"ნაციონალების" რეჟიმის განკითხვისთვის სრულიად საკმარისია მათი დანაშაულები ქართული კულტურის მიმართ"
25-01-2021
"ნაციონალების" რეჟიმის განკითხვისთვის სრულიად საკმარისია მათი დანაშაულები ქართული კულტურის მიმართ"
"მჯერა, ძეგლი უსათუოდ იქ აღიმართება, სადაც მერაბ ბერძენიშვილს სურდა. არ გააკეთებს ამას კალაძე, გააკეთებს შემდგომი მერი. დაუშვებელია, დიდი მეფის ძეგლი ასეთ შეურაცხმყოფელ გარემოში იდგეს"

"მახსოვს, "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვების პირველსავე წუთებში დამირეკა მერაბ ბერძენიშვილმა. აღტაცებული იყო, "დავითი" ბრუნდება! "დავითი" ბრუნდება! ახლა იქ დადგება, სადაც ძალიან მინდოდა მდგარიყოო. გენიალურ მოქანდაკეს უდიდესი დარდი ჩაჰყვა საფლავში... სულ იმას ამბობდა, ისე როგორ მოვკვდე, "დავითი" ტრასაზე დავტოვო, შენი იმედი მაქვსო", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში
ცნობილი არქიტექტორი, რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო წევრი ვახტანგ დავითაია, რომელიც მერაბ ბერძენიშვილთან ერთად ძეგლის ახალ ადგილზე დადგმის პროექტის ავტორია.

მერაბ ბერძენიშვილმა ცხენზე ამხედრებული­ მეფის ბრინჯაოს ქანდაკების შექმნას არაერთი წელი შეალია. 1997 წელს ძეგლი სასტუმრო "ივერიის"­ წინ დადგეს, ხოლო 2005 წელს,
მას შემდეგ, რაც ყაზახმა ინვესტორებმა სასტუმრო "ივერიისა" და რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს, დღის წესრიგში დადგა მისი დედაქალაქის გარეუბანში გადატანის საკითხი - მეფის ქანდაკება დიღომში, ავტოსატრანსპორტო მაგისტრალის გზაგასაყარზე, აღმაშენებლის ხეივანში მიაბრძანეს. დღემდე მიდის ბრძოლა ძეგლის შესაფერის ადგილზე გადატანისთვის. ამ საკითხზე ზრუნვა ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო - შეგროვდა ხელმოწერები, რეჟისორები, მხატვრები, არქიტექტორები და საზოგადოების წევრები მოითხოვდნენ, რომ ვინაიდან ძეგლი უსამართლოდ იყო გადატანილი ქალაქის გარეუბანში, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, სადაც მისვლა და პატივის მიგება უჭირთ, ის პირვანდელ ადგილას დაებრუნებინათ. მერიიდან კი მუდმივად იყო და არის პასუხი, რომ მუშაობენ ადგილის მოძიებაზე.­ როგორც პროექტის ავტორი ვახტანგ დავითაია ამბობს, დავით აღმაშენებლის ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნება მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისა და ქალაქისთვის. ამასთან, ეს სამართლიანობის აღდგენაც იქნება.


- ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცით, 8 წელია იბრძვით დავით აღმაშენებლის ძეგლის დიღმის სატრანსპორტო მაგისტრალის არქიტექტურულ-სივრცობრივი ქაოსიდან პირვანდელ ადგილას დასაბრუნებლად. რა ხდება ამ მხრივ, რა სიახლეა?
- გასული წლის 26 ივნისს წინა მოწვევის პარლამენტის სხდომაზე მთაწმინდის რაიონის იმჟამინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა ლადო კახაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კითხვა დაუსვა, რას ფიქრობდა დავით აღმაშენებლის ძეგლის ადრინდელ არეალში, ანუ დედაქალაქის ცენტრში დაბრუნებაზე. ბატონმა პრემიერმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და უპასუხა, საკითხი ჩვენმა მოქალაქეებმა და თბილისის მერიამ უნდა გადაწყვიტონო. მოქალაქეებმა ეს საკითხი დიდი ხანია გადაწყვიტეს, რაზეც მეტყველებს წერილები, პუბლიკაციები, ტელეგადაცემები, 100-მდე გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ღია წერილი ყოფილი და ამჟამინდელი მერების და ქვეყნის ხელისუფლებისადმი, თბილისის 41 საპატიო მოქალაქის მიმართვა ბატონი კახა კალაძისადმი და ა.შ.. სამწუხაროდ, ამ მიმართვებს და წერილებს არათუ შედეგი არ მოჰყოლია, პასუხისთვისაც თავი არავის შეუწუხებია.

"ნაციონალების" რეჟიმის განკითხვისთვის სრულიად საკმარისია მათი დანაშაულები ქართული კულტურის მიმართ - მემორიალებისა და მონუმენტების ნგრევა: ქუთაისის დიდების მემორიალის აფეთქება (დედა-შვილის მსხვერპლით), სიღნაღში ამირანის 13-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკების ერთ ღამეში 16 ნაწილად დახერხვა, ზესტაფონში ელგუჯა ამაშუკელის "დაჭრილი არწივის" გაქრობა, ქუთაისში - აღმაშენებლის, ბათუმში - ილია ჭავჭავაძის და მემედ აბაშიძის ძეგლების გადატანა და მათ ადგილას შადრევნების მშენებლობა და ა.შ. ასევე სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულია ქართული პროფესიული პოტენციალის იგნორირება, ქუჩასა და ბარებში გაცნობილი, საკუთარ ქვეყანაშიც კი უსახელო უცხოელი არქიტექტორებისთვის ასპარეზის დათმობა. შედეგი - დახარჯულია ასეული მილიონი და არც ერთი ღირსეული არქიტექტურული ნაწარმოები. ქვეყანა გაივსო არაკონტექსტური, უმისამართო, მეორადი ანტიარქიტექტურით. ზოგიერთი შენობა დღესაც უფუნქციოდ დგას. განსაკუთრებით დაზიანდა უნიკალური ურბანული ძეგლი მესტია, სააკაშვილის მიერ აღმოჩენილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მაიერის "შემოქმედებით" (აეროპორტი, იუსტიციის სახლი, პოლიცია და ა.შ.). სწორედ ამ პერიოდს მივუძღვენი კვლევა "ავტორიტარიზმის არქიტექტურული ანატომია". ვფიქრობ, მომავალი თაობები უფრო ღრმად შეისწავლიან ამ მოვლენას.

- რით ხსნით დავით აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნების გაჭიანურებას?
- სახსრების უქონლობას ვერ დავაბრალებთ. ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 0,01%-ის გონივრული ეკონომიით, თუნდაც ტროტუარების მანქანებისგან დასაცავად მეტალის შავი ბოწკინტების ნაცვლად, ბეტონის ბორდიურის 4-5 სმ-ით ამაღლებით მიღებული ეკონომია გადაწყვეტდა ძეგლის დაბრუნების ფინანსურ საკითხს. არაფერს ვამბობ იმ ხელგაშლილობასა და "ინოვაციაზე", რასაც ჭავჭავაძის პროსპექტის რეკონსტრუქცია-რეგენერაციას უწოდებენ. ეს ცალკე საკითხია.

- ვის შეხვდით და ვისთან განიხილეთ ეს საკითხი ამ 8 წლის განმავლობაში?
- შეხვედრები მქონდა სხვადასხვა­ დროის მერებთან, ვიცე-მერებთან, მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღ­ვანელებთან...
უსამართლობა იქნება არ აღვნიშნო, რომ ბატონ დავით ნარმანიას გულწრფელად სურდა ძეგლის გადმოტანა. საკითხების დასაზუსტებლად ის ორჯერ თავად ესტუმრა სახელოსნოში ბატონ მერაბს (მერაბს გადაადგილება უჭირდა), დეტალურად გაეცნო პროექტს, თუმცა ძეგლის დაბრუნება ვერ შეძლო. ჩემთვის, მერაბ კოკოჩაშვილისა და ასევე საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებისთვის ამის მიზეზი დღესაც უცნობია.

შარშან ბატონ კახა კალაძესაც შევხვდი, გავაცანი ძეგლის პროექტი, ასევე "ეროვნული ხსოვნის მემორიალის" საპროექტო წინადადებაც. მასალა დაიტოვა, მითხრა, გავეცნობით და დაგიკავშირდებითო. ეს იყო და ეს, აქამდე ეცნობიან. ჩემმა მეგობარმა, კინორეჟისორმა გოგი თორაძემ სარკასტულად აღნიშნა, თბილისის მერებს "დავითი" ყოველდღე ერთი სანტიმეტრით რომ გადმოეწიათ, ახლა იქ იდგებოდა, სადაც მერაბ ბერძენიშვილი გვთავაზობს, სანამ მერიასთან ყივჩაღები არ მოაწყობენ მიტინგებს, არაფერი გამოვაო.

მჯერა, ძეგლი უსათუოდ იქ აღიმართება, სადაც ქართველ მიქელანჯელოს, მერაბ ბერძენიშვილს სურდა. არ გააკეთებს ამას კალაძე, გააკეთებს შემდგომი მერი. დაუშვებელია, დიდი მეფის ძეგლი ასეთ შეურაცხმყოფელ გარემოში იდგეს. დავით აღმაშენებლის ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნება მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისა და ჩვენი ქალაქისთვის. ამასთან, ეს სამართლიანობის აღდგენაც იქნება.


- პროექტი ძეგლის იმავე ადგილას დაბრუნებას გულისხმობს, საიდანაც თავის დროზე აიღეს თუ სხვაგან?
- ძეგლი რესპუბლიკის მოედნისა და რუსთაველის პროსპექტის გასაყართან აღიმართება, მელიქ-აზარიანცის სახლის გვერდითა ფასადიდან 10 მეტრით წინ, ანუ იქ, სადაც ბატონ მერაბს თავდაპირველად სურდა მისი აღმართვა. ეს ადგილი აღქმის წერტილების მრავალფეროვნებით, განათების რეჟიმითა და ძეგლთან მისვლისთვის იდეალურია. პროექტი შეთანხმებულია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და სატრანსპორტო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
კვლავ მოვიშველიებ ჩემს დღიურს: "17.VII.2016. მერაბი: "ახლახან დამთავრდა კონსილიუმი. მაღალაშვილები ოპერაციისკენ იხრებიან. სხვა გზა არ არის, ვერაფერს შევცვლი. ისე როგორ მოვკვდე, "დავითი" ტრასაზე დავტოვო... შენი იმედი მაქვს!"

მინდა მისი სურვილი შესრულდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, არ დავიღლები. ძეგლის თითო სანტიმეტრით გადმოწევის იდეა არარეალურია, ყივჩაღების პერმანენტული მიტინგების ვარიანტი კი შესაძლებელია, თურმე მათი შთამომავალნი ყაზახეთის ერთ დაბაში კომპაქტურად ცხოვრობენ და მოწიწებით ინახავენ თავიანთი წინაპრებისა და დავით აღმაშენებლის ხსოვნას...
გოგა
26 იანვარი 2021 17:05
საინტერესოა, რას ფიქრობს პარტია " სტრატეგია აღმაშენებელი" აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანაზე?
ემიგრანტი
26 იანვარი 2021 11:24
ხელი მოგემართოთ ბ. ვახტანგ სამართლიან ბრძოლაში, საშური საქმეა... ამ საკითხის მწარე გულშემატკივარი
თბილისელი
25 იანვარი 2021 21:43
გულსაკლავი წარსული და ამჟამინდელი უმოქმედობა დაძაბულობას გვიზრდის! გმადლობთ, ბატონო ვახტანგ! თქვენც, ნანა!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თვის კითხვადი სტატიები