"ამდენ ლამაზ ქართველ მანდილოსანს შორის თვალი მშვენიერ სენაკელ გოგოს დავადგი და არც შევმცდარვარ"
16-01-2021
"ამდენ ლამაზ ქართველ მანდილოსანს შორის თვალი მშვენიერ სენაკელ გოგოს დავადგი და არც შევმცდარვარ"
"მინდა მრავალშვილიანი, ბედნიერი ოჯახი გვქონდეს და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ... ოჯახში პატარა არ უნდა დაილიოს, მაშინ ხარ კაცი ბედნიერი"

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველთა დელეგაციაში არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი იქნება. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები: ნინო სალუქვაძე, გურამ თუშიშვილი, გენო პეტრიაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი და სხვანი. თუმცა მათ შორის ერთი გამორჩეული ძალოსანი ლაშა ტალახაძეა. ტიტულებით ლაშა არავის ჩამოუვარდება. ევროპისა და მსოფლიოს ოთხ-ოთხ-გზისა და რიოს თამაშების ჩემპიონია. მასზე მეტი ოქრო-ვერცხლი მხოლოდ ნინო სალუქვაძეს აქვს მოპოვებული,
რომლისთვისაც ეს მეცხრე ოლიმპიური თამაშები იქნება, ტალახაძე კი ტოკიოში მეორედ გამოვა ოლიმპიურ ფიცარნაგზე. ქართულ დელეგაციაში ის ყველაზე ღონიერი ათლეტი იქნება. თუმცა, ლაშა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია ყველაზე ღონიერი სპორტსმენი. ასეთ გოლიათთან შეხვედრის პატივი კი ყველას არა აქვს და ჩემთვისაც საინტერესო იყო მასთან საუბარი.

- ლაშა, რიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ შენს ცხოვრებაში ალბათ ბევრი რამ შეიცვალა. რა არის მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- მართალია, ბრაზილიაში მოპოვებულმა ოქრომ გარკვეულწილად შეცვალა ჩემი ყოფა. რიოს შემდეგ საკუთარ თავს მეტი მოვთხოვე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების რამდენიმე ტიტულსაც დავეუფლე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დაოჯახება იყო. ამდენ ლამაზ ქართველ მანდილოსანს შორის თვალი მშვენიერ სენაკელ გოგოს, ანა დემურიას დავადგი და არც შევმცდარვარ. უკვე ორი ქალიშვილი გვყავს. უფროსი ჯერ ორი წლის არ არის, უმცროსი კი სამი თვისაა. მინდა მრავალშვილიანი, ბედნიერი ოჯახი გვქონდეს და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერი ღმერთის ნებაა. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ბიჭი იქნება თუ გოგო. მთავარი შვილია, ოჯახისა და ერის გამრავლება. საერთოდ, ოჯახში პატარა არ უნდა დაილიოს, მაშინ ხარ კაცი ბედნიერი. მე სპორტსმენი ვარ და უმეტესად დარბაზში, შეკრებებსა თუ შეჯიბრებებზე ვარ. ამ დროს ყველა მენატრება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძნელია და ოჯახისთვისაც, მაგრამ იციან, საქმეს ასე სჭირდება და იძულებულნი არიან შეეგუონ ამ მდგომარეობას. მეუღლე მეხმარება, ყველანაირად მიწყობს ხელს, ბავშვებს ის უვლის. ბევრმა იცის, სპორტსმენი კაცის ცოლობა ადვილი არ არის, მძიმე ტვირთია, თუმცა უკვე ვთქვი, არჩევანში არ შევმცდარვარ.

- ხაჭაპური ვისი გამომცხვარი გირჩევნია, მეუღლის თუ დედაშენის?
- ანა მეგრელია და ჩინებულ მეგრულ ხაჭაპურსაც აცხობს და ძალიან გემრიელ კერძებსაც ამზადებს. თუმცა მე ცხარე საჭმელები არ მიყვარს და მეუღლეც ითვალისწინებს ჩემს გემოვნებას. რაც შეეხება დედაჩემს, მის იმერულ ხაჭაპურზე ვარ გაზრდილი და როგორ არ მეყვარება?

- ღვინო სადაური გირჩევნია, იმერული თუ კახური? სპორტსმენი კი ხარ, მაგრამ ქართველი კაცი და ღვინოს არ გაუსინჯოს ჭაშნიკი, ვერ წარმომიდგენია. მით უმეტეს, შენ და ირაკლი თურმანიძე რომ მიუსხდებით სუფრას, ალბათ ერთ ფუთსაც თავისუფლად შეირგებთ.
- იმერულ ღვინოს ვანიჭებ უპირატესობას, ციცქა-ცოლიკაური ძალიან მიყვარს, მაგრამ სხვა კუთხეშიც კარგი ღვინოები იციან. იშვიათად მიწევს დალევა, შეჯიბრების შემდეგ ერთი-ორი ჭიქა შეიძლება. მე და ირაკლის გვიყვარს ერთად ქეიფი, ოღონდ ზომიერად. სხვათა შორის, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძეც გვირჩევს ხოლმე, თითო ჭიქა წითელი ღვინო დავლიოთ, კუნთების მოსადუნებლად. განსაკუთრებით შეჯიბრების მერე, რომ კუნთებმაც დაისვენონ და ნერვიული დაძაბულობაც მოგვეხსნას.
- ახლა სწორედ მწვრთნელებზე მინდა გკითხო. ფიცარნაგზე ძალოსანი გამოდის და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა შტანგის აწევას, მაგრამ შეჯიბრების დროს სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება, ზოგჯერ წამებშიც კი. ამის თვალყურის დევნებას სპორტსმენი უბრალოდ ვერ ასწრებს. ამიტომ ბრძოლის ტაქტიკას, ვის როდის და რა წონა უნდა შეუკვეთოს, ამას მწვრთნელი ხელმძღვანელობს, მასზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, გაიმარჯვებს თუ არა ათლეტი. როგორ ფიქრობ, ვისი წვლილი უფრო მნიშვნელოვანია, სპორტსმენის თუ მწვრთნელის?
- მართალია, მწვრთნელზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის აკვირდება მეტოქეებს, ვინ როგორ ფორმაშია, რა ტაქტიკას ირჩევს. ზოგჯერ შეიძლება თვალებშიც ჩახედოს, რომ მიხვდეს, რა შეუძლია კონკურენტს. სხვა თუ მაგალითად 200 კგ-ს შეუკვეთს, ჩვენ 200-ზე მეტი გვჭირდება, მაგრამ მზად ვარ თუ არა ამ წონისათვის, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. სხვაც ბევრი აქვს საქმე. ფიცარნაგზე გასვლამდე უნდა გაგახუროს, ფსიქოლოგიურადაც მოგამზადოს, ზოგჯერ შეიძლება გაგილაწუნოს კიდეც. ამიტომ, ორივეს წვლილი თანაბარია. სპორტსმენი კარგი ვერ იქნება, თუ ცუდი მწვრთნელი ჰყავს. ამ მხრივ მე გამიმართლა. თავიდანვე ავთო გახოკიძე მავარჯიშებდა, ნაკრებში კი გიორგი ასანიძე.

- ბევრჯერ შემიმჩნევია, ძალოსნები ასწევენ თუ ვერა შტანგას, ხელს გადაუსვამენ იარაღს, თითქოს ეფერებიანო. რატომ?
- ამ დროს ათლეტი ათვითცნობიერებს, რომ წარმატებაც და წარუმატებლობაც მასზე იყო დამოკიდებული. ამიტომაც ყველა ცდილობს ამ ცივ რკინას პატივი სცეს. ძალოსნებს ერთი დაუწერელი კანონი გვაქვს - შტანგას, აი იმ ლატანს, ღერძს რომ ვეძახით, ფეხი არ უნდა გადააბიჯო. თუ ვინმე უცხო შემოვა დარბაზში და ეს წესი არ იცის, ვთხოვთ, ეს არ გააკეთოს. ასე რომ, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ უსულო ლითონს, რომელიც ბევრ სიამოვნებას გვანიჭებს და არცთუ იშვიათად, სწორედ ამ იარაღით ვიმარჯვებთ.

- კორონავირუსის გამო, 2020 წლის სეზონი შენც და სხვებსაც პრაქტიკულად ჩაგივარდათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვარჯიშს მაინც თუ ახერხებდით?
- სეზონის დასაწყისში იტალიაში ჩატარდა მსოფლიოს თასის გათამაშება, ერთადერთი იქ მოვასწარით გამოსვლა და წარმატებითაც. ჩვენმა გუნდმა საერთო ჯამში, 11 მედალი მოიპოვა. მე ოქროს სამ მედალს დავეუფლე, მერე კი კორონავირუსის ამბები აგორდა და ტურნირები, ჩემპიონატები სამომავლოდ გადაიდო. იძულებულები გავხდით ისევ ვარჯიშებს და შეკრებებს დავჯერებოდით. ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და ამის უფლება მოგვცა, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით. ნაკრებში ყველას თავისი შტანგა აქვს და ერთმანეთისაგან 3-4 მეტრის დაშორებით ვვარჯიშობთ.
- კარიერაში უკვე გქონდა მომენტი, როდესაც ორი წელი ვერ გამოხვედი ფიცარნაგზე. სამაგიეროდ, საერთაშორისო არენას დაუბრუნდი თუ არა, მას შემდეგ ყველაფერი მოიგე. ახლანდელი იძულებითი დასვენება ხელს შეგიშლის თუ პირიქით, მომავალ გამარჯვებებში დაგეხმარება? ალბათ დიდ ფიცარნაგზე გასვლაც მოგენატრა.
- სიმართლე გითხრათ, მონატრების გრძნობა ნამდვილად მაქვს, მაგრამ ეს იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ყველა ტურნირს მოვიგებ. ალბათ გახსოვთ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2015 წელს საერთაშორისო ასპარეზობებს რომ დავუბრუნდი, ამერიკულ ჰიუსტონში მსოფლიოს ჩემპიონი კი გავხდი, მაგრამ შედეგებით მთლად კმაყოფილი არ ვიყავი. ეტყობა გადაჩვეული გახლდით, საჭირო შემართება არ მქონდა, ფსიქოლოგიურადაც ვერ განვეწყვე. ამიტომ ახლა ვცდილობ ის წინა გამოცდილება გავითვალისწინო და ჯერ დავიბრუნო ის შედეგები, რომლებიც უკვე მქონდა დაფიქსირებული, ხოლო შემდეგ შევეცდები გავაუმჯობესო. თუ მოვახერხე და 90 პროცენტით მაინც აღვიდგინე სპორტული ფორმა, კიდევ მოვიპოვებ ოლიმპიურ ოქროს მედალს.

- მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ მოგიპოვებია ოლიმპიური ლიცენზია.
- ოფიციალურად ლიცენზია ჯერჯერობით დადასტურებული არ მაქვს, მაგრამ წინა პერიოდის შეჯიბრებების შედეგების მიხედვით, როგორც ვიცი, პირველ ადგილზე ვარ. ასე რომ, ტოკიოში მეც გამოვალ და ჩვენი ნაკრების სხვა წევრებიც.

- კარგა ხანია უკვე შენგან ქართველი გულშემატკივარიც და მთელი მსოფლიოც მსოფლიოს ახალ რეკორდს და ორჭიდში 500-კილოგრამიანი ზღვრის გადალახვას ელის. პირადად მე, სულაც არ მსიამოვნებს შენი ქომაგები რომ ოლიმპიადაზე მოითხოვენ ამ რეკორდის დამყარებას, ვშიშობ შენც არ წაგძლიოს სულმა და რეკორდს გამოდევნებულმა, ოქროს მედალი არ გაუშვა ხელიდან.
- ჰო, გულშემატკივრებს მართლაც სურთ, რომ ქართველი კაცი ყველაზე ღონიერი იყოს პლანეტაზე, მაგრამ მეც და ჩემმა მწვრთნელებმაც კარგად ვიცით, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მორიგი რეკორდი. ჩემთვის ამ ეტაპზე მთავარი ტოკიოში გამარჯვებაა.

- სპორტსმენის კარიერა სხვა პროფესიებთან შედარებით, ერთობ ხანმოკლეა. ამიტომ ახლავე უნდა იფიქრო მომავალზე. ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდეს ათლეტი 8-10 წელი უნდა ღვაროს ოფლი და ამას შესაბამისი დაფასება სჭირდება. რიოს ჩემპიონებისათვის სახელმწიფომ მაშინ 170 ათას ლარზე მეტი ვერ გაიმეტა. შედარებისათვის, ჩინოსნებს შევახსენებ, რომ ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონებისათვის ორი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. როგორ ფიქრობ, რამდენად სამართლიანია სპორტსმენებისადმი ასეთი დამოკიდებულება?
- მართლაც მეტ დაფასებას იმსახურებენ ჩვენი ათლეტები. ყველას ჰყავს ოჯახი და მომავალზეც ფიქრობს. ნამდვილად არ მინდა, რაიმე მოვაკლო ოჯახს. ლონდონის ოლიმპიადაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ვერცხლის მედალი რომ მოიპოვა, გაცილებით მეტი პრემიალური თანხით დააჯილდოეს, ვიდრე რიოს ოლიმპიადის ჩემპიონობისათვის. ოლიმპიური ჩემპიონებით ყველა ქვეყანა იწონებს თავს და არა მგონია, ჩვენი ათლეტებისადმი ასეთი დამოკიდებულება სამართლიანი იყოს.

ახალი წლის დღეებია და არ მინდა ვინმეს ჩემი სათქმელით თავი მოვაწყინო. ყველას მინდა მოგილოცოთ და ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, ქართველ სპორტსმენებს კი ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მოპოვება მინდა ვუსურვო.

გოგი ფრანგიშვილი
ჟურნალი "გზა"


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?