"ყოველთვის მქონდა განცდა, რომ წარმატების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული, სიღრმისეული ცოდნა მჭირდებოდა"
"ყოველთვის მქონდა განცდა, რომ წარმატების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული, სიღრმისეული ცოდნა მჭირდებოდა"
"ჩვენ სწორედ ცვლილებების თაობა ვართ, რომელიც თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ძალიან ბევრი რამის შეცვლას მოახერხებს ქვეყანაში"

ადამიანების თანადგომა დედამიწის ზურგზე ყველაფერს შეგვაძლებინებს. ამის ნათელ მაგალითს სოციალურ ქსელში წავაწყდი. ამხელა სივრცეში ათასობით საინტერესო ჯგუფი არსებობს, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ ჯგუფი "მეშევძელი" აღმოვაჩინე, სადაც ჩვიდმეტი ათასი ადამიანი თავის მიღწევებზე, რთულ, განვლილ გზასა და შესრულებულ საქმეებზე ერთმანეთს უყვება, ჯგუფში კი სხვები მოტივაციის წყაროს ეძებენ ან, უბრალოდ, ერთმანეთის გასამხნევებლად დადებით კომენტარებს არ იშურებენ.

25 წლის მარიამ დავლაშელიძეს ჯგუფში შევხვდი. მარიამი ბოსტონში, მასაჩუსეტის უნივერსიტეტის მაგისტრატურას მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მოგვარების ფაკულტეტზე გადის. ბოსტონამდე მისასვლელად მან გრძელი გზა გაიარა, ოცნება მიზნად აქცია და ამერიკაშიც ჩააბარა. მარიამს დიდი გეგმები აქვს და მას სწორედ ამ გეგმებსა და განვლილ გზაზე ვესაუბრე.

მარიამ დავლაშელიძე:
- ამერიკაში
2019 წელს ჩამოვედი და თითქმის 2 წელი გავიდა, რაც აქ ვცხოვრობ. სკოლის დამამთავრებელი კლასებიდან მოყოლებული, მინდოდა, საზოგადოებაში "ცვლილებების აგენტი" ვყოფილიყავი და უკეთესობისკენ შემეცვალა ჩემ გარშემო არსებული გარემო. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვაქტიურობდი სხვადასხვა პროექტში, სამოქალაქო აქტივობის გაძლიერების კუთხით - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
13 წლის ვიყავი, 2008 წლის ომი რომ დაიწყო, შემდეგ, 2014 წელს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროს ისე დაემთხვა, რომ იქ მომიხდა ყოფნა. მაშინ, ამ დაძაბული ფონის მიუხედავად, ცვლილებების უფრო ძლიერი სურვილი გამიჩნდა. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ წარმატების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული, სიღრმისეული ცოდნა მჭირდებოდა. სწორედ ამიტომ დავიწყე ფიქრი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე.

ბევრი შრომის მიუხედავად, პირველ წელს არ გამიმართლა - ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში ჩავირიცხე, თუმცა გრანტის აღება ვერ მოვახერხე. გრანტის გარეშე, კი სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას ვერ შევძლებდი. სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი წელი მემუშავა საკუთარ თავზე, გამეუმჯობესებინა ჩემი უნარები და ამერიკაში წავსულიყავი სასწავლებლად. მოგვიანებით კი, ეს დროებითი წარუმატებლობა გახდა ჩემი წარმატების საფუძველი.

ამერიკაში, უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცესი არ იყო მარტივი, მით უფრო მაშინ, როდესაც არ წამოვსულვარ რამე კონკრეტული პროგრამით და უმაღლესშიც ჩემით ჩავირიცხე. ამის გამო, ერთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში სწავლისა და 2 სამსახურში მუშაობის პარალელურად, საკუთარ თავსა და უნარებზე სისტემატური მუშაობა მიწევდა, მინდოდა, რომ სხვა კანდიდატებისთვის საკმარისად კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავი.

ამასთან, როდესაც ლექტორებს ჩემს გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე ვუყვებოდი, ერთ-ერთი ასეთი “ონლაინ“ გაცნობითი შეხვედრის დროს, უნივერსიტეტის მხრიდან მივიღე სამუშაო შემოთავაზება. ეს ჩემთვის და იმ რეალობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად საქართველოში ვხედავდი, წარმოუდგენელი იყო. მიკვირდა, რომ შეხვედრის გარეშე მთავაზობდნენ სამსახურს.

- რა თქვეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, როდესაც შენს მიზნებზე შეიტყვეს?
- ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს ოჯახის წევრების გვერდში დგომა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. საოცარი მშობლები მყავს. ისინი ყოველთვის მაძლევდნენ საშუალებას, არჩევანი თავად გამეკეთებინა, დღემდე, მუდამ პატივს სცემენ ჩემს არჩევანს და გვერდში მიდგანან. ამერიკაში ჩემი წამოსვლის გადაწყვეტილებასაც გაგებით მოეკიდნენ, ბუნებრივია, ვგრძნობდი, არ უნდოდათ რომ წავსულიყავი, მშობლები არიან და ნერვიულობდნენ, თუმცა ძალიან მადლიერი ვარ მათი, ჩემი გადაწყვეტილება თავიანთ პირად სურვილებზე მაღლა რომ დააყენეს.

- მოგვიყევი რა გზა გაიარე?
- ამერიკაში, უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცესი რთული იყო, წარმატების მიღწევის უტყუარი რეცეპტი, ბუნებრივია, არ ვიცი, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი შეცდომებმა შეასრულა. შეცდომებზე სწავლა დამეხმარა ჩემი თავი აღმეზარდა.

მქონდა მოტივაცია, ყოველდღიურად დილის 5 საათზე ავმდგარიყავი, სისტემატურად მემუშავა საკუთარ თავსა და უნარებზე და მოვმზადებულიყავი გამოცდებისთვის, რომელიც ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად იყო საჭირო. ბევრი წარუმატებლობისა და სტრესის მიუხედავად, შევძელი საკუთარ თავში ძალის პოვნა, რომ მეორე დღეს ბრძოლა თავიდან დამეწყო.

- როგორია ამერიკაში სწავლა? - ბევრისთვის მანდ მოხვედრა აუხდენელი ოცნებაა...
- უნივერსიტეტში თეორიულ სწავლასთან ერთად გვაქვს პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამები და ლექციები, რომელიც ხელს გვიწყობს, გავხდეთ პროფესიონალები მოლაპარაკებებში, კონფლიქტების ანალიზსა და მათი გადაჭრის გზების დაგეგმვაში.

ბუნებრივია, რომ სტუდენტს ბევრ გამოწვევასთან გამკლავება უწევს, უპირველესად კი, სახლისგან შორს, დამოუკიდებლად ყველაფრის კეთება, ენობრივი ბარიერისა და სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებული ლეგალური წინააღმდეგობების დაძლევა. თუმცა, როდესაც ამერიკაში მოდიხარ, სრულიად უცხო გარემოში, სადაც არავის იცნობ, არავინ ხარ, გეძლევა შესაძლებლობა, ყველაფერი შენით, თავიდან შექმნა. ეს თავიდან გაშინებს, თუმცა, როგორც კი ამას გადალახავ, დაინახავ, რომ შიშის მიღმა შესაძლებლობების ზღვა ჩნდება.

- პანდემიის პირობებში თუ იყავი მანდ, რა ხდებოდა ამერიკაში?
- მთელი პანდემიის განმავლობაში ამერიკაში ვიყავი. სწავლა ახლაც დისტანციურად მაქვს. თავიდან, ბუნებრივია, ეს ყველასთვის დიდი გამოწვევა იყო, გამიჭირდა მთელ დღეს ეკრანს მიჯაჭვული მუშაობა და მეცადინეობა. თუმცა მოვახერხე, ეს გამოწვევაც შესაძლებლობად მექცია. ტრანსპორტში დაზოგილი დრო ახალი უნარების შეძენას დავუთმე და ვარჯიშიც დავიწყე. მიუხედავად პანდემიისა, ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციით დადგენილი ნორმების დაცვით, აქ თითქმის ყველა დაწესებულება ღიაა და ეს შედარებით ამარტივებს პანდემიასთან გამკლავების პროცესს.

პანდემიის დაწყებამ ხალხში პანიკა გამოიწვია, იყო გაურკვევლობა, დაბნეულობა, შიში. თუმცა დროთა განმავლობაში ყველა მიეჩვია პანდემიასთან ერთად ცხოვრებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას. პანდემიიდან 10 თვის თავზე განვაგრძობთ ცხოვრებას ჩვეული რიტმითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

- როგორც ვიცი, დიდი გეგმები გაქვს. მოგვიყევი, რას აპირებ სამომავლოდ?
- 21-ე საუკუნეში აკადემიურ განათლებასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების დაგროვება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩართული ვარ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში, მათ შორის, ვმუშაობ სამშვიდობო პროექტების შეფასების საერთაშორისო სისტემის შემუშავებაზე; აქტიურად ვარ დაკავებული განათლების საკითხებით - კერძოდ, სკოლებში კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევების სწავლებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის ინტეგრაციის პროექტზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე, ვარ საერთაშორისო ინტერკულტურული პროექტის ფასილიტატორი, რომლის საშუალებითაც  მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს ვეხმარებით ეთნიკური თუ რელიგიური სტერეოტიპების დამსხვრევასა და ერთმანეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში. ამერიკაში მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მეხმარება ჩამოვყალიბდე ჩემი საქმის პროფესიონალად. სამომავლოდ ვგეგმავ ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას.

- ოცნების ასრულება შეძელი, რას ეტყვი მათ, ვინც ახლა უნდა გაიარონ ეს გზა? რატომ არ უნდა დანებდნენ?
- როდესაც გვესმის ან ვკითხულობთ ამბებს წარმატებულ ადამიანებზე, ყოველთვის გვგონია, რომ ისინი განსაკუთრებული უნარებით არიან დაჯილდოებულები. სინამდვილეში, არ დაიჯეროთ მითები განსაკუთრებულ უნარებზე. თქვენ თავად ქმნით განსაკუთრებულ შესაძლებლობებს განვითარების მუდმივი სურვილით, ბრძოლით, და საკუთარ შეცდომებზე სწავლით. უბრალოდ, წარმატება ისეთი რამ არის, რომლის მხოლოდ შედეგია ხილული, სინამდვილეში კი, თითოეული წარმატების მიღმა ძალიან დიდი ენერგია, ძალისხმევა, თავდაუზოგავი შრომა და წარუმატებლობა იმალება.
ასევე, წარმატების გზაზე ხშირად გაიგონებთ მსგავს ფრაზებს: "რომ არ გამოგივათ", "არ ხართ საკმარისად კარგები", "სხვებმა თუ ვერ შეძლეს?" - მე კი ვეტყვი ყველას, რომ არავის უსმინონ. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს განსაკუთრებული შესაძლებლობები, არსებობს მხოლოდ რაღაცის მიღწევის ძლიერი სურვილი და წარმატება.

ძალიან მნიშვნელოვანია სურვილი! როდესაც გაქვთ რაღაცის მიღწევის ძლიერი სურვილი და მის მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებთ, შედეგიც არ დააყოვნებს. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ ცვლილებების თაობა ვართ, რომელიც თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ძალიან ბევრი რამის შეცვლას მოახერხებს ქვეყანაში.

(სპეციალურად საიტისთვის)
მარი
18 იანვარი 2021 16:23
ბრავო!!! ასეთი მომავალი თაობა გადაარჩენს სამყაროს !!! დარწმუნებული იყავი ყველაფერი გამოგივა ჩემო კარგო! ))) წარმატებები!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები