"საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული" - კვირის პალიტრა

"საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული"

დღეის მონაცემებით ჩვენ გვაქვს ინფიცირების 1177 შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, იმ მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიების ფარგლებში, რაც 2 თვის განმავლობაში განვახორციელეთ, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში საქართველოში დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს გეგმას, რომელიც გიორგი გახარიას თქმით, საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა.

"მოგეხსენებათ, იანვარში თითქმის 1 წელის გავიდა მას შემდეგ, რაც პანდემია პირველად დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა, პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში და მსოფლიოში გლობალურადაც გრძელდება.

დღეის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 1177 შემთხვევა ინფიცირების, რაც რა თქმა უნდა, იმ მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიების ფარგლებში, რაც 2 თვის განმავლობაში განვახორციელეთ, პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში საქართველოში დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ 1-ელ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა, ჩვენ ამ შემთხვევაში, 1-ელ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც მოქმედებს. ამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ ერთად შევიმუშავოთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელის საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა, ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ასევე, ვაქცინაციასთან დაკავშირებლი საკითხები და ა.შ. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ", - განაცხადა გახარიამ.

შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ წარმატებულად როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ასევე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტათი უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა,- განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ჩნდება სამი ახალი პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ერთ-ერთი მათგანი ეხება ტესტირების გაფართოვებას, ასევე, ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნებას იქ, სადაც ამისი აუცილებლობა იარსებებს და მესამე პრიორიტეტი დაკავშირებული იქნება ვაქცინაციასთან.

"აქ სამი ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში, ეს გახლავთ ტესტირების სქემის შეცვლა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში უკვე ტესტირების რაოდენობა გაზრდილია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, მეორე, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება იქ, სადაც ეს საჭირო იქნება და, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია. ვაქცინასთან დაკავშირებით, ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ ვერც ვხდები საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებით, დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს კომისია ისახავს მიზნად რამდენიმე ამოცანას - პირველი, უნდა მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებლია ლოგისტიკასთან, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი, ასევე, მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია. მეორე, ეს არის წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლების აცრაც პრიორიტეტულად უნდა დავიწყოთ და მესამე, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ "კოვაქსის" პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც. ამასთან დაკავშირებით, პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე ისინი წარმოადგენენ ამ გეგმას, რომელიც შემდგომ მთავრობაზე იქნება დამტკიცებული, ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული,"- განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"