"რუსეთის მტერს დასის ხელმძღვანელად არ წაიყვანდნენ... ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან და თავიანთ სამშობლოში ბრუნდებიან" - კვირის პალიტრა

"რუსეთის მტერს დასის ხელმძღვანელად არ წაიყვანდნენ... ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან და თავიანთ სამშობლოში ბრუნდებიან"

მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი პრიმა - ბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს, რამაც ქართველ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია, "რადიო თავისუფლებამ" ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს.

თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ კოლექტივისთვის ხელმძღვანელის ოფიციალურ წარდგენამდე მისი ვინაობის გამხელა დასის უკიდურესი უპატივცემლობაა. "მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში. თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გახმაურება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა, ამიტომ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის ამოქმედება ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე","- ნათქვამია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გააგრძელებს თუ არა ზემოაღნიშნული თეატრი ქართველ პრიმა-ბალერინასთან კონტრაქტს, ჯერ უცნობია, თუმცა ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრა" ხელოვნების სფეროს რამდენიმე ცნობილ სახეს დაუკავშირდა.

"რუსეთის მტერს დასის ხელმძღვანელად არ წაიყვანდნენ"

გიორგი გურგულია, მსახიობი: - ნინო ანანიაშვილის მეუღლე ფიზიკოსი იყო და მუშაობდა კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში, კა-გე-ბეს გარეშე კი შეუძლებელია, მანდ ვინმემ მიგაკაროს. მე არ მჯერა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც ის გახლდათ წლების განმავლობაში, პროდასავლურია. მგონია, რომ ყველაფერი, რაც აკეთეს, რუსებისთვის აკეთეს, ოღონდ პროდასავლურებს თამაშობენ. ამიტომ არ მიკვირს, რომ ისევ რუსეთში მიდიან.

თუ აქ სამუშაო არა აქვს ხელოვანს და სხვაგან სთავაზობენ, შეიძლება წავიდეს და იმუშაოს, ისიც დროებით, მაგრამ დასის ხელმძღვანელად?.. შეიძლება ფილმში გადაგიღონ, რაღაც პროექტში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ასე წახვიდე და დასს უხელმძღვანელო?!.. რუსეთის მტერს დასის ხელმძღვანელად არ წაიყვანდნენ... მე ვთვლი, რომ ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან და თავიანთ სამშობლოში ბრუნდებიან.

"რატომ არავის ახსენდება, ანანიაშვილს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წართმევა რომ უნდოდა ბავშვებისთვის"

ირმა სოხაძე, მომღერალი: - არ მესმის, რატომ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილებამ. მე ნინოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც შესანიშნავ ბალერინას, რომელსაც აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. რაც შეეხება მის მეუღლეს, იყო დრო, ლამის მეგობრები დავკარგე, როდესაც ვთქვი, რომ ეს ადამიანი გასაიდუმლოებულ თანამდებობებზეა ნამუშევარი და აუცილებლად ექნება კა-გე-ბესთან კავშირში. მაშინ ბევრმა ლამის გამლანძღა. გრიგოლ ვაშაძეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მე მგონი, სანამ თვითონ რუსეთმა არ უთხრა უარი, რუსული პასპორტი ჰქონდა. ეს არ იყო სალაპარაკო და ახლა იმაზე ლაპარაკობენ, რომ შემოქმედებითი ადამიანი, რომელიც სავსეა იდეებით, მიდის, რადგან აქ გაჩერებულია ყველაფერი?!.. ნოვოსიბირსკში კი არა, სადაც უნდა იქ იცეკვოს და დადგას სპექტაკლები. რატომ არის ეს გასაკვირი?! მით უფრო, რომ გრიგოლ ვაშაძის მეუღლეა. რატომ არავის ახსენდება, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წართმევა რომ უნდოდათ ბავშვებისთვის, ვითომ ქორეოგრაფიული სასწავლებლისთვის?! მე არც პიონერთა სასახლის აღზრდილი ვარ და არც მიმუშავია იქ არასდროს, მაგრამ ვიცი, რამდენი სიკეთე კეთდებოდა იმ შენობაში. ნინო იქ მაინც ვერ დაფუძნდებოდა - უაზრობა იქნებოდა ამ შენობაში ქორეოგრაფიული სასწავლებლის გახსნა. კიდევ კარგი, ყველაფერი კეთილად დამთავრდა - სასახლე ბავშვებს დარჩათ.

გრიგოლ ვაშაძე ოდითგან იყო რუსეთის მოქალაქე და რუსების მოყვარული. მეც მიყვარს რუსული ლიტერატურაც და მუსიკაც, ჩაიკოვსკიზეც ვგიჟდები და დოსტოევსკიზეც, მაგრამ ეს არ არის მთავარი. დღეს ვეღარ ვიხედები იქით იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩემს სამშობლოს, ქალბატონმა ნინომ კი თვითონ თქვა, რომ არის რუსეთის ბალერინა. იქ დაიბადა, იმ წიაღში. 2016 წლის თებერვალში მან მოსკოვში თავისი პედაგოგის, გამოჩენილი ბალერინას, რაისა სტრუჩკოვას საღამოს გამართვაში მიიღო მონაწილეობა და ამაზეც ერთი ამბავი ატყდა. როგორ, პედაგოგს არ უნდა გაუმართო საღამო? დედა რომ რუსი გყავდეს და რუსეთმა დაგიპყროს, დედას დაბადების დღე აღარ უნდა მიულოცო? შეიძლება ქალბატონ ნინოს ბევრი შეცდომა დაუშვია, რომლებიც ვაპატიეთ, რადგან ძალიან გვიყვარს როგორც ხელოვანი, მაგრამ მის ახლანდელ გადაწყვეტილებას მოულოდნელად და მიუღებლად ვერ მივიჩნევ, რადგან ის ხელოვანია და არც მისი მეუღლე ყოფილა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი!