"ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას იცავს შესაძლო სანქციებისგან, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დააკისროს" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას იცავს შესაძლო სანქციებისგან, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დააკისროს"

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი "თავის ქონებას იცავს შესაძლო სანქციებისგან, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დააკისროს".

როგორც ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა, ივანიშვილმა თავისი ქონებისთვის დამცავი მექნიზმები ჩართო.

"მთავარი არის ის, რომ მან თავისი ქონება ერთი ჯიბიდან მეორეში გადადო. თავისი ქონებისთვის დამცავი მექანიზმები ჩართო და პარალელურად თავისი თავი და ქონება უფრო მიუწვდომელი გახადა“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენას, ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთაგან მეტ-ნაკლებად რეიტინგული გიორგი გახარია ივანიშვილისთვის მიუღებელია, კობახიძეს კი ნულოვანი მხარდაჭერა აქვს და ის ივანიშვილმა "სწორედ ამ ნიშნით აირჩია“.

"მოლაპარაკების პროცესში, სამწუხაროდ, განსაკუთრებით საჯაროდ, კობახიძე ყველაზე მეტად მიუღებელია ოპოზიციისთვის და საზოგადოების ნაწილისთვის იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი ასეთი ტერმინოლოგიით და ასეთი ფრაზებით ლაპარაკობს ყველასთან მიმართებით, ეს, რა თქმა უნდა, თავიდანვე გაღიზიანებას იწვევს და ამან ჩაშალა კიდეც ერთი რაუდნი. ესეც განაცხადია ივანიშვილის მხრიდან, რომ მე არ მაინტერესებს არავის აზრი, არ მაინტერესებს ვინ ვისზე რას ფიქრობს, მთავარია ეს ადამიანი მე მემსახურებოდეს კარგად და ჩემი ნებისმიერი სურვილის შემსრულებელი იყოს. რა რა და კობახიძე არაა ცუდი იურისტი. მან საკმაო განათლება მიიღო და ძალიან კარგად ერკვევა იურიდიულ ნიუანსებში, მაგრამ ინიციატივებს, რომელიც კობახიძემ წარმოადგინა პარლამენტში, იგივე ოპოზიციის დასასჯელად, იგივე სასამართლო რეფორმის და საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით, ის სხვა შემთხვევაში, დამოუკიდებლად რომ მოქმედებდეს, არ წარმოადგენდა“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიული თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მან 1 მლრდ-ის ღირებულების ქონება ფონდ "ქართუს“ გადაუფორმა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე წარადგინა.

"ინტერპრესნიუსი"