"ასეთი დათრგუნვილი აფხაზები არ მახსოვს... სოფლიდან გავრბოდით და ასე მეგონა, კიდევ ერთხელ ვხდებოდით დევნილები" - კვირის პალიტრა

"ასეთი დათრგუნვილი აფხაზები არ მახსოვს... სოფლიდან გავრბოდით და ასე მეგონა, კიდევ ერთხელ ვხდებოდით დევნილები"

ცეცხლი რამდენიმე დღეს მძვინვარებდა აგუძერის დასახლებაში. მეხანძრეები ცდილობდნენ ჩაქრობას, მაგრამ სანამ იქაურობა არ გადახრიოკდა და ხალხმა თავად არ ჩააქრო, ვერაფერი მოუხერხეს. მეხანძრეებიც ჩვენსავით შიშველი ხელებით ებრძოდნენ ხანძარს, ზოგიერთს ჩაფხუტიც არ ეხურა და თავზე სველ ნაჭერს იხვევდნენ

კალის რაიონში წლის ბოლოს გაჩენილი ხანძრის შედეგად ე.წ. დაბალ ზონაში რამდენიმე სახლი, თხილისა და ციტრუსის პლანტაციები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ტყის მასივები განადგურდა. როგორც გალელები ამბობენ, 5 იანვრის საღამოდან, ცეცხლის კერები ისევ გაჩნდა და სხვადასხვა სოფელს, მათ შორის სიდას, რეფს, ზემო ბარღებსა და ნაბაკევს მიუახლოვდა. მედია ავრცელებდა ინფორმაციას, ხელისუფლების მითითებით ამ სოფლებიდან მოსახლეობა გაიყვანესო, თუმცა გაირკვა, რომ მათ არათუ სოფლები დატოვეს, თავად ებრძოდნენ ცეცხლს და როცა ხანძარი ქარმა დასახლებული პუნქტებისკენ წაიღო, მხოლოდ მაშინ დროებით გაერიდნენ იქაურობას.

ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა უნალექო ამინდი და ძლიერი ქარი, რომელიც იმ დღეებში მთელ დასავლეთ საქართველოში ქროდა. გალის გარდა, ხანძრის კერები იყო გუდაუთისა და გაგრის რაიონებშიც. ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ყველგან ლოკალიზებულია, რასაც (7 იანვრის მონაცემებით) მოსახლეობა არ ადასტურებს - ხანძარი რამდენიმე ადგილას თავისით ჩაქრა, მაგრამ ზოგ ადგილას ისევ მძვინვარებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქართულმამხარემ შექმნილი ცხელი ხაზის მეშვეობით აფხაზეთის ე.წ. მთავრობას ხანძართან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა, თუმცა აფხაზური მხარის პასუხი ცნობილი არ არის.

"კვირის პალიტრა" ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე მცხოვრებს დაუკავშირდა:

გული, გაგრა:

- ხანძრები შემთხვევით არ გაჩენილა. მე აქაურობა ომის შემდეგაც არ დამიტოვებია და ასეთი დათრგუნვილი აფხაზები არ მახსოვს. გაგრაში უამრავი რამ დააზიანა ხანძარმა. ქალაქში ახლაც კვამლია, აქა-იქ ალიც მოჩანს. ენგური-ფსოუს ტრასის გაყოლებაზე ხანძარი ჯერაც არ ჩაუქრიათ.

ნანა ყოლბაია, საბერიო:

- მედია ირწმუნებოდა, გალში ხანძარი ზუგდიდის მოსაზღვრე სოფლებიდან გავრცელდაო, შემდეგ, სამეურნეო ნარჩენების არასწორად დაწვის შედეგიაო, მაგრამ არ გვჯერა. ასე ყველგან, ამდენ ადგილას ერთდროულად წვავდნენ ნარჩენებს? 600 ჰექტარზე მეტი მიწა გადაიბუგა. ჩვენს სოფელში სამი სახლი დაიწვა, ყველგან კვამლი იდგა, ცეცხლის ალყაში ვიყავით და მივხვდით, რომ თავისთვის უნდა გვეშველა, რაც ხელში მოგვყვა, დავავლეთ ხელი და მთას მივაშურეთ. ჩემი სოფელი ისედაც მთიანია და მეგონა, ხანძარი ვერ ამოაღწევდა. არადა, გზიდანვე დავინახეთ, რომ თხილის პლანტაციებს ცეცხლი ეკიდა. ჩემს მეუღლეს გულმა ვერ გაუძლო და სოფელში დაბრუნდა. ჩვენი სახლი შემაღლებულზეა, გარშემო ხეები არ დგას და, ალბათ, ამიტომ გადარჩა. საქონელი სახლში არ შემოგვიყვანია, გვეშინოდა, რომ ცეცხლი სადგომსაც წაეკიდებოდა. აქ ხალხი სეზონური შემოსავლითა და მესაქონლეობით ირჩენს თავს. ამ დამწვარ მიწაზე რა გაიხარებს, არ ვიცი.

ილია, გალი:

- ასე ერთდროულად მთელ აფხაზეთში როგორ გაჩნდა ცეცხლი? ხანძარი იყო გაგრის სანატორიუმ "მოსკოვშიც", ცეცხლი გავრცელდა გაგრის სოფელ განთიადში, ლამის საუკუნოვანი კვიპაროსები, ნაძვები და ტროპიკული ხეები დაიწვა. დამწვარია ახალი ათონის ტყეების დიდი ნაწილიც. ქართან ერთად, ცეცხლი იმანაც გააძლიერა, რომ სახანძრო მანქანები გამართულად ვერ მუშაობენ, არ ჰყოფნით წყალი, მეხანძრეებს ჩვეულებრივი ფეხსაცმელი და ქურთუკები აცვიათ. ასეთი აღჭურვილობით დაბალი ხანძრის ჩაქრობაზეც ვერ მუშაობენ, ეშინიათ. არაერთხელ დაუშავდათ თანამშრომელი, საწყლები ისე დაითხოვეს სამსახურიდან, არაფრით დაეხმარნენ. არ მჯერა, რომ გალის 10 სოფელში, გაგრაში, ტყვარჩელსა თუ გუდაუთაში, ყველგან ერთდროულად წვავდნენ ნარჩენებს. რა თქმა უნდა, ამ საქმეს არავინ გამოიძიებს, აქ ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ...

ხანძარს ჩვენც ვაქრობდით, ნაჯახებით, წალდებით, ბარებით გამოვცვივდით, მიწასა და ქვიშას ვაყრიდით ცეცხლს, წყალს ვასხამდით პატარა კერებს.

რამდენიმე კვირაა არ უწვიმია და ყველაფერი გამომშრალია. მთავარი იყო სახლს არ მოსდებოდა და გარშემო დამცავი მიწაყრილით გავმიჯნეთ, დაიწვა ციტრუსისა და თხილის პლანტაციები. ათივე სოფელში ხალხს სეზონური შემოსავლის 50% გაუნადგურდა. ამ კორონავირუსის გამო ისედაც დიდი გაჭირვებაა და ახლა ეს შემოსავალიც დაგვეკარგა. არავინ იცის, ხვალ რა იქნება...

ლია, გალი:

- დედაჩემის სოფელში ცეცხლი ბობოქრობდა. ჩვენით დავტოვეთ აქაურობა. მხოლოდ საბუთების და ალბომების წაღება მოვასწარი. გარშემო კვამლი იყო და მეშინოდა, გზა არ აგვრეოდა, ორი მოხუცი მყავს სახლში და ძლივს გამოვიყვანეთ. გზადაგზა ხალხი შემოგვხვდა, ზურგზე ჩანთები ჰქონდათ მოკიდებული. სოფელს ვტოვებდით და ასე მეგონა, კიდევ ერთხელ ვხდებოდით დევნილები. ამ სიხშირის და სიდიდის ხანძარი არასდროს ყოფილა. ზემო ბარღებში მამაჩემის სახლი, რომელიც ომის შემდგომ სამჯერ აღვადგინეთ, ერთიანად დაიწვა, გადამწვარია ბეღელი და ბოსელიც. სხვებსაც უამრავი რამ დაუზიანდათ.

აფხაზი ხელმძღვანელობა ამბობს, საგაზაფხულო სამუშაოების გამო გაჩნდა ხანძარიო. ყოველ წელს ვწმენდთ აქაურობას და რაღა წელს იფეთქა ყველგან ერთდროულად?.. რაღაცაშია საქმე. ჩემი მშობლების სოფელში დამწვარია თხილისა და ციტრუსის პლანტაციები, სიმინდის ყანები, რამდენიმე სახლი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები.

ავთო, გალის ერთ-ერთი სოფელი:

- აფხაზეთის "ხელმძღვანელობას" რუსების იმედი ჰქონდა, ვერტმფრენებით დაგვეხმარებიანო, მაგრამ მათ ბაზებს არ შეხებია და თავი არც შეიწუხეს.

ადგილობრივები ამბობენ, დიდი ხანია რუსებმა ეს ტერიტორიები თავიანთი ბაზებისთვის დაიგულესო, აფხაზურ "ხელისუფლებას" დიდი ფული აქვს აღებული, ამიტომაც ხანძრების ჩაქრობაზე არც კი უზრუნიათ. სახანძრო მანქანებში საკმარისი წყალი არ ჰქონიათ და წარამარა მიდიოდნენ მოსატანად. ჩემს სოფელში სამი სახლი დაიწვა. კიდევ კარგი, არავინ დაშავებულა.

ცეცხლი რამდენიმე დღეს მძვინვარებდა აგუძერის დასახლებაში. მეხანძრეები ცდილობდნენ ჩაქრობას, მაგრამ სანამ იქაურობა არ გადახრიოკდა, ვერაფერი მოუხერხეს. მეხანძრეებიც ჩვენსავით შიშველი ხელებით ებრძოდნენ ხანძარს, ზოგიერთს ჩაფხუტიც არ ეხურა და თავზე სველ ნაჭერს იხვევდნენ. გვითხრეს, სოხუმიდან ერთი ეკიპაჟი მოვიდაო და იმედი მოგვეცა, მაგრამ დიდი არაფერი, მაშინვე უკან გამოვიდნენ, ცეცხლი შემცირდა და დანარჩენს თქვენ მიხედეთო, დაგვიბარეს.

ნანა, გალი:

- "კოვიდ-19"-მა ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა, ქართული მხარისკენ გზა ჩაკეტილია, ხალხი აქეთ მუშაობდა, ვაჭრობდა, რაღაცას ცდილობდნენ... ბოლო ერთი წელია, ენგურის ჩაკეტვის შემდეგ, იზოლაციაში აღმოვჩნდით. ისედაც ძლივს ვუმკლავდებით აქაურ გაუსაძლის პირობებს და ახლა ხანძარმა მოგვიღო ბოლო. ის ხალხი სად უნდა წავიდეს, ვისაც სახლ-კარი და სარჩო-საბადებელი დაეწვა, ერთბაშად კომპენსაცია არ მისცენ. ცუდად დაიწყო ეს წელი.

"ბევრი ეჭვობს, რომ ეს განზრახ ქმედების შედეგია"

ამირან სალუქვაძე, სამხედრო ექსპერტი:

- ასეთ მოკლე ვადაში ერთდროულად რამდენიმე ასეული ხანძრის კერის გაჩენა ეჭვსა და კითხვებს ბადებს. ახლა არ არის ისეთი კლიმატური პირობები, რაც ცეცხლის გაჩენას შეუწყობს ხელს. ყინვის დროს კი არა, ზაფხულში არ ყოფილა ამდენი ხანძარი ერთდროულად. ბორჯომის ტყის ხანძარი ყველაზე მასშტაბური იყო. მაშინ იმდენად მოუმზადებელი აღმოვჩნდით, მეზობელ ქვეყნებს ვთხოვეთ დახმარება. ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეისყიდა აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებისთვის, შემდგომ სხვა საკითხებიც მოგვარდა და ჯერჯერობით დამოუკიდებლად ვართმევთ თავს, რისთვისაც მეხანძრე-მაშველებს მადლობა ეკუთვნით.

ქარის დროს ხანძრის ჩაქრობა ძალიან საშიშია, განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში. ამ დროს ხანძრის მიმართულების ამოცნობა თითქმის შეუძლებელია. ეს საფრთხეს უქმნის მეხანძრე-მაშველებს. ამ ახალი წლისა და შობის დღეებში მეხანძრე-მაშველები ყველაფერს მოწყვეტილი არიან და ძალზე სახიფათო საქმეს, ტყის ხანძრებს არიან შეჭიდებული.

- რა ვერსიებზე შეიძლება ვიმსჯელოთ? - ბორჯომის ტყის ხანძარი შემთხვევით არ მიხსენებია. იმ ზაფხულს 40 გრადუსამდე იყო ტემპერატურა და ამის მესამედი ხანძარიც არ ყოფილა. რამდენიმე კერა იყო რეგიონებში, მათ შორის თბილისში და მაშინ განზრახ ქმედების ეჭვი გაუჩნდათ სპეციალისტებს. მისმა მასშტაბურობამ გადააჭარბა ტყის ხანძრებს ამერიკაში, ესპანეთში, კანადაში, რუსეთში, ავსტრალიაში. გავიხსენოთ "დედამიწის ფილტვების", ამაზონის ტყეების ხანძარიც.

ყველა ამ ქვეყანაში იყო ცეცხლის გაჩენის ვერსიები, თუმცა სოციალურ ქსელებში მსჯელობით სიმართლე ვერ გაირკვევა. ვერსია კი სხვადასხვაგვარია. ერთის მიხედვით, ხანძრის გაჩენის საშუალებად პნევმატურ იარაღს ასახელებენ, თუმცა არა მგონია, ის რომელიმე ქვეყანაში ისე იყოს განვითარებული, ცეცხლის გაჩენა შეიძლებოდეს. ზოგი განზრახ ავრცელებს არასანდო, პოლიტიკურად მომგებიან ინფორმაციას. განსაზღვრულ პოლიტიკურ ძალასაც აბრალებენ, რაც მათი ავტორიტეტის დამსახურებაა.

ხანძრის გამოძიება ძალზე ძნელი საქმეა, თუმცა, თუ მავნებლობა იყო, ადვილად გამოსაძიებელია. საქართველო არ არის ისეთი დიდი ქვეყანა, რომ რაიმე ინფორმაცია არ გავრცელდეს. თუ ვინმე დააკავეს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება და ეს ლაქა მას კი არა, მის ოჯახსა და წრეს გაჰყვება. შსს-ს განცხადებით, ეს ადამიანის დაუდევრობის შედეგია. დაუჯერებელია, რომ ყველას ახლა მოუნდა დაუდევრად მოქცევა, თანაც ერთ დღე-ღამეში. თუ საგამოძიებო უწყებებს ხელჩასაჭიდი არაფერი ექნებათ, ძნელია ვერსიებით საუბარი. თუ კვალს მიაგნებენ, მაშინ მიზეზებიც დადგინდება. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც გვეცოდინება, ეს სპეცოპერაცია იყო თუ სხვა რამ. არც საზოგადოებას სჯერა, რომ ხანძრები კლიმატური პირობების გამო გაჩნდა. ბევრი ეჭვობს, რომ ეს განზრახ ქმედების შედეგია.

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ადგილებზე ექსპერტები იმუშავებენ და მიზეზებსაც შეისწავლიან - ნარჩენებისთვის წაკიდებული ცეცხლიდან გავრცელდა ხანძარი, კოცონი დაანთეს თუ პიროტექნიკით გააჩინეს ცეცხლი.

თუმცა საზოგადოებას რატომღაც ხანძრის ჩაქრობის შემდეგ აღარ გვაინტერესებს შედეგი, არასდროს დავინტერესებულვართ, რა გამოიკვეთა, ყველაფერს პოლიტიკური პროცესები ფარავს. არადა, როცა განზრახ სპეცოპერაცია ვახსენე, თუ მართლა ასეა, ისინი ასეთი დამოკიდებულებით ნამდვილად სარგებლობენ.