"არ იცით, რა დღეში ვიყავი ლაპლანდიაში, რომ გადავჯეგავდი პოლონელ, ლატვიელ თუ ჩინელ ბავშვებს, პირველი გავრბოდი ყველა ატრაქციონზე..." - კვირის პალიტრა

"არ იცით, რა დღეში ვიყავი ლაპლანდიაში, რომ გადავჯეგავდი პოლონელ, ლატვიელ თუ ჩინელ ბავშვებს, პირველი გავრბოდი ყველა ატრაქციონზე..."

"პანდემიამ და რეგულაციებმა სახლებში გამოგვკეტა, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს, ახალ წელს ონლაინ და ზუმქეიფების ნაცვლად, მაინც მოვახერხეთ ერთმანეთის ოჯახებში მისვლა - სწორია თუ არაა სწორი, მაინც ვერ მოვიშალეთ. თუმცა ეს არ იყო, დავუშვათ 20-30-კაციანი შეკრებები, მხოლოდ 2-2 ან 3-3 მივდიოდით სტუმრად. ახალ წელს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კორონა საერთოდ არ არსებობდა. რადგან 2021 წელი დადგა, ფსიქოლოგიურად იმ წელს გავაყოლე კორონა და სინამდვილეში ასეც მინდა, რომ იყოს", - ამბობს დათო ლიკლიკაძე და საახალწლო განწყობაზე გვესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ცუდია, რომ არ იყო ღონისძიებები, ქუჩაში საახალწლო გართობა ფეიერვერკებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოჯახურ გარემოში ყოფნა მოგვნატრებია. ჩემს ბავშვობაში ხომ სულ სახლში ვხვდებოდით ახალ წელს და მერე ნათესავებთან მივდიოდით. წელს, ამ მხრივ, ძალიან კარგი იყო ნამდვილად. ბოლო 20 წელია, სახლში ახალ წელს არ შევხვედრივარ, რადგან სულ მთავარი კონცერტები მიმყავდა..."

"მეზობელი მყავს, რომელიც საქეიფო მიზეზს ყოველთვის იგონებს. მაგალითად, იტყვის: 20 წლის წინ, 15 ნოემბერს ჩვენი შვილი სოფელში ხეზე ავიდა, ჩამოვარდა და გადარჩაო. ამის გამო იქეიფებს და ასე ნებისმიერ დროს, რაღაცას გამოიგონებს. ძველით ახალი წელი არსებობს, ცხადია, მას ვერ ავცდებით, ის ჩვეულებრივი კალენდარული დღე არაა და ამიტომ სუფრას ვაწყობთ. ჩემთვის ახალი წელი ნამდვილად დადგა 31 დეკემბერს საღამოს - პირველ იანვარს..."

"ჩემი გოგონა ჯერ სამი წლისაც არაა და მართალი გითხრათ, არც თოვლის ბაბუა მოუთხოვია, არც პაპა და არც სანტა კლაუსი. თუმცა ნაძვის ხეს ცნობს და ისე კარგად, რომ ჩვენ ვეღარ ვცნობთ - სულ გაატყავა, არც ერთი სათამაშო არ შეარჩინა. ჩათვალეთ, რომ სამ დღეში მოუღო ბოლო ნაძვის ხეს, რომელსაც "ჯინგლ ბელს" ეძახის და უკვე გადმოცემით ვიცით, რომ ოდესღაც მოვრთეთ. ქუთაისის ცენტრში ვცხოვრობთ, ჩემი ფანჯრებიდან ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ჩანს და ჩემს შვილს გული სწყდება, რომ იმასაც ვერ გლეჯს (იცინის)..."

"მიუხედავად იმისა, რომ თოვლის ბაბუის კარგა ხანია არ მჯერა, შარშან შობას ლაპლანდიაში, სანტა კლაუსის სოფელ როვანიემში შევხვდი და მთელი ერთი კვირა საოცარი შეგრძნებით ვიცხოვრე. ლაპლანდია ყველა ბავშვმა უნდა ნახოს! თქვენ არ იცით, რა დღეში ვიყავი, მისის კლაუსის ან ჯინჯერის სახლში, ან ძველ ფოსტაში წერილების გაგზავნისას, სანტა კლაუსზე ხომ აღარაა ლაპარაკი. რომ გადავჯეგავდი პოლონელ, ლატვიელ თუ ჩინელ ბავშვებს, გადავახტებოდი ამ პატარებს და პირველი გავრბოდი ყველა ატრაქციონზე..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 14 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი