"არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედებებით პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას - შს სამინისტროს დავალებული აქვს, უმკაცრესად იმოქმედოს" - კვირის პალიტრა

"არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედებებით პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას - შს სამინისტროს დავალებული აქვს, უმკაცრესად იმოქმედოს"

"ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რამენაირად იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რითაც ბუკნარში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, შს სამინისტროს აქვს დავალება, რომ "იქ, სადაც იქნება მცდელობა პროვოცირება მოხდეს მოსახლეობას შორის დაპირისპირების", უმკაცრესად იმოქმედოს.

"რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არის ის, როგორადაც ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის და ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რამენაირად იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს ჩვენს მოსახლეობას შორის დაპირისპირებას, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"