"გაფუჭებული" თუთიყუშები - კვირის პალიტრა

"გაფუჭებული" თუთიყუშები

ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის ველური ბუნების პარკი მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი დაწესებულებაა ინგლისში. მასში შედის 95 ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობია 8 520 ჰა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 25 ათასზე მეტია. მის ზოოპარკებში მოქმედებს 5 სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო პანდემიისა და კარანტინის გამო მოქალაქეებს შეუძლიათ აქ დროებით მიაბარონ თავიანთი ეგზოტიკური შინაური ცხოველები.

ბოლო თვეებში დამთვალიერებლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა აფრიკულმა მწვანე თუთიყუშმა ჩიკომ, რომელმაც ბიონსეს სიმღერა "მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი" (If I Were A Boy) კარგად ისწავლა. მის შესახებ დაიწერა პრესაშიც, მომზადდა გადაცემა, ხოლო თუთიყუშის ვოლიერთან მუდამ ხალხმრავლობა იყო. ამიტომ, როცა პარკის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკოლსმა ერთ მშვენიერ დღეს გინება გაიგონა, ჩათვალა, ალბათ, ჩიკოს ვოლიერთან შეკრებილი თანამშრომლები არიანო. ამბის გასაგებად მისულმა კი დაინახა, რომ ერთმანეთს უშვერად აგინებდნენ... დამთვალიერებლები და თუთიყუშები.

მრავალსართულიანი ლანძღვა-გინების კორიანტელისა და მხიარულების მიზეზი აღმოჩნდა კარანტინის დღეებში დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა რეგიონიდან დროებით მიბარებული ჟაკოს სახეობის ხუთი აფრიკული რუხი თუთიყუში - ბილი, ელსი, ერიკი, ჯეიდი და ტაისონი. როგორც გაირკვა, მათმა პატრონებმა ისინი პარკს გასული წლის აგვისტოში გადასცეს. ხუთივე 20-მდე სხვადასხვა სახეობის თუთიყუშთან ერთად ცხოვრობდა, რომლებიც იმავე პერიოდში მოიყვანეს და გარკვეული დრო გაატარეს საკარანტინოში. ჟაკოები თავიდან სხვებივით "კარგად იქცეოდნენ", ამიტომ თანამშრომლებს ეგონათ, რომ მათი კარანტინიდან გამოყვანა შეიძლებოდა და ისინი ერთ სივრცეში მოათავსეს.

თურმე ჟაკოებს აქვთ გამორჩეული ბგერათმბაძველობის უნარი და გუნდებად გაერთიანება სჩვევიათ. ამიტომაც, როცა ერთ ვოლიერში თავი ხუთმა ავყია თუთიყუშმა მოიყარა, უკვე ათვისებული სალანძღავი სიტყვების მარაგი ერთმანეთთან ურთიერთობით ადვილად გაიმდიდრეს. არადა, ნიკოლსის თქმით, თითოეული ჟაკოს პატრონმა ბოდიში მოიხადა, რომ მათი ოჯახის ეგზოტიკურ წევრს შესაძლოა "მხოლოდ რამდენიმე" ცუდი სიტყვა სცოდნოდა...

მომვლელები იმედოვნებდნენ, რომ დროთა განმავლობაში ფრინველებს გინებას გადააჩვევდნენ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და როცა კარანტინის გაუქმების შემდეგ პარკი კვლავ გაიხსნა, თუთიყუშებმა სულ უფრო უცენზურო სიტყვებით დაუწყეს შემკობა მომვლელებსა და დამთვალიერებლებს. ეს ძალიან ამხიარულებდა ზოოპარკის სტუმრებს, რაც თუთიყუშებზე წამაქეზებლად მოქმედებდა. მეტიც - ნიჭიერმა ფრინველებმა ადამიანების ემოციების მიბაძვაც ისწავლეს და ერთმანეთის უწმაწურ ფრაზებზე დაიწყეს სიცილი. მათ შორის ყველაზე ნიჭიერი და ამრევი უეჭველად ელსია, თუმცა თავად ამას "არ ეთანხმება" და ამბობს, რომ "ბილი ყველაზე ცუდია..."

ამ ყველაფერს შედეგად ის მოჰყვა, რომ ბიონსეს მიმბაძველი საბრალო მომღერალი ჩიკო თითქმის მიივიწყეს, ხოლო ჟაკოების ვოლიერთან მუდამ დიდი აჟიოტაჟი იყო. ადმინისტრაცია საგონებელში ჩავარდა, რადგან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, მალე პარკს ბავშვები ეწვევიან. ამიტომ "გაფუჭებული" ჟაკოები ისეთ ადგილზე მოათავსეს, საიდანაც ისინი მნახველებს ხმას ვეღარ მიაწვდენენ. ნიკოლსის განმარტებით, ვერაფრით მოიფიქრეს, რა გზას დაადგნენ. ადმინისტრაციას დიდი იმედი არა აქვს, რომ "დროებით დაპატიმრებული" ბინადრები მავნე ჩვევას მოიშლიან - ახლა მთავარია, მათ სხვა თუთიყუშებიც არ "გააფუჭონ"...

რამაზ გურგენიძე