრიალებენ. მის პოეზიას დროსთან ერთად ძალა მოემატა. პოეზიაც ღვინოსავითაა, რაც უფრო ძველდება, უფრო ძვირფასია და ხარისხიანი, ეს საერთო აქვს პოეზიას და ღვინოს, ჰგვანან ერთმანეთს... შეყვარებული ბიჭები გოგონების კედლებზე ტოვებენ ოთარის სტრიქონებს: "შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი" და სხვებს. როცა ლექსი იწერება, თითქოს საზოგადოება ამოწმებს, დრო რომ გადის, აფასებს. შემოქმედებას ადამიანებსა და დროზე ზემოქმედების დიდი ძალა აქვს - 60 წლის წინ დაწერილი ლექსები უყვართ, ხალხში ტრიალებს, შენ აღარ ხარ და შენი ლექსები მაინც ცოცხლობს, ზემოქმედებს ხალხზე...

რეზო ინანიშვილისეული მარტოხე

- რასაც რეზო ქმნიდა, ძალიან შიგნიდან, სულიდან იყო წამოსული. ის პატარა მინიატურები, რაც დაგვიტოვა, ყოველთვის თან დაგყვება. სულ სხვა ხასიათის მწერალი იყო რეზო... როცა კლდიდან ჩამოვვარდი უკანაფშავში და სიკვდილს გადავურჩი, მაშინ მამაჩემმა დაიჟინა, ცხვარი უნდა დავკლა და ვინც გინდა ჩამოიყვანე კახეთშიო. წავედი რეზოსთან, დავპატიჟე და უარი მითხრა, ცუდად ვარ, არ შემიძლიაო. ბოლოს მეუღლესთან ერთად წამომყვა. გომბორის ქედზე ლამაზი ეკლესიაა, იქ ავედით. შემოდგომა იყო, ტყეს ფოთოლი არ ჰქონდა, მუქლურჯი ჩანდა არემარე... რეზო ხალხთან იჯდა და გეგონებოდა, თავის პერსონაჟებთან იყო და მათ ელაპარაკებოდა. საერთოდ არ დაულევია, უბრალოდ, უხაროდა იქ ყოფნა. როცა უკან ვბრუნდებოდით, მითხრა, სიღნაღის გადასახვევთან რომ მარტოხეა, გახსოვსო? კი, როგორ არა, სახელი არ ვიცი, მუხა მგონია-მეთქი. არა, ბერტყენაა, ეგ ადგილი ხომ გახსოვს, შავად მოხნული მინდორი და აი, მანდ უნდა მოვკვდეო. მის მეუღლეს, ქალბატონ როზას, ძალიან ეწყინა და ისეთი თვალებით გადახედა... იცით, ამით რეზომ რა გამოხატა? რომ ეს არის მისი პეიზაჟი, მის მიერ დანახული ისეთი რაღაც, რომელიც თან უნდა წაიყოლოს, სურს თავი დაგამახსოვროს იმასთან კავშირში... ასე მერე ვიფიქრე, თორემ მაშინ კი ვუთხარი, ასე ნუ ამბობთ-მეთქი. სიღნაღის გადასახვევთან მოხნულ მინდორზე მდგარი მარტოხე რაღაცით რეზოს ჰგავს, ძალიან ლამაზი და რეზოსეულია.

რა გინდა, კაცო, მწერალს პარლამენტში?!

- პოლიტიკაში ვართ ყველა, როგორ არა ვართ... მწერლის ადგილი რომელიღაც პარტიასა და პარლამენტში არ არის. როცა ასეა, მერე აღარც მწერალი ხარ და აღარც პოლიტიკოსი, არც იქით ხარ, არც აქეთ. რა გინდა, კაცო, მწერალს პარლამენტში?! მწერალი ცალკე, განზე უნდა იდგეს და იქიდან უყურებდეს პოლიტიკურ პროცესებს. პარტია, რომელიც მოვიდა და გააკეთა ის, რასაც დაგპირდა (რაც იშვიათია ხოლმე), უნდა დააფასო და შეაქო. ხოლო თუ ამ პარტიამ ჯერ თავისი თავი დაღუპა და მერე ამას ქვეყანაც ზედ მიაყოლა, რამე დააზიანა, მწერალმა უნდა გააკრიტიკოს, საჯაროდ თქვას აზრი. ზუსტი შეფასებისთვის, სწორად რომ ხედავდე, პირფერობის გარეშე რომ ელაპარაკებოდე პოლიტიკოსებს, ამისი ზნეობრივი საფუძველი და ძალა უნდა გქონდეს. არც ერთ პარტიაში არ შევდივარ, მაგრამ რაღაც იდიოტობას რომ გააკეთებთ, მე ეს უნდა გითხრათ. დღეს ყველა სფეროში კრიზისია და ზედ დართული პანდემია გვაქვს. ადამიანები ძალიან ცუდ დღეში არიან, მით უმეტეს, მცირე ბიზნესს უჭირს, რომლებიც პატარა რაღაცას აკეთებდნენ და ამით ოჯახებს ინახავდნენ. ახლა კი წარმოიდგინეთ, უარაფროდ დარჩნენ... მთავრობამ ამდენი დახმარება მიიღო და ამ ადამიანებს ხომ უნდა შეხიდებოდა. კარგი, უნდა დავრჩეთ სახლში, მესმის, რომ საჭიროა, დაიწყო შემცირებები და ამანაც საშიმშილოდ გაწირა ჩვენი მოქალაქეები. მთავრობას, რომელსაც ამხელა დახმარება აქვს მიღებული (რა ვიცი, მილიარდებს ასახელებენ), პანდემიასთან საბრძოლველად დიდი თანხები რომაა შემოსული, კარგი იქნებოდა ეთქვა, სად წავიდა ეს თანხები, დაეხმარნენ თუ არა მოსახლეობას, იმ ხალხს, ვისთვისაც იყო განკუთვნილი. რაღაც ვერ მოვკარი ყური, რა გაკეთდა, როგორ კეთდება ან გაკეთდება...

უმძიმესი მდგომარეობა იქმნება ხოლმე იმ ქვეყანაში, სადაც ერთპარტიული პარლამენტია. ეს დიდი უბედურება და კატასტროფაა, საბჭოთა დროსთან მიბრუნება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შედგეს ოპოზიციისა და უმრავლესობის მოლაპარაკება, მათ ქვეყნის ინტერესებზე უნდა იფიქრონ და არა საკუთარ პარტიულ ინტერესებზე. ხალხი ყველაფერს ხედავს და მომდევნო არჩევნებზე ისინი შესაბამის ხმებს იღებენ იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან. ყველა ხელისგულზე ჩანს, ვინ რა არის... არჩევნების სისტემის სრულყოფაა საჭირო, რომ სანდო იყოს, რომ ვერც ერთმა ვერ დაიწყოს ძახილი, გამიყალბეს, გამიყალბესო. ესენი წავლენ, ისინი მოვლენ და ყველამ რომ ასე იძახოს, კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავცვივდებით. ვართ კიდეც... ამ პარლამენტს უკვე პარლამენტი აღარ ჰქვია, რა ვიცი, რა ჰქვია...

"მოპარული ახალი წლის ზღაპარი"

- ახალ წელს ვერავინ მოიპარავს, პანდემია იქნება, ჩემი მუზმუზელა მელია, თუ ვინც უნდა იყოს. ის მაინც მოვა და ადამიანების გულებში მაინც სიხარული და ზეიმი იქნება. ახალი წელი შობასთანაა დაკავშირებული. ისეთი იდუმალებითაა მოცული - მაცხოვარი იბადება და ამას ისეთი დიდი ძალა აქვს, სულ გგონია, ჯადოსნური ამბები მოხდება. სანამ კაცობრიობა იქნება, იმ მადლსა და შობა-ახალ წელს ვერავინ მოიპარავს. შობა და ახალი წელი გადაბმული არიან, მასთან პანდემიაც ვერას გახდება, ადგება და წავა, ალბათ. ადრეც ხომ იყო ჟამიანობა, რომელიც მოდიოდა და მიდიოდა, ოღონდ დრო უნდოდა. ალბათ, ესეც წავა, გადავრჩებით და ვიქნებით... ადამიანი იმისთვის არის შექმნილი, უნდა გადარჩეს.

საქართველომ უნდა შეინარჩუნოს თავისი ტრადიციები და მათი ერთგულებით გადარჩეს, სხვა გზა არ არის. ყველას გისურვებთ საქართველოს გადარჩენას თავისი ტრადიციებიანად და სულიერებიანად, იმ სულიერებით, უცხოელებიც კი სამშობლოსავით რომ აღიქვამენ - უცხოელი რომ ჩამოვა, გაივლ-გამოივლის, რომ დარჩება და ვეღარ მიდის, ისე მოსწონს ეს ურთიერთობები... დიდი სულიერება შეენარჩუნებინოს საქართველოს, რამაც ის დღემდე მოიყვანა. ამას ვუსურვებ ჩემს ქვეყანასაც და ჩემს თავსაც. გუშინდელი და ორი საუკუნის წინანდელი ერი ხომ არა ვართ, უძველესი ხალხი ვართ და ის, რაც საუკუნეებია მოგვყვება, გადარჩენა, შენახვა, მოვლა და გაფრთხილება უნდა, ამის ერთგულება გვქონოდეს!