"მუხრანის წყარო" - მითი თუ სინამდვილე? - კვირის პალიტრა

"მუხრანის წყარო" - მითი თუ სინამდვილე?

3 აპრილს ნაციონალურმა არხებმა საზოგადოებას ახალი ამბავი ამცნეს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოეტ მუხრან მაჭავარიანისთვის მიცემული პირობა შეასრულა და რომ საჩხერის რაიონის სოფლებში 1000 ოჯახი სასმელი წყლით შეუზღუდავად მომარაგდებოდა.

ვნახეთ სიუჟეტები, სადაც პრეზიდენტი შეხვდა ადგილობრივ მცხოვრებთ, სოფელ არგვეთში მუხრანის ეზოშივე მოუშვა ონკანი და პეშვით შესვა წყალი. შეგახსენებთ, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მუხრან მაჭავარიანმა ამ პრობლემის მოგვარება მიხეილ სააკაშვილს პირადად სთხოვა.

"აქ ჩამოვედი იმისთვისაც, რომ შევასრულოთ მისთვის მიცემული დაპირება. გარდაცვალების წინ მან შეგვიპირა, რომ აქ, გარშემო სოფლებში, ოჯახებში სასმელი წყალი ყოფილიყო. ეს სამუშაოები 1 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დაჯდა, თუმცა თანხას იმიტომ კი არ ვასახელებ, რომ ვინმეს დავაყვედრო. ეს თქვენი ფულია და ამ საქმეზე ისევ თქვენი ფული დაიხარჯა, მაგრამ ეს საქმე თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ. იმედია, ამ წყალს მუხრანის წყაროს დაუძახებენ." - განაცხადა არგვეთში პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

თუმცა შესაძლოა, ეს ყველაფერი მორიგი ფარსი აღმოჩნდეს. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით (რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა), "ყველა სიახლისთვის" ცნობილი გახდა, რომ სოფლებს წყალი ჯერაც არ მიეწოდება და ტელეკამერების წინ კიდევ ერთი სპექტაკლი დაიდგა. ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვობს, რომ ამჯერად პრეზიდენტიც ტყუილის მსხვერპლია - საჩხერის რაიონის ხელისუფლებამ ისიც მოატყუა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, მართალია, სოფლებში თითქოს მართლა დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჩაიყარა რკინის მილები, მაგრამ ეს მილები დღემდე ცარიელია და წყალი იქაურებს თვალით არ უნახავთ. "როცა გაიგეს, რომ პრეზიდენტი აპირებდა არგვეთში სტუმრობას, მოიტანეს ცისტერნებით წყალი, ეს ცისტერნები მიწაში ჩაყარეს და იმ ადგილამდე, სადაც პრეზიდენტს უნდა გაესინჯა ონკანში წყალი თუ მოდიოდა, მილებით მიიყვანეს.

სოფლის მცხოვრებნი კი კატეგორიულად გააფრთხილეს, კრინტი არ დაეძრათ პრეზიდენტთან. ვინ იცის, რა წყალი დაალევინეს პრეზიდენტს?" - გვიყვება ქალბატონი, რომელიც "ყველა სიახლეს" დაუკავშირდა და ეს ამბავი აცნობა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: თუ ეს მართლა ასეა, მაშ სად წავიდა პრეზიდენტის მიერ ნახსენები 1.200. 000 ლარი?

გამოდის, პრეზიდენტი მართლაც ტყუილის მსხვერპლია, თუმცა ეს, ალბათ, დიდად არ გაუკვირდება, რადგან ამგვარი სპექტაკლების მოწმე აქამდეც არაერთხელ ვყოფილვართ, მარტო იმის გახსენება რად ღირს, გურიაში კალანდობის დღესასწაული რომ გაითამაშეს...

P.S. "ყველა სიახლე" შეეცდება, ეს საკითხი უფრო დეტალურად შეისწავლოს და ადგილზე დააზუსტოს, რა ხდება საჩხერის სოფლებში.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)