"საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი დასრულდა. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში, კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველ პროექტში საუბარია ლოჯისტიკურ ნაწილზეც, ასევე ვაქცინაციის გვერდით მოვლენებსა და მიზნობრივ ჯგუფებზე.

"არსებობს ეროვნული გეგმის პირველი დასრულებული პროექტი. დღევანდელ საბჭოზე მოხდა დასრულებული ვერსიის წარდგენა. იყო განხილვა, წინადადებები, შენიშვნები. კონსენსუსის წესით მოხდა გეგმის მიღება, რომელიც დასამტკიცებლად გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ, წარედგინება ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას.

გეგმა არსებობს, რომლის 8 ძირითად მიმართულებებს შორის გახლავთ სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპი, რა სცენარებია ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინების პირობებში, როგორი უნდა იყოს სერვისების მიწოდება, დამატებითი სიმძლავრეების შემოტანა, მობილური ჯგუფები, როგორი უნდა იყოს გვერდით მოქმედებების აღნუსხვა",-აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ მედიას მიმართა და ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"მთავარია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი, რომ მოხდება სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვაქცინაცია განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი მთავარია იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს.

ამასთანავე, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ამ შემთხვევაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას 18 წლამდე ასაკის ადამიანები არ გაივლიან, რადგან მისი თქმით, 18 წლამდე ასაკში ვაქცინის კლინიკური კვლევა ჯერ არ განხორციელებულა.

"ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე. მოსახლეობას რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა, ახლა იწყება 12 წლის ზემოთ. კოლექტიური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს. ჩვენი გეგმა გათვლილია ამაზე. მე ძალიან მინდა, რომ ეს 60% ავცრათ წელს. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ. აქ უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში. როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა იმიტომ, რომ ვაქცინაზე უკეთესი ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციის გარეშე, ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ, ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ეს კარგად უნდა გავითავისოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას 65 მილიონიდან 170 მილიონამდე ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა დასჭირდება.

"ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია სხვადასხვა ვაქცინის ღირებულებასთან მიმართებით, ასევე სერვისის ღირებულების გათვალისწინებით, თუ რა ეღირება ერთი აცრა, სხვა დამხმარე სამსახურების, როგორიც არის Iთ სამსახურები, ლოჯისტიკური სამსახურები, ამასთანავე, ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯებთან ერთად ბიუჯეტი ამ წლის განმავლობაში მერყეობს, დაახლოებით, 65 მილიონიდან 170 მილიონამდე, რომ ჩვენ მოსახლეობის 60% ავცრათ,"- განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"