"ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი თბილისში" - ვინ რას უწუნებს ქანდაკებებს და რას ჰყვება ავტორი - კვირის პალიტრა

"ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი თბილისში" - ვინ რას უწუნებს ქანდაკებებს და რას ჰყვება ავტორი

"ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი" - ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, ზემო ფონიჭალაში, ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში დაიდგა.

როგორც ყოველთვის, ინტერნეტმომხმარებლების აზრი მემორიალთან დაკავშირებით გაიყო - ერთნი ადგილს იწუნებენ, მეორენი კი ქანდაკებების "სიშიშვლეს". ბევრმა პოლიტიკური კონტექსტიც მოუძებნა ნამუშევრის ადგილმდებარეობას:

ფონიჭალისთვის მენანება,

რატომ ვმალავთ, რუსებს ვუმალავთ?;

ფონიჭალა რა შუაშია, მეტი აზრიანი ადგილი ვერ შეურჩიეს თუ რა ხდება? მონუმენტი კარგია, მაგრამ ადგილი არ შეესაბამება;

მოშორებით დადგეს იმიტომ, რომ თან თავი მოიწონონ - აი, როგორი ძეგლი დავდგითო და თან ძალიანაც "გამომწვევად" არ ხვდებოდეს თვალში ვიღაც-ვიღაცეებს

ობიექტურად რომ ვთქვათ, ქოცებმა რაღაც გააკეთეს, მივესალმები, თუმცა მაინც არ ეყოთ ბოლომდე ტვინი, რომ განესაზღვრათ სად იქნებოდა იდეალური ამ მართლაც მაგარი მონუმენტის დადგმა. ჩემი აზრით აჯობებს გორში გადაიტანონ, ყველა თვალსაზრისით. მეტი დატვირთვა ექნება შინაასობრივადაც და ტურისტულადაც.

მარსზე დაგედგათ ბარეღამ! იქ უფრო კარგად გამოჩნდებოდა!

ისე ამბობთ მანდ რატომ დადგესო, თითქოს ფონიჭალა საქართველო არ არის

თბილისის უბნები არ იცით და რა ოკუპაციაზეა საუბარი? ფონიჭალაში კი არა, საქართველოს ყველა ქაალაქსა და უბანში უნდა იდგას ოკუპაციის ასეთი ძეგლები

რაც შეეხება მემორიალს, კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული მინის კედლისგან, რომელშიც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.

მემორიალის ავტორ მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც სპეციალურად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. AMBEBI.GE მას ნამუშევართან დაკავშირებით სასაუბროდ დაუკავშირდა:

- სულ ახალი ნამუშევარია, მასზე მუშაობა ახალი წლის წინა დღეებში დავასრულეთ. ის ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალია. მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვმონაწილეობდი და ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა. მემორიალი ზემო ფონიჭალაში დაიდგა. რატომ ფონიჭალაში და არა თბილისის ცენტრში, ან გორში, ანდაც საოკუაციო ხაზთან? - ეს კითხვა ბევრმა დასვა. მეორიალი ფონიჭალაში იმიტომ დაიდგა, რომ იქ არის ოკუპაციის სახელობის სკვერი.

როდესაც ფოტოები სოციალურ ქსელებში აიტვირთა, უამრავი ნახვა, კომენტარი, გაზიარება მოჰყვა, რომელიც დრესაც გრძელდება. როგორი კომენტარებიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ნამუშევარმა ხალხის დაინტერესება გამოიწვია. რაც არ არის ცუდი," - აღნიშნავს ირაკლი წულაძე.

სკულპტორი პროექტზე 5 თვის განმავლობაში მუშაობდა. მისთვის მემორიალის შექმნის პერიოდი საინტერესო და ძალიან შემოქმედებითი პროცესი იყო, მაგრამ როგორც ამბობს, მეორე მხრივ ძალიან მგრძნობიარე აღმოჩნდა თემასთან შეხება.

- საქართველოსთვის ოკუპაცია მძიმე საკითხია და შესაბამისად მეც განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. ასეთივე ემოციით და მუხტით შესრულდა ეს ნამუშევარი. რაც შეეხება იდეას და კონცეფციას - კონკურსზე ბევრი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, ჩემი ცოტა განსხვავებული, ოდნავ უჩვეულო მიდგომა აღმოჩნდა, ისეთი არა, რასაც ძეგლებთან და ქანდაკებებთან მიმართებაში მიჩვეული ვართ. უფრო ადამიანურია, უშუალო, გასაგები და შესრულებულია თანამეროვე სტილში, რამაც ეტყობა, ჟიურის გადაწყვეტილების მიღებაზე იმოქმედა" - დასძენს მოქანდაკე. გააგრძელეთ კითხვა