"რუსული ანეკდოტი არის გადაკეთებული, მომაკერეს მე. მსგავსი არაფერი მითქვამს" - როგორ იხსენებს 95 წლის მზექალა შანიძე მამასთან ურთიერთობას - კვირის პალიტრა

"რუსული ანეკდოტი არის გადაკეთებული, მომაკერეს მე. მსგავსი არაფერი მითქვამს" - როგორ იხსენებს 95 წლის მზექალა შანიძე მამასთან ურთიერთობას

ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი  მზექალა შანიძე 1926 წლის 16 იანვარს დაიბადა და 95 წლის ხდება. თეატრმცოდნემ და  ტელეწამყვანმა ნიკა წულუკიძემ "იმედის დღისთვის" მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- სულ ამბობთ, რომ ცოცხალი ქართულით უნდა ილაპარაკოთო. რომ გვითხრათ, რას ნიშნავს ცოცხალი ქართული და როგორ უნდა შევძლოთ ჩვენმა თაობამ, რომ  შევინარჩუნოთ ქართული ენის სიმდიდრე?

- აი, თქვენ რომ ამბობთ ენის სიწმინდეო, ეს რას გულისხმობს, რომ არ უნდა ვიხმაროთ არა სალიტერატურო ფორმები, არ უნდა ვიხმაროთ ბარბარიზმები და ა.შ. რა თქმა უნდა, სალიტერატურო ენის ფორმები ასე თუ ისე დადგენილი არის და ვამბობთ ჩვენ რომ ეს დიალექტიზმია და ვამბობთ, რომ არ უნდა ვთქვათ, მევიდა, წევიდა და ა.შ. მაგრამ ახალი ლექსიკა და ახალი ფორმები, რომლებიც დღეს მეტყველებაში შემოვიდა და ხშირად ყურს გვჭრის ძნელი დასადგენია. ჩვენ იმოდენა ინფორმაცია მივიღეთ ბოლო ხანებში, რომელთა შესახებ ადრე წარმოდგენა არ გვქონდა და ბუნებრივია, რომ ენაში ეს აისახება, მაგრამ ძალიან ძნელია ენათმეცნიერული თვალსაზრისით განსაზღვრა, ზუსტად რა არის ბარბარიზმი. აი, ვთქვათ, კომპიუტერი, სიტყვა, რომელიც არ იყო ადრე ჩვენს ლექსიკაში, ითვლება თუ არა ის ბარბარიზმად? აი ხმარების სიხშირე ხშირად განსაზღვრავს იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბარბარიზმს. ახლა მე თუ ვიტყვი, რომ კონსესუსი არ ვარგა, როდესაც 100 ადამიანი ჩემ გარდა იტყვის და იმას იხმარს, იძახე და იყავი.

- ქალბატონო მზექალა, კომპიუტერთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? - ვერ გეტყვით, რომ დიდი ჰაკერი ვარ, მაგრამ ვხმარობ.

- აი, ნიკო ნიკოლაძეზე წერენ, რომ 80 წელს, რომ გადასცილდა მერე  დაიწყო ინგლისური ენის შესწავლაო. თქვენ ინგლისური, გერმანული,  ფრანგული, ძველი სომხური, ძველი ებრაული, სირიული, ვერ ვიმახსოვრებ ჩამონათვალს... ზოგი ენა იცით ძალიან კარგად, ზოგიც - სამუშაოდ...

- ენათმეცნიერისთვის ენის ცოდნა არ გულისხმობს ყოველთვის იმას, რომ ის თავისუფლად ლაპარაკობს იმ ენაზე, მითუმეტეს არის ენები, რომლებზეც აღარავინ აღარ ლაპარაკობს. მე რამდენიმე ენა ვიცი თავისუფლად სალაპარკოდ, დანარჩენი ისე ვიცი, რომ ვიმუშაო. განათლებით აღმოსავლეთმცოდნე ვარ, არაბულს ვსწავლობდი, ძველ ებრაულს ვსავლობდი, რაც საშუალებას მაძლევს მუშაობაში, განსაკუთრებით ძველ ტექსეტებზე, რომლებიც რელიგიურია, გამოვიყენო ორიგინალი და შევამოწმო იქ რა არის და როგორ არის.

- რას გვეტყვით დღევანდელ თაობაზე? - მაწუხებს ის, რომ სამწუხაროდ, დღევანდელმა ვითარებამ მოიტანა ახალგაზრდობის ერთი ნაწილის ნიჰილისტური დამოკიდებულება, როგორც ჩვენი წარსულის კულტურული ღირებულებისადმი, ისე საზოგადო ცხოვრებისადმი.  წარსულის კულტურული მოვლენების შეფასება რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ ნიჰილისტური დამოკიდებულება ხელს უშლის წინ გახედვას. ძალიან შორს ვარ იქედან, რომ ზოგოერთებივით მჯიღი მკერდში ვიცე და აი ნახეთ ჩვენი წინაპრები როგორები იყვნენ... ჩვენი წინაპრები თუ კარგები იყვნენ, მოდი,  ჩვენც კარგები ვიყოთ და რაღაც საქმე გავაკეთოთ. არ შეიძლება არც ერთის მხრივ იმითი ტრაბახი, რომ ჩვენ ასეთი კულტურა გვქონდა და არც ის შეიძლება, რომ ხელაღებით უარყო  ის ახალი, რაც ახალ ცხოვრებას მოაქვს.

- არ იყო რთული, რომ დაგეძლიათ აკაკი შანიძის შვილობა და თქვენ თქვენი მნიშვნელოვანი ადგილი დაგემკვიდრებინათ? როგორ შეძელით ეს? მითუმეტეს იმ დროს, როდესაც ქალისთვის ორმაგად უფრო რთული იყო

- ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ინდივიდუმი და არ უნდა ეშინოდეს იმისა, რომ ვიღაცის დიდი ავტორიტეტი იმას დაძლევს. ქალისთვის დღესაც ორმაგად რთულია ეს, იმიტომ, რომ ჩვენი სოციალური წყობა არ უწყობს ხელს ქალების დაწინაურებას. ე.წ. ემანსიპაციამ ქალს ორმაგი ტვირთი დააკისრა. იქ, სადაც საზოგადოებრი ცნობიერება კიდევ მოითხოვს იმას, რომ ქალი მარტო ოჯახში იყოს, ძალიან ძნელია, წახვიდე სამსახურშიც, საქმეც აკეთო ისე, რომ წარმატებული იყო და ამავე დროს ქვაბებიც ხეხო. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება არ არის ისე მოწყობილი, რომ ქალებს გაუადვილოს შრომა, მაგრამ ხომ ხედავთ, დღეს რამდენი ჭკვიანი პოლიტიკოს ქალი გვყავს, სახელმწიფოს მეთაურებიც არიან ჩვენთან თუ სხვაგან. ამიტომ მე პრინციპულად არ ვარ იმის მომხრე, ძველი ქართული ანადაზა, რომ არის, "ქალი თმაგრძელი და ჭკუა მოკლეო". მართალია, დღეს თმა გრძელი თითქმის აღარავის აღარ აქვს, მაგრამ ბევრმა ქალმა დაამტკიცა, რომ ის ჭკუა მოკლე აღარ არის და ნამდვილად შეუძლია სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა.

- როგორი იყო ბატონ აკაკისთან ერთად თანამშრომლობა? - მკაცრი იყო, მე მახსოვს, წიგნში კორექტურას ყოველთვის თვითონ აკეთებდა. პატარა, რომ ვიყავი მასწავლა, კარგად თუ წაიკითხავ და შეცდომას იპოვიო, თითო კანფეტს მოგცემო. მეც კანფეტის ხათრით ვკითხულობდი ხოლმე (იცინის) და ახლაც როდესაც კორექტურა მაქვს წასაკითხი ჩემი ნაწერების, სხვას არ ვანდობ, მე თვითონ უნდა წავიკითხო.

- როგორც ვიცით, ძალიან გაღიზიანებთ თქვენზე გამოგონილი ჭორი, ვითომ თქვენ ამბობდით, რომ ხუთიანზე ქართული ენა იცის მამაჩემა, ოთხიანზე მე და სამიანს თუ გინდათ დაგიწერთო... - ეგ არის ჭორები, რომლებიც გავრცელებულია ჩემზე. ეს არის ძველი რუსული ანეკდოტის ვერსია. მღვდელი ეუბნება სემინარიის მოსწავლეს,  ხუთიანი ღმერთს, ოთხიანი მე ცოდვილს და შენ ახლაგაზრდავ სამიანი. აი ეს ძველი რუსული  ანეკდოტი არის გადაკეთებული, რომელიც მომაკერეს მე. არასდროს მაგის მსგავსი მე არაფერი არ მითქვამს. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ ეს ხმამაღლა განვაცხადო. ხუთიც ბევრი დამიწერია.

- ერთხელ ბრძანეთ, რომ მე არ მიმოღვაწიაო, აბა ვის უმოღვაწია?! - რა თქმა უნდა ასეა. მოღვაწე იყო ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც უნივერსიტეტი დაარსა და იმას არასოდეს არ უთქვამს თავის თავზე ასეთი რამ. პირიქით, მისი ცნობილი გამონათქვამი არის, რომ მე თავს ვგრძნობ ჭიანწველად, რომელსაც უზარმაზარი ტვირთი წამოუკიდებია და ცდილობს მას მოერიოსო. ნამდვილი მოღვაწისა და მეცნიერის აზრი არის ის, რომ გასაკეთებელი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე მას გაუკეთებია. ივანე ჯავახიშვილი თუ ამას ბრძანებს, მე რაღა მეთქმის. წყარო