"ივანიშვილი არც პირველად წასულა და არც მეორედ მოსულა... ჩვენ მაგათ სულელები ხომ არ ვგონივართ?" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი არც პირველად წასულა და არც მეორედ მოსულა... ჩვენ მაგათ სულელები ხომ არ ვგონივართ?"

"ალბათ, დასვენება უნდა ადამიანს. კიდევ დიდხანს გაუძლო ამდენ უმადურობას, ტალახის სროლას და ოჯახის შეურაცხყოფას"

"მიმაჩნია, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულიად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე - საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, ცხოვრების წესს ვუბრუნდები... პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი" - ეს ერთი, მცირე მონაკვეთია იმ ვრცელი წერილისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან წამოსვლისას დატოვა. უკვე მეორედ, პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების განსჯის მთავარი საგანი სწორედ ეს წერილია. ზოგიერთის ვერსიით, ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან და პოლიტიკიდან მხოლოდ ფორმალურად წავიდა და ის ძველებურად შეინარჩუნებს გავლენებს, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ იგი პოლიტიკიდან ნამდვილად წავიდა, რადგან პასუხისმგებლობას გაერიდა. პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ვერსიები ამით არ ამოიწურება, თუმცა ჩვენ ამჯერად იმ ადამიანების პოზიციებით დავინტერესდით, რომლებიც ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმოადგენენ.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- ბიძინა ივანიშვილმა თეოლოგიური სწავლებაც კი თავდაყირა დააყენა. აქამდე ჩვენ მხოლოდ "მეორედ მოსვლა" ვიცოდით, ივანიშვილმა "მეორედ წასვლაც" დაგვანახვა. ეს ხუმრობით... ისე, სად მიდის? არსად წამსვლელი არ არის. ისევ ისე გააგრძელებს მართვას, უბრალოდ, არ უნდა ამ ყველაფერს ფორმალური სახე ჰქონდეს. მსოფლიოში ოლიგარქების მიმართ დამოკიდებულება იცვლება, მან ეს იცის და ცდილობს, დაიმალოს. ის არც პირველად წასულა და არც მეორედ მოსულა. რაც მოვიდა, იმის მერე სულ აქ არის, იყო და სადამდეც შეძლებს, დარჩება რეალურ მმართველად და ბოლომდე ამოხდის სულს ამ საწყალ ხალხს.

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- მე ყოველთვის ვაძლევ კრედიტს იმ ადამიანს თუ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მხარს ვუჭერ. "ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამო არ მიმიცია ხმა, თუმცა ის ნამდვილად ბევრი რამის გარანტი იყო. მჯერა, რომ იგი გააგრძლებს გარანტად ყოფნას, საქართველოდან არსად წავა, ყოველთვის დარჩება 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ ქველმოქმედად. ივანიშვილმა თქვა, როდესაც ჭიქა წყლით მაქვს სავსე და გადმოდის, რატომ არ უნდა გავუნაწილო სხვასო?! ის არის ყველაზე გულწრფელი ქველმოქმედი, რომელიც მართლა უანგაროდ ეხმარებოდა ხალხს, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა. ჯარს, პოლიციას ჩააცვა და დაახურა, ყველაფერს ის აკეთებდა რასაც მერე უტიფარი სააკაშვილი საკუთარ თავზე იბრალებდა. დიდხანს იყო ჩრდილში, მაგრამ ზურაბ ჟვანიას მკვლელობამ, 7 ნოემბრის ტრაგედიამ მისი მოთმინების ფიალა აავსო და დაუსვა კიდეც წერტილი სააკაშვილის მმართველობას. თუმცა წერტილი არ დაუსვია საქართველოსთვის - აგრძელებდა ქველმოქმედებას, ქვეყნის აღმშენებლობას... ახლა, თუ საჭიროდ მიიჩნია წასვლა, მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ალბათ, დასვენება უნდა ადამიანს. კიდევ დიდხანს გაუძლო ამდენ უმადურობას, ტალახის სროლას და ოჯახის შეურაცხყოფას. ყველაფრის მიუხედავად, მგონია, რომ ქველმოქმედებას ისევ გააგძელებს. რაც შეეხება პოლიტიკას, ახალგაზრდებმა, ვისაც ივანიშვილმა ასპარეზი დაუტოვა, კეთილი ინებონ და გვაჩვენონ, ვის რისი გაკეთება შეუძლია.

გივი სიხარულიძე, მსახიობი:

- მე არასდროს ვყოფილვარ მისი ამომრჩეველი, არასდროს მიმიღია მონაწილეობა არჩევნებში და არც არასდროს მივიღებ იმიტომ, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის არ მჯერა, არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის. ეგენი, ყველა ერთად, არიან ჩემი ქვეყნის მტრები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობენ, სხვა საფიქრალი მაგათ არ აქვთ, ქვეყანა სულ ფეხებზე ჰკიდიათ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ხომ ამბობს ყველა, წავიდაო. არსადაც არ წავიდა, სწორედაც რომ ახლა მოვიდა. ჩვენ მაგათ სულელები ხომ არ ვგონივართ? ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთში არიან გადახლართულები და ერთად ატყავებენ ამ საწყალ საქართველოს. აბა, ნახეთ, 20 ივნისის ღამეს იმდენ ბავშვებს რომ დათხარეს თვალები, რატომ ერთი ტყვია არ მოხვდა, მაგალითად, ბოკერიას, ნათელაშვილს, უგულავას... ყველა ერთად ასულელებს ამ ხალხს და ესენიც თავს ისულელებენ, რა.

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი: - ძალიან სკანდალური ვერსია მაქვს ბიძინა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებით. გულდასმით გავეცანი მის წერილს და ამოვიკითხე ის, რაც სტრიქონებს შორის ეწერა. ვეცდები მოკლედ და მარტივად ვთქვა ყველაფერი. მსოფლიოში არის პანდემია, არ ვიცით, როდის გავიხსნებით. კრიზისია ამერიკაში, ტრამპი აღარსად ჩანს, ხდება სოციალური სივრცის უზურპაცია და, შესაბამისად, იბლოკება თავისუფალი აზრი. შეგახსენებთ, საიდან დაიწყო პანდემია - ვითომ, ჩინეთში ღამურის ჭამით, გვაჩვენეს, როგორ ვარდებოდნენ ადამიანები ქუჩაში, დაიწყო მედია ისტერიკა... დღეს ჩინეთში კორონა აღარ არის, ამასთან, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ეკონომიკის მზარდი მაჩვენებელი აქვს, ყველა დანარჩენ ქვეყანაში ეკონომიკა ნადგურდება. ფაქტია, რომ ჩინეთმა და იქ მოქმედმა კომპანიებმა ბიოლოგიური ომი გამოუცხადეს დანარჩენ მსოფლიოს. რა შუაში ვართ ჩვენ?! საქართველოში ნელ-ნელა უარესდება ეკონომიკა, იმატებს სიღარიბის მაჩვენებელი. ძალიან უცნაურად მეჩვენება, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგები ჩინური ვაქცინის შემოტანას აპირებენ. ეს იმას ნიშნავს, ჯალათს მისცე ნაჯახი და სთხოვო, კარგად ალესოს. მათი ეს ქმედება ერსა და ბერში დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს, კიდევ უფრო დაიქცევა ჩვენი ეკონომიკა.

ფაქტია, რომ მავანს საქართველოს, როგორც ქვეყნის, დაქცევა-განადგურება სურს. ჩვენ ძალიან მალე დავდგებით დეფოლტის წინაშე. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ერთადერთი ხსნა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი საპირწონე ადამიანები, მაგალითად, ჭიათურელი მილიონრები, ოქროს მაგნატები. მათ უნდა გადაარჩინონ ქვეყანა დეფოლტს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ვკარგავთ. ივანიშვილი გროსმაისტერია, იგი ათი სვლით ადრე თვლის ყველაფერს. დღეს მსოფლიოს ლიდერები ერთმანეთის ჭიდილში არიან, დაპაუზებული აქვთ სამყარო და კიდევ აპირებენ ამის გაგრძელებას. ახლა საქმე ის არის, ვინ რამდენ ხანს გაუძლებს. ჩვენ თუ მთელ ყურადღებას შინაურულ ძიძგილაობაზე გადავიტანთ, ვერ გადავრჩებით. ეს გათვალა ივანიშვილმა და პოლიტიკიდან გვერდზე გადგა, რადგან ასე უფრო შეძლებს ქვეყნის გადასარჩენად რესურსის გამოყოფას.

იხილეთ ასევე: "ზუსტად ვიცი, ივანიშვილის წასვლას ათას კუდს გამოაბამენ, სინამდვილეში იგი წავიდა იმიტომ, რომ..."

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)