"...და ქალი" "დიდ ქალაქში" - კვირის პალიტრა

"...და ქალი" "დიდ ქალაქში"

სამნი არიან და სამივენი სხვადასხვა. რამდენიმე თვეა ხშირად ვხედავ ერთად. ზოგჯერ ოფისის კიბის უჯრედში დგანან წუთშესვენებაზე... წუთშესვენებას ვამბობ, თორემ იქაც არ ისვენებენ... ჟურნალზე საუბრობენ.

ჟურნალს "...და ქალი" ჰქვია. როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. სამყარო და ქალი თუ ქალი, რომელიც დაქალია. ჰოდა, თუ დაქალობას ეხება საქმე, დაღლა რა მოსატანია. ქალი - მით უმეტეს, ამოუწურავი თემაა. ეგრე რომ არ იყოს, ხელოვანთათვის მთავარი მუზა ქალი არ იქნებოდა... ჯერ მარტო მხატვრობაში რამდენი შედევრი შექმნილა! სწორედ ამიტომ ჟურნალ "და ქალის" გარეკანზევე უმეტესად ხედავთ შედევრებს, გუსტავ კლიმტს, ლადო გუდიაშვილს, ედგარ დეგას...

მთავარი არ დამავიწყდეს: იმ სამი ქალის შესახებაც გითხრათ ორიოდე სიტყვა, რომლებმაც ჟურნალის გამოცემის იდეა საქმედ აქციეს. ისინი ძალიან ბევრი თქვენგანისათვის უკვე ახლობლებად იქცნენ...  "...და ქალის" სამი მთავარი ქალი - მარიკა დარჩია, ლელა მოდებაძე და ნინო ტურაშვილია...  სწორედ ეს არის საინტერესო, რომ სამივე ერთად ქმნის ჟურნალს ქალებისათვის, რომლებსაც ბევრი რამ განასხვავებს ერთმანეთისაგან:

ხასიათი და სოციალური მდგომარეობა, პირადი ცხოვრება და ასაკი... თუ ძალიან გინდათ, მათთან ერთად ხან დიდ სუფრას შემოუსხდებით, ხან კარნავალზე წახვალთ. ზოგჯერ სალონში შეიხედავთ, ზოგჯერ აფთიაქშიც კი. ილაპარაკებთ ჰოროსკოპებსა და სასარგებლო რჩევებზე, თავს ჩარგავთ კალენდარში, სადაც თვის ყველა დღეა გათვლილი, როდის ჯობია თმის შეჭრა, როდის - შეღებვა ან სახის კანის გაწმენდა. ყველა რეცეპტს თავისი მისამართი და ძველი ოხშივარი მოსდევს... ასეთი განსაკუთრებულია ყველა გვერდი...

თუ მხოლოდ ქალურ აზრთა გაცვლა-გამოცვლა არ გაკმაყოფილებთ, მამაკაცის კომპეტენტურ რუბრიკასაც გთავაზობენ. აქ "უცხოპლანეტელი" მამაკაცები გესაუბრებიან...

ვინ იცის, მამაკაცებს როგორი ინტერესით მოუწევთ გული ამ ჟურნალისაკენ... ჩვენს - ქალების პლანეტაზე ხომ იმდენი საინტერესო რამ ხდება!

ბევრი გეგმა აქვთ, განსხვავებული აზრი, მალევე გაჩნდა კიდევ ერთი იდეაც... თანაც ვიღაცამ "...და ქალსაც" გადაულაპარაკა, სიამოვნებით წავიკითხავდი, ოღონდ ქართულადო... დაქალი რისი დაქალია, "პალიტრა L"-ის მეგობრობაც გამოიყენა, დატრიალდნენ,  დარეკეს, მოიპოვეს, ათარგმნინეს... ჰოდა, ამიერიდან ყოველ თვეში ჟურნალ "...და ქალთან" ერთად მსოფლიო ქალებისა (და არა მარტო ქალების) რჩეულ წიგნებსაც მიიღებენ მკითხველები.

მაგალითად, მსოფლიო ბესტსელერს, კენდეს ბუშნელის "სექსი დიდ ქალაქში", რომლის მიხედვითაც ამავე სახელწოდების ცნობილი სერიალი გადაიღეს. ეს წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპასა და ამერიკაში.

ჟურნალი "...და ქალი" მეხუთე ნომრის გამოსვლას პრეზენტაციით შეხვდება და მაისის ნომერს წიგნთან ერთად მიიღებს მკითხველი.

KvirisPalitra.Geკენდეს ბუშნელის ბესტსელერი

კენდეს ბუშნელი 1956 წლის 1-ელ დეკემბერს დაიბადა ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქ გლასტონბერიში. ჯერ ტეხასში, რაისის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ ნიუ-იორკში გააგრძელა სწავლა. სწორედ აქ დაიწყო ბოჰემური ცხოვრება და წერა ჟურნალში "აეთ".

1997 წელს თავისი სტატიების საფუძველზე კენდეს ბუშნელმა გამოაქვეყნა წიგნი "სექსი დიდ ქალაქში".

წიგნით დაინტერესდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაიწყო სერიალის გადაღება დარენ სტარმა. სერიალმა უდიდესი წარმატება მოიპოვა, მიიღო "ემის" პრემია, წიგნი კი ბესტსელერად იქცა.

2001 წელს გამოვიდა კენდეს ბუშნელის მეორე წიგნი "ოთხი ქერათმიანი ქალი", 2003 წელს კი კიდევ ერთი ახალი წიგნი "ყველანი გასაყიდად".