"არც ერთ სიგიჟეს არ ვნანობ, რაც ჩამიდენია..." - კვირის პალიტრა

"არც ერთ სიგიჟეს არ ვნანობ, რაც ჩამიდენია..."

ჩემი მატარებელი ჩავლილი არ არის

კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, თუ არ მიღებენ და არ ვიღებ, მკვდარი ვარ...

ამბობს, გულღია და გულგაღეღილი ვარო... მართლაც ვერ ნახავთ ჰალსტუხით "დამხრჩვალს". თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია. გულღია რომ არ იყოს, არც ამდენი მიმსვლელ-მომსვლელი ეყოლებოდა შინ: ხუთი შვილი, სამი შვილიშვილი თავიანთი მეგობრებით, ნათესავებით...

მალე შეიძლება დიდი პაპაც გახდეს და მაინც დარჩება - ახალგაზრდული და "გულგაღეღილი" ზაზა კოლელიშვილი.

წარსულზეც ისე ჰყვება, თითქოს ის პატარა ბიჭი, თელავში რომ დარბოდა, ცხოვრებას არ დაუმძიმებია... არადა, რამდენი ტკივილი გადაიტანა. თითქმის სასწაულია, რომ გადარჩა და დღესაც ცოცხალია...

ჩემი გარიჟრაჟი

თელავში ვიზრდებოდი.  მამაჩემის პაპა, გოგლია, ხელოსანი კაცი იყო. ამ ხელოსნობით თავისი წარმომავლობის დამალვა უკეთ შეეძლო. კოლელიშვილები ზედგინიძე-ამილახვრების შტოა. რაკი ამ გვარების ფუძე კოლა-არტაანიდან იყო, კოლაელებს კოლელიშვილები დაერქვათ. ამილახვრების 38 ოჯახი დახვრიტეს შორაპანში...

ცხადია, შიში იყო. პაპა შინაგანად თავადი იყო. ჯერ ერთი, საჭმელს არჩევდა საუკეთესოს: აუცილებლად უმზეურის მწვადი უნდა ეჭამა, ჩალაღაჯი უნდა ჰქონოდა... თავისი მომწოდებლებიც ჰყავდა. ტანინიანი ღვინო უყვარდა - პირში რკალი უნდა მოხაზოსო... ჭაჭამ ჯაჭვი უნდა გაიკეთოს და მოლურჯო იყოსო. სადილად რომ დაჯდებოდა, არ მახსოვს, პერანგის ღილი შეხსნოდეს ყელთან. სულ საყელოშეკრული დადიოდა...

მამის მხრიდან ბებია ლატვიელი მყავდა - ლიდია ვიშნევსკაია-კრამპისი. რევოლუციის მერე  კრასნოდარის მხარეში გადმოასახლეს. ამათი ოჯახი რატომღაც შირაქში გადმოვიდა. იქ უნახავს პაპას და მოუტაცებია. ბებიამ ბრწყინვალედ იცოდა ქართული. მახსოვს, როგორ ჩიოდა, რუსების ბრალია, რომ ჩემი ქონება სხვებს დარჩა ლატვიაშიო...

მეორე ბებია ბაჩიაშვილი იყო... ბაჩიაშვილი მკურნალთა გვარია. ბებიას უნიკალური წამალი ჰქონდა, ფსორიაზს და ეგზემას არჩენდა, მაგრამ მე ისეთი არხეინი ვიყავი, არ დავინტერესდი, არ ვისწავლე წამლის რეცეპტი...

დედაჩემის მამა  ცნობილი მსახიობი - ვახტანგ მატარაძე (ჩელთისპირელი), ნიკო ნიკოლაძის ნათლული გახლდათ. ფოთს რომ აშენებდნენ, პაპაჩემის ძმა, გიგა მატარაძე ნიკო ნიკოლაძეს ედგა გვერდით.

პაპაჩემის მამას - ვიქტორს ქართული თეატრის საყვირს ეძახდნენ. მესხიშვილთან ერთად თამაშობდა. ის ოტელო იყო, ეს - იაგო...

ბებიების ნებიერი ვიყავი. ერთ ბიჭს თავს მევლებოდნენ. მამაჩემი ისტორიკოსი იყო. მშობლად ვთვლი გია მატარაძესაც - დედის ძმას.

მახსოვს ერთი ბავშვური შურისძიება.  ღორები დაკლეს. ერთი დიდი იყო, ვერ დაიჭირეს, თოფით მოკლეს და ნატყვიარი ამოჭრეს... მეორეს ყელში დანა რომ გამოუსვეს, წამოხტა და გაიქცა... რა დღეში ვიქნებოდი, ხომ წარმოგიდგენიათ. მამა დედას აუხირდა რაღაცაზე... ეტყობა, არ მომეწონა... ავედი მეორე სართულზე, სადაც აქნილი ხორცი ეწყო და ნავთი დავასხი. მერე მითქვამს, - იმიტომ დავასხი, რომ დედაჩემს ეჩხუბე-მეთქი... გავაფუჭე მთელი საკლავი... აი, რა საშინელი ვინმე ვიყავი!

თელავში აღარაფერი მაქვს. ძალიან მრცხვენია, რომ აღარაფერი დამრჩა იქ...

ჩემი დილა

ყველა ასაკს თავისი ფიქრები აქვს.

მახსოვს, როგორ ველოდებოდი შაბათ-კვირას. თელავში რომელი თეატრიც უნდა ჩამოსულიყო საგასტროლოდ, ყველას მასპინძლები ჩვენ ვიყავით. მახსოვს, ჩვენთან სტუმრად რუსთაველის, მარჯანიშვილის, ქუთაისის, ჭიათურის, გორის თეატრების დასები, ვასო გოძიაშვილი, ლადო ცხვარიაშვილი, სესილია თაყაიშვილი... პაპაჩემის საღამოზე თამადა ეროსი იყო...

მახსოვს თეატრის კულისები - პლატონ ახვლედიანი, გიორგი მამუჩიშვილი, თინათინ ბურბუთაშვილი - დუტას ბებია... 3 წლის ასაკიდან მე და დუტას დედა კულისების დაქალ-ძმაკაცი ვიყავით, რეკვიზიტებით ვთამაშობდით.

მერე ერთ დღეს მუსიკას თავი დავანებე, ნოტები დავხიე და  თელავის სამხატვრო სკოლაში ჩავაბარე, მერე - სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ადმინისტრაციასთან კონფლიქტი მომივიდა... გამოვიტანე საბუთები და შევიტანე თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჯგუფში 30 გოგო და ერთი ბიჭი ვიყავით. ბოჰემური სტუდენტური ცხოვრებით ვცხოვრობდი.

სტუდენტურ თეატრში ვიყავი, თან  სპექტაკლებს ვაფორმებდი... რეჟისორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ სცენაზე ამიყვანა, როლი მომცა. მერე უკვე გაჩნდა კინო ჩემს ცხოვრებაში.   პედაგოგიურ ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, მაშინ გადავწყვიტე და სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. "ნატვრის ხესა" და "მიმინოში" უკვე ნათამაშები მქონდა.... მერე სარეჟისოროზე გავაგრძელე სწავლა.

ერთხელ გოგი დოლიძეს (კინომცოდნე, პროფესორი, მაშინ კინოფაკულტეტის დეკანი. - ლ.ჯ.) დავურეკე: კიდევ მინდა ჩავაბარო ინსტიტუტში, კინოსაბუღალტროზე-მეთქი... ეთერ გუგუშვილს გაუგონია და: კოლელიშვილის "დუხი" არ ვნახო აქო!

ჩემი შუადღე

მსახიობს მოთმინების უნარი უნდა ჰქონდეს, ის ხომ რეჟისორზეა დამოკიდებული. თუ არ უნდა დამორჩილება, თვითონ დადგას და გადაიღოს... მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე - ნათია გვერდით მყავს. ერთად ვმუშაობთ. მე ვუყვები, ის წერს სცენარს...

"ომი და ქორწილი" რომ გადავიღე, ისე მოულოდნელად შეწყდა კინოცენტრიდან დაფინანსება, რომ მსახიობების და ჯგუფის ფული ისევ გადასახდელი მაქვს. კულტურის სამინისტრო მომეხმარა და ჯარიც... მაგრამ ეს სრულ ხარჯებს ვერ დაფარავდა... ამიტომაცაა, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა ყველაფერი, რასაც ჩემი ქონება ჰქვია... არადა, კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, თუ არ მიღებენ და არ ვიღებ, მკვდარი ვარ...

როცა ძალიან მიჭირს, ვსვამ ხოლმე. არავის ნახვა არ მინდა...

ჩემმა მეგობარმა პაატა მოისწრაფიშვილმა მითხრა, - შენ მშობლების სიკვდილმა დაგავაჟკაცაო. მართლაც ასე იყო. 1992 წლის იანვარში გარდაიცვალა მამა - ჯანმრთელი კაცი, რომ გაიგო,  დედას სიმსივნე ჰქონდა,  ნერვიულობისაგან ორ დღეში ორჯერ დაარტყა ინსულტმა.  დედა საავადმყოფოში იყო. 6 თვის მანძილზე  ყველაფერი გაუკეთა მამას და გარდაიცვალა... დედაჩემის დაკრძალვაზე უცებ თითქოს თვალი ამეხილა: დავინახე - გია მატარაძე ცუდად იყო. დაემართა სარკომა და ისიც გარდაიცვალა. წელიწადი და ცხრა თვე არ გამოვფხიზლებულვარ. ეს ლოთობაც აღარ იყო, თვითმკვლელობა იყო.

უმძიმესი პერიოდი იყო  - 1992-93 წლები... შოკის მომგვრელი ამბები ქვეყანაში. აფხაზეთის ომი...

მდგომარეობიდან იმანაც გამომიყვანა, რომ პირველ "ოქროს არწივის" ფესტივალზე ფილმში "ისინი" მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მომცეს პრიზი.

ლევან ზაქარეიშვილმა როლზე რომ დამამტკიცა, მითხრა, პირველი სცენის ტექსტი წამეკითხა. ეს ის დღე იყო, როცა ახალი გაგებული მქონდა დედაჩემის ავადმყოფობის ამბავი... ფილმში სცენარის მიხედვით დედის საფლავთან უნდა გადავიღო ეპიზოდი... ვერ გადავიღებ-მეთქი... არ შემეძლო ნამდვილად.

დაიჟინა, აქედან უნდა დავიწყოთო... კინაღამ ვიჩხუბეთ. იმდენად არ მინდოდა მეთამაშა, რომ წამლები მუჭით ავიღე, დავფხვენი და დავლიე... თან ღვინოც მივაყოლე.  ნათია რომ მოვიდა  უკვე გვამური ლაქები მქონდა.

მახსოვს, სითეთრეში ვიყავი... კიდევ დიდი, მოოქრული ეკლესია მახსოვს.  მეოთხე დღეს რომ გამსინჯეს, გაუკვირდათ: გადავრჩი... ერთ კვირაში დავუბრუნდი ცხოვრებას.

"კუკარაჩაში" ძალიან მინდოდა კუკარაჩას როლი... არა, შენ მურტალო უნდა იყოო. ვიღებდი ფილმებს, მიღებდნენ ფილმებში - ეს არის ჩემი შუადღე...

KvirisPalitra.Geჩემი საღამო

სწორხაზოვანი  ადამიანის ცხოვრება არასდროს მხიბლავდა. სიგიჟე უნდა გქონდეს და იმის დათრგუნვაც შეგეძლოს. მე "მე" არ ვიქნებოდი, ასე რომ არ მეცხოვრა... არც ერთ სიგიჟეს არ ვნანობ, რაც ჩამიდენია... მუდო ადამიანს ვერ ვიტან, თავიდანვე რომ ყველაფერი მოწესრიგებული აქვს და შეცდომებს არ უშვებს... წესრიგის ფასი მერე უნდა გაიგო, უწესრიგობა რომ გეცოდინება, რა არის... ადამიანი ტყუილსაც ამბობს, ცოდავს, აშავებს... ეგ არის - უღმერთოდ არ უნდა იცხოვრო...

მყავს ხუთი შვილი... უფროსი  31 წლისაა და სამი შვილი ჰყავს, უფროსი შვილიშვილი 17 წლის ხდება. მომდევნო შვილიშვილი 12-ისაა, მესამე - 2 წლის. მეორე ქალიშვილი ჟურნალისტია, პროდიუსერად მუშაობდა. მესამე - ვაჟი - რაგბისტია,  საფრანგეთში თამაშობს რაგბის. მეოთხე ვაჟი - კინოსაოპერატოროზე სწავლობს. მეხუთე - სკოლის მოსწავლეა და ფოტოგრაფიით არის გატაცებული...

მკაცრი არ ვარ. შვილებს როგორ დავუშალო მოლხენა, როცა თავად მიყვარს მეგობრებთან დროის გატარება...

ჩემი მატარებელი ჩავლილი არ არის, მაგრამ... ძალიან მიყვარს ჰოლივუდი, კინო... ევროპაში რომ შემომთავაზონ, რამე კურსებს კიდევ გავივლიდი კინოსთან დაკავშირებით.

რა ხნისაც უნდა გავხდე, მუშაობა ყოველთვის მენდომება. მინდა კახეთში გავაკეთო ეთნოგრაფიული სახლი, ჩემი პატარა სტუდია, ავაშენო პატარა ეკლესია და მოვხატო ჩემი ხელით... ეს ჩემი მიმწუხრის ოცნებებია...