"სიზარმაცე ხელს რომ არ გვიშლიდეს, ალბათ ბევრად ძლიერ და ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებდით..." - კვირის პალიტრა

"სიზარმაცე ხელს რომ არ გვიშლიდეს, ალბათ ბევრად ძლიერ და ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებდით..."

"თუ რამ კარგი გამომყვა, სწორედ იმ ლამაზი კუთხის და ხალხის დამსახურებაა"

"ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან, შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა" - ანა კალანდაძის ეს განუმეორებელი ლექსი ყველას ძველით ახალ წელს, ანუ კალანდას გვაგონებს, რომელსაც საქართველოში უხსოვარი დროიდან აღნიშნავდნენ. ყველაზე გამორჩეულად ეს დღესასწაული გურიაში აღინიშნებოდა. ტრადიცია დღემდე არ დაკარგულა: გურულები 14 იანვარს უგემრიელეს "მუცლით სალოცავებს" აცხობენ და ძველ წელსაც 14 იანვარს აცილებენ.

დავინტერესდით, რა მოგონებები აკავშირებს ამ ლამაზ დღესასწაულთან ანსამბლ "ერისიონის" მთავარ ლოტბარს - ჯემალ ჭკუასელს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"შემოქმედის თემი, სოფელი წითელმთა ის პატარა სამოთხეა, სადაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი. უკვე 85 წლის ვარ, მაგრამ ამ სოფლიდან გამოყოლილი სითბო და სიყვარული დღემდე მომყვება. ასე მგონია, რომ იქ სულ სხვანაირი ხალხი ცხოვრობს და თუ რამ კარგი გამიკეთებია, თუ რამ კარგი გამომყვა, სწორედ იმ ლამაზი კუთხის და ხალხის დამსახურებაა. ყველაზე ტკბილად მაინც ძველით ახალი წლის დღეები მახსენდება, რადგან ჩემს ბავშვობაში კალანდას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ..."

"14 იანვარს, ანუ ძველით ახალ წელს, ლამის მთელი სოფლის მეკვლე ვიყავი. ყველასათვის საყვარელ ფილმში - "კუჩხი ბედინერში" რომ არის, სწორედ ისე მქონდა სია ჩამოწერილი და ვცდილობდი, არავინ გამომრჩენოდა..."

"ორი განუყრელი ძმაკაცი მყავდა - თამაზ გალოგრე და ნოდარ სადრაძე. პატარაობიდან ერთად ვიზრდებოდით. ჩავკიდებდი ორივეს ხელს და მათთან ერთად მთელ სოფელს შემოვივლიდი ხოლმე. მივიდოდით ოჯახში, კალანდას მივულოცავდით და რამდენ ნუგბარსაც მივიტანდით, ორ იმდენს უკან გვატანდნენ. ასე რომ, 14-15 იანვარს ტკბილეულით ხელდამშვენებულები ვხვდებოდით. კალანდას ყველასთან რომ ვერ მივდიოდი, მერე ჩემს მეზობლებს ბოდიშებს ვუხდიდი..."

"ჩემი სურვილია, ქართველებმა ბოლომდე გამოიყენონ ნიჭი და უნარი, რომელიც ღმერთმა ასე უხვად გვიბოძა. განუმეორებელ მუსიკოსსა და მომღერალს - ჯანსუღ კახიძეს შეგახსენებთ: ის ნამდვილი საოცრება იყო, მაგრამ დღედაღამ მუშაობდა. წარმოგიდგენიათ, ყველა ასე რომ იქცეოდეს, რამდენს მივაღწევდით?! სიზარმაცე ხელს რომ არ გვიშლიდეს, ალბათ ბევრად ძლიერ და ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებდით..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე