"აკრძალული გვქონდა, ოჯახში ინგლისურად გველაპარაკა. მშობლებს არ უნდოდათ, ქართული დაგვვიწყებოდა" - კვირის პალიტრა

"აკრძალული გვქონდა, ოჯახში ინგლისურად გველაპარაკა. მშობლებს არ უნდოდათ, ქართული დაგვვიწყებოდა"

"ეს რომ გაიგო, მერე მითხრა მამაჩემმა, მაგისთვის წაგიყვანე ამერიკაში, ცხვრების გატყავება და მეცხვარეობა რომ ისწავლოო"

ქეთი კობაური 16 წელია, მშობლებსა და და-ძმასთან ერთად ნიუ-ჯერსიში, ქალაქ ლინჰარსტში ცხოვრობს. ყოველ ზაფხულს საქართველოში ატარებს და მისი სამომავლო გეგმებიც სწორედ სამშობლოს უკავშირდება. წარმოშობით კასპიდან არის, თუმცა ამბობს, რომ მისი გვარი ხევსურული წარმომავლობისაა. დიდხანს აინტერესებდა, როგორი იყო მეცხვარის რეალური ყოფა-ცხოვრება და შარშან არდადეგებზე ეს ინტერესი დაიკმაყოფილა: 2 კვირით თუშეთში წავიდა ცხვარში.

ქეთი კობაური:

- 8 წლის ვიყავი, მშობლებმა "მწვანე ბარათი" რომ მოიგეს. ერთ დღეს დედამ გამოგვიცხადა, ყველანი ამერიკაში მივდივართ საცხოვრებლადო და ძალიან გამიკვირდა. მანამდე კასპში ვცხოვრობდით. ვერც წარმომედგინა სხვაგან სამუდამოდ წასვლა, უცნაური იყო ეს ყველაფერი. როდესაც ნიუ-იორკში ჩავფრინდით, ნანახით დაბნეულები და გაოცებულები ვიყავით. ენა არ ვიცოდით, თუმცა მალე ვისწავლეთ, ალღო ავუღეთ ცხოვრების იქაურ წესსაც. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და პრეზიდენტის სიგელიც მომცეს. ახლა ორმაგი მოქალაქეები ვართ. მშობლები ისტორიკოსები არიან, მაგრამ ამჟამად დედა რადიოლოგად მუშაობს (გაიარა შესაბამისი კურსები), მამა "ტაქსაობს", და-ძმა სტუდენტები არიან.

- რამ გადაგაწყვეტინა ცხვარში წასვლა? - რამდენიმე წლის წინ ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფია წავიკითხე და ძალიან დამაინტერესა მეცხვარის ყოფამ. მერე ერთი გოგო გავიცანი, რომლის მეგობარიც 15 წლიდან მეცხვარე იყო თუშეთში. ამ ბიჭს სთხოვა, ერთ უცნაურ გოგოს უნდა მთაში ამოსვლა, მეცხვარეების ცხოვრება აინტერესებსო. წავედი მარტო. ზღვის დონიდან 2040 მეტრ სიმაღლეზე არის ასეთი სოფელი, დანო - უფრო სწორად, ნასოფლარი, რადგან იქ აღარავინ ცხოვრობს და ამ სოფლის ზემოთ ჰყავდა ფარა. კარავი კი მქონდა წაღებული, მაგრამ თავიდანვე ვთხოვე, მეც თქვენსავით ნაბადში დაძინება მინდა-მეთქი. სხვათა შორის, იქ ვისწავლე ცხვრის დაკვლა, გატყავება და ხორცისგან კერძის მომზადება. მანამდე ქათამს რომ კლავდნენ, იმასაც ვერ ვუყურებდი. რატომღაც დავინტერესდი და რომ ვთქვი, ამ ბიჭმა ჯერ უარი მითხრა, - არ არის ქალის საქმეო, - მაგრამ მერე დამთანხმდა და მასწავლა. შარშან 2 კვირა დავრჩი, წელს ჩემს ბიძაშვილთან ერთად წავედი და რაკი ის დიდხანს ვერ გაჩერდა, ერთ კვირაში დავბრუნდით უკან.

- რა გასწავლა იქ გატარებულმა ორმა კვირამ?

- საკუთარ თავზე გამოვცადე, რამდენად რთულია მეცხვარის პროფესია. კარგი ამინდია თუ ცუდი, ფაქტობრივად, სულ გარეთ ხარ. მეცხვარეებს პატარა ქოხები კი აქვთ, მაგრამ გარეთ სძინავთ, ნადირის მოპარვა რომ გაიგონ. ღამითაც რამდენჯერმე დგებიან და ყურადღებას აქცევენ, ყოველდღე დიდი მანძილის გავლა უწევთ ფეხით. ცხენები კი ჰყავთ, მაგრამ ძირითადად, ფეხით მიჰყვებიან ფარას. თუ ღამე იწვიმა და ნაბადი დაგისველდა, ასე გიწევს დაძინება, გცივა, იყინები. ზაფხული კია, მაგრამ საღამოობით მაინც ცივა. ასეთ რთულ პირობებში არასდროს მიცხოვრია. სამწუხაროდ, დაუფასებელია ეს პროფესია.

- რაში ეხმარებოდი მეცხვარეებს?

- ან ფარაში მივყვებოდი, ან ტყეში შეშის მოსატანად დავდიოდი. ვეხმარებოდი შეშის დაპობაშიც, სადილის მომზადებაში. სტუმრად მთვლიდნენ და ბევრს არაფერს მავალებდნენ. ვისწავლე ცხვრის გაპარსვაც, ყველის ამოყვანაც და სხვათა შორის, ჯირითიც.

- არ გეშინოდა, 23 წლის პატარა გოგო მთაში, ყველასგან შორს რომ იყავი, 2 უცხო ადამიანთან ერთად? ან მშობლებმა რა გითხრეს, არ გაუკვირდათ შენი გადაწყვეტილება?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან მეშინოდა. სანამ წავიდოდი, ვფიქრობდი, რა მინდა, სად მივდივარ, რა შარში ვყოფ-მეთქი თავს, მაგრამ გავრისკე. ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა ის ბიჭი, ერთმანეთს კარგად გავუგეთ და დავმეგობრდით კიდეც. მშობლებს ბოლომდე არ გავუმხილე ყველაფერი: ვიცოდი, ინერვიულებდნენ. მერე მითხრა მამაჩემმა, მაგისთვის წაგიყვანე ამერიკაში, ცხვრების გატყავება და მეცხვარეობა რომ ისწავლოო (იცინის)?!. ბავშვობაში სულ მაინტერესებდა ისეთი რამეები, რაც კაცების საქმედ ითვლებოდა. კარატეზე დადიოდა ჩემი ძმა და მამაჩემს ვთხოვდი, მეც შემიყვანე-მეთქი. უარი მითხრა. 19 წლისა მაინც მივედი ჭიდაობაზე და სხვათა შორის, როდესაც ჩატარდა შეჯიბრება დამწყებებს შორის, ჩვენს ქალაქში პირველ ადგილზე გავედი. თანაც, ეტყობა, ჩემში სისხლმა იყივლა: პაპა ამბობდა, ხევსურეთიდან იყვნენ ჩვენი წინაპრებიო. ბებიაჩემის ძმა 35 წელი ყოფილა ცხვარში ისე, რომ ბარში საერთოდ არ ჩამოსულა, მასზე ბევრი რამ ვიცოდი ბებიასგან. მეცხვარეობის გარდა, დამაინტერესა ხევსურულმა ნაქარგობამაც. რაკი ისე მოხდა, რომ პანდემიის პერიოდს აქ, საქართველოში ვატარებდი, ვიარე კერძო მასწავლებელთან და ქარგვაც ვისწავლე. ვქარგავ ქისებს, სამაჯურებს, ტანსაცმელს. ძალიან მინდა გავიგო, ჩვენი საგვარეულო რომელი სოფლიდან იყო და იქ სახლი ავაშენო. მინდა, ფესვებს არ მოვწყდე. ჩემი მშობლები ამაზე ბევრს ზრუნავდნენ. ყოველ ზაფხულს თვითონ ვერა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვგზავნიდნენ საქართველოში, რათა არ დაგვეკარგა კავშირი ნათესავებსა და სამშობლოსთან.

- პანდემიის დასაწყისში და შემდეგ რამდენიმე თვე ჯერ კიდევ ამერიკაში იყავი. რა ხდებოდა იქ და რას გეუბნებიან შენი ოჯახის წევრები დღეს არსებულ მდგომარეობაზე?

- ამერიკაშიც ბევრი ადამიანი არ იცავს რეგულაციებს. იქაც ეშინიათ, იქაც გამოხატავენ უკმაყოფილებას, ხალხი ქუჩაშიც კი გამოვიდა. პირველი ტალღის მერე რაღაცები გაიხსნა, მაგრამ ახლა ჩემს დას ველაპარაკე და კვლავ იწყებენ რეგულაციების გამკაცრებას, ბევრ დაწესებულებას ხურავენ, რადგან დაინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, თუმცა, რომ ვადარებ ერთმანეთს, მგონია, საქართველოში ბევრი რამ არასწორად კეთდება, რეგულაციებს ვგულისხმობ. მაგალითად, დაკეტეს ბევრი მაღაზია, დაწესებულება, სილამაზის სალონები კი - არა. იქ უფრო არ არის ინფიცირების საშიშროება?.. გარდა ამისა, ბევრი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, ბევრია ღარიბი და გაჭირვებული, რაზეც გული მტკივა...

- ანუ ამერიკაში ღატაკები არ არიან?.. ან თუ არიან, საინტერესოა, როგორ ზრუნავს მათზე სახელმწიფო? - როგორ არ არიან, მაგრამ მე აქაურობაზე მტკივა გული და ამიტომ აღვნიშნავ. მაგალითად, ვაშინგტონში უსახლკარობის დიდი პრობლემაა და რაც დრო გადის, უფრო იზრდება სოციალურ ფენებს შორის სხვაობა. რა თქმა უნდა, იქაც ითხოვენ ქუჩაში მოწყალებას. კალიფორნიაში არის ერთი ადგილი, სკიდ-როუს ეძახიან, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ იქ ყველა უსახლკაროა, იძინებენ გარეთ, ქუჩაში, კარვებში, წვიმასა თუ ქარში... არის ადგილები, სადაც საჭმელს ურიგებენ გაჭირვებულებს, მაგრამ იმხელა რიგებია, შეიძლება არც შეგხვდეს. არის თავშესაფარიც, სადაც ღამის გათევა შეგიძლია, მაგრამ შეიძლება, არც იქ დაგხვდეს თავისუფალი ადგილი. ბევრს ვერ ეხმარება სახელმწიფო ან საკმარისი პროგრამები არ არსებობს. ყველას რომ ეხმარებოდნენ, ხომ აღარ იქნებოდნენ გაჭირვებაში, ვის უნდა სიღატაკესა და ქუჩაში ცხოვრება?!. ამერიკა კარგი და საინტერესო ქვეყანაა იმით, რომ შეგიძლია გაეცნო ბევრ კულტურას, ბევრი რამ შეგიძლია ნახო და გაიგო. მომწონს, შრომა რომ ფასდება. შეგიძლია, იმდენი ფული მოაგროვო, ოცნება აიხდინო და შენთვის სასურველ ქვეყანაში იმოგზაურო. მე სწავლის პარალელურად პიცერიაში ვმუშაობ და საქართველოში ჩამოსასვლელად თვითონ ვაგროვებ ხოლმე თანხას. ზოგი "ტაქსაობს", ზოგი სამზარეულოშია დასაქმებული. ამერიკაში ხალხი უფრო თავისუფალია, ყველას თავისი საქმე და ცხოვრება აქვს და ნაკლებად ითვალისწინებს სხვის აზრს. იქ მუდმივად იმაზე არ ფიქრობ, ვინ რას იტყვის შენს გადადგმულ ნაბიჯზე. სრულწლოვანი ხდები, მუშაობას იწყებ და დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობ, ცალკე გადადიხარ საცხოვრებლად. იქ წარმოუდგენელია, ცოლი მოიყვანო და კვლავ მშობლებთან ერთად იყო.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? - საქართველოში მგონი, არ არსებობს საწარმო, სადაც მუშავდება ქართული მატყლი, ამით დაინტერესებული ვარ და ვნახოთ... გარდა ამისა, საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნა მინდა, ჩემს დასთან და მეგობართან ერთად. სამივე ვმუშაობთ, ფულს ვაგროვებთ და უკვე რამდენიმე წელია, კასპში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვეხმარებით საყოფაცხოვრებო ნივთებით თუ პროდუქტით. ფილოსოფიის ფაკულტეტის ბაკალავრი ვარ, სექტემბრიდან კი დოქტორანტურისა და მაგისტრატურის გაერთიანებულ პროგრამაზე ვიწყებ სწავლას, იურიდიული განხრით. მინდა, საქართველოში ჩამოვიდე და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ვიმუშაო. ამერიკაში კარგია, მაგრამ აქ ჩემს სახლში ვარ. მშობლების დამსახურებაა, სამშობლო ასე რომ გვიყვარს. აკრძალული გვქონდა, ოჯახში ინგლისურად გველაპარაკა. არ უნდოდათ, ქართული დაგვვიწყებოდა. დედა ყოველდღე გვიკითხავდა ამბებს ცოტნე დადიანზე, დავით აღმაშენებელზე, ქეთევან წამებულზე... სულ მეფიქრებოდა, იქნებ მეც რაღაცით გამოვადგე-მეთქი ჩემს ქვეყანას.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"