"დადიხარ პალატებში ნასესხები ღიმილით და გინდა, ეს ღიმილი ყველა პაციენტს ჩამოურიგო... ცხოვრება ადამიანებთან თამაშის კულტურაა"
24-01-2021
"დადიხარ პალატებში ნასესხები ღიმილით და გინდა, ეს ღიმილი ყველა პაციენტს ჩამოურიგო... ცხოვრება ადამიანებთან თამაშის კულტურაა"
"საქართველოში პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს, რომ არც შენი ერი გიყვარდეს და არც - საკუთარი თავი"

უამრავი რამ ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ პანდემიამ მისთვისაც ყირაზე დააყენა ყველაფერი. არადა, კარგა ხნით ადრე წერდა: "წამით გაშეშდა მსოფლიო, წამი არ კვდება წამში". ნანა ცინცაძის­ ეს პოეტური წინასწარმეტყველება­ ახდა და მსოფლიო მართლაც გაშეშდა, ოღონდ - წამზე მეტხანს.…

- რაც ბავშვობიდან შემომრჩა, არის თბილისის სუნი. მახსოვს, ჭაღარაშერეული ბებიაჩემი ხელში აყვანილს რომ მაძინებდა ხოლმე. შემორჩენილი მაქვს ყველა იმ ადამიანის
სითბო, ვისთან ერთადაც გაიარა ჩემმა ბავშვობამ და სამწუხაროდ, დღეს ადამიანურ სევდად ქცეულან ჩემთვის - აღარ არიან, ის დრო აღარასდროს დაბრუნდება. ჩვენ კი არ მოვდივართ ბავშვობიდან, როგორც ეგზიუპერი ამბობს, ყველანი ვრჩებით ბავშვობაში, ზღაპარში, რომელიც ზღაპარივით გვშორდება და ქრება.…

- "ჩემი ცხოვრება სცენაა, ნელ-ნელა ვსწავლობ როლებს, ხან
კლეოპატრას ვთამაშობ, ხანაც სიცოცხლეს ვტოვებ". ყველაზე რთული რომელი როლი აღმოჩნდა თქვენთვის?
- პროფესიით ექიმი ვარ და მგონია, ყველაზე რთული სწორედ ექიმის როლია. თითოეულ პაციენტთან სხვადასხვა როლის თამაში გიწევს. სხვათა შორის, მათთან ურთიერთობამ დამაწერინა ეს ლექსი. რაც უფრო მძიმეა დაავადება, მით უფრო გიჭირს ავადმყოფთან კონტაქტი. დადიხარ პალატებში ნასესხები ღიმილით და გინდა, ეს ღიმილი მათ ჩამოურიგო კარგი განწყობის შესაქმნელად. გარდა ამისა, ოჯახშიც ყველას თავისი ხასიათი და სამყარო აქვს. ამ მიკროსამყაროს რომ აერთიანებ მაკროსამყაროში, ესეც როლია. მთელი ცხოვრება, გინდა სამსახურში იყავი და გინდა სახლში, ადამიანებთან თამაშის კულტურაა. ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი, რომელშიც სხვა ადამიანებთან ერთად მონაწილეობ. ყველაზე რთული მაინც მტრულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობაა. უნდა შეძლო და კეთილის მოსურნეებად აქციო ისინი, ახლოს უნდა გყავდეს, მაგრამ ვერასდროს შეამჩნიონ, რომ შენ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდები.…

- თქვენს პოეზიაში ხან გაუსაძლისი სევდა­ იკითხება, ხან მოჭარბებული სიყვარული,­ ხან უსაშველო ტკივილი და იმედგაცრუება, ხანაც თქვენი ლექსები, უბრალოდ, "მღერის" ბედნიერებისგან... ნებისმიერი განწყობა გაწერინებთ ლექსს?
- ასეა, ლექსის წერა განწყობაა. ამბობენ, რომ განსაკუთრებული სიყვარული ან ტკივილი აწერინებთ ლექსს, რომ ღამე ეღვიძებათ, იქვე უდევთ კალამი და ფურცელი და სასწრაფოდ იწერენ, რომ არ დაავიწყდეთ. მე ასე არ ვარ. შეიძლება ჩვეულ­ებრივ განწყობაზე ვიყო და უცებ დავწერო... გონებაში რაღაც ირთვება წამიერად და ვწერ. ბევრჯერ არ მამახსოვრდება, თუ მაშინვე არ ჩავინიშნე და მეკარგება ლექსი... საერთოდ, მეტისმეტად მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ. რასაც პოეზია ჰქვია და რაც გინდა, რომ სხვამაც შეიყვაროს, ჯერ შენ უნდა მოგწონდეს, თვითონ უნდა შეიყვარო და მერე გაიტანო სამსჯავროზე.

- ხალხის სიყვარულით განებივრებული პოეტი ხართ. ალბათ, კარგად გრძნობთ ამას...
- ვგრძნობ და ამ სიყვარულს არაფერში გავცვლი დედამიწის ზურგზე. ეს არის ყველაზე დიდი ფუფუნება, რაც არსებობს ამქვეყნად. როდესაც გულწრფელ სიყვარულს იღებ, სიცოცხლე ღირს იმად, რომ ასეთივე გულწრფელი სიყვარული გასცე და ბედნიერება მიანიჭო ადამიანებს. დაბადებიდან სიცოცხლის ბოლო წამამდე ღირსეულად უნდა გაიარო ყოველი დღე და მუდმივად ეცადო, აღზარდო საკუთარი თავი. ტკივილის მოთმენაც უნდა ისწავლო. ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, ხომ გაგიგიათ?! თუმცა ზოგჯერ პასუხის გაცემაც აუცილებელია.

- ამიტომ ამბობთ თქვენს ერთ-ერთ ლექსში: "ნუ იდარდებთ, ამ ტკივილსაც გადავიტან, ძალა შემწევს, მოგიტევოთ შეცდომები"... ესე იგი, პატიება შეგიძლიათ?
- ყოველ შემთხვევაში, ლექსში შემიძლია შეცდომების პატიება. ცხოვრებაში რა ხდება, ეს, მოდი, ჩემთან დარჩეს. უფალი­ არ ვარ, ვინმეს მივუტევო, არც ისეთი ჰუმანური ვარ, რომ მარჯვენაში თუ შემომარტყეს, მარცხენა მივუშვირო. შემოგარტყეს ერთხელ? - გაეცალე იმ ადამიანს. მიტევებისთვის ინდულგენციებს არ ვარიგებ­, რადგან ვინც ერთხელ გიღალატებს, გიღალატებს მეორედაც, ამას გვიან მივხვდი­. ვფიქრობდი, შეიძლება თვითონ მიხვდეს-მეთქი შეცდომას, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან, სხვადასხვანაირ ტყავში ძვრებიან, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ცხადდება.

- ძლიერი ქალი ხართ?
- "ბევრჯერ დამცხრილეს,­ ფენიქსივით მაინც აღვსდექი და კვლავ სიცოცხლეს მივუძღვენი, რაც დამრჩენია"... დიახ, სუსტი ნამდვილად არ ვარ. შეიძლება არ იყო ძლიერი, მაგრამ როცა გცხრილავენ და სიკვდილი არ გინდა, უნდა ადგე! ძლიერება სწორედ რწმენაა, ცოდნაა. სიჩუმის ხელოვნებაც ძლიერებაა, ყვირილით მხოლოდ სისუსტეს გამოხატავს ადამიანი.

- ბედნიერება და უბედურება ახლოს არის ერთმანეთთან?
- გენიალური ლექსი აქვს ვახტანგ ჯავახაძეს: "სადღაც ახლოა ბედნიერება,/სადღაც ახლოა უბედურება,/ისე ახლოა ბედნიერება,/რომ შეიძლება/უბედურებმა ფეხი წამოკრან ბედნიერებას./სადღაც ახლოა ბედნიერება,/სადღაც ახლოა უბედურება,/ისე ახლოა უბედურება,/რომ შეიძლება უბედურებას/შუბლით შეასკდეთ ბედნიერები". ნახეთ, რას გვეუბნება და რა კარგად ამბობს? ბედნიერი ისევე არ ელოდება უბედურებას, როგორც უბედური - ბედნიერებას. ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის ყველაზე საშინელი თამაში... ბედისწერა უცნაური რამეა - შეიძლება ერთ დღეს ძალიან ბედნიერი­ და წარმატებული იყო, მაგრამ უცებ ყველაფერი დამთავრდეს.

- რა არის მთავარი, თქვენს ერთ სტრიქონშიც კარგად ჩანს: "ყველა სკამი ირყევა,­ ერთადერთი­ კაცობაა ნაღდი"... და კიდევ, მიუხედავად თქვენი აპოლიტიკურობისა, ჯერ კიდევ წლების წინ დაგიწერიათ: "სახლები - სასახლე, გენია - მონად,/სატანა - ნადიმზე, ბოზობა სრული,/ცხოვრებამ აქცია თაგუნა ლომად და/ლომებს გაუსკდათ მეფური გული".
- პოლიტიკისგან შორს ვარ. ვფიქრობ, საქართველოში პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს, რომ არც შენი ერი გიყვარდეს და არც - საკუთარი თავი. ჩემს სამშობლოზე მტკივა გული, დაცარიელებულ საქართველოზე. დიდი ტრაგედიაა, როცა შენ ხარ ძალიან პატარა ერი და ხდები მილევადი. ვინც ჯერ არ წასულა, ისიც გაქცევაზე ფიქრობს, ხოლო ვინც წავიდა, მათ უკვე სხვანაირად ესმით ერის სიყვარული. ისინი უკან დამბრუნებლები აღარ არიან, მაგრამ არც ამაზე წუხს ვინმე.

- "მზის ნატეხს მაინც თან წავიღებ, სიყ­ვარულს ჩემს წილს" - ეს არის ის, რისი წაღებაც გსურთ ამ ქვეყნიდან?
- ყველას ჩვენი წილი ბედნიერება და ჩვენი წილი სიყვარული გვაქვს და მინდა ყოველთვის მზის სხივთან ვიყო ჩახუტებული. გარეგნულად ექსტრავერტი ვარ, კომუნიკაბელური, რადგან ადამიანებს ბედნიერი სჭირდები. მათ სიხარული უნდა მიუტანო. ამიტომაც მინდა, ჩემი წილი ბედნიერება და სიყვარული გავიყოლო იმ ქვეყანას, სადაც ნამდვილად არ ვიცი, რა დამხვდება.…

- არ მინდა ისე დავასრულოთ საუბარი,­ ახალი ლექსი არ წაგვიკითხოთ და თქვენი საახალწლო-საშობაო სურვილები არ გაგვიმხილოთ...
- "ღმერთო, დღეს სხეული ისე მტკივა,/როგორც ახეული ლაყუჩები,/გაქრა იმედი და პერსპექტივა/და მეც აღარასდროს გავყუჩდები./თუმცა უცნაური საღამოა,/ სულში უცნაური მყავს ურჩები,/სიკვდილი აქ ისე საამოა,/აღარც კი გჭირდება მაყუჩები./ვინც არ მინდოდა და წერილს მწერდა,/ისევ უსურვილოდ დავურჩები/როგორ შევარჩინო ბედისწერას/ჩემი ახეული ლაყუჩები". ასეთია განწყობა, მაგრამ ეს რთული პერიოდი გადაივლის, მსოფლიო აუცილებლად ამოძრავდება და ყველაფერი დამშვიდდება.

ახლა შეშინებულები ვართ, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ ბედნიერი სახეებით შეხვდნენ შობა-ახალ წელს. მინდა ერთმანეთის ნახვა ყოველთვის გვინდოდეს, ერთმანეთის გაღიმებული სახეების დანახვა გვიხაროდეს, არავის შიოდეს, არავის სციოდეს, მოხუცები ნაგვის ურნებში არ ეძებდნენ საკვებს, ქუჩაში მოწყალებას არავინ ითხოვდეს; მინდა ბავშვები ჯანმრთელები და ლაღები იყვნენ, ბედნიერება კარდაკარ დადიოდეს, ყველას კარს აღებდეს და ყველას ოჯახში მიჰქონდეს, ვისაც რა აკლია...

ნინო ჯავახიშვილი

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?