"რამდენიმე ფეიკნიკოლოზი საფულის მითვისებას ცდილობდა" - როგორ ცხოვრობს და რაზე ოცნებობს "დაკარგული საფულის გმირი" - კვირის პალიტრა

"რამდენიმე ფეიკნიკოლოზი საფულის მითვისებას ცდილობდა" - როგორ ცხოვრობს და რაზე ოცნებობს "დაკარგული საფულის გმირი"

"ნამდვილ პატრონ ნიკოლოზს რომ შევხვდი, ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო. გადამეხვია, ოჯახში დამპატიჟა - ყველას ძალიან უნდა შენი გაცნობაო, მაგრამ ვმუშაობდი, ბონუსების კვირა იყო და..."

22 წლის "გლოვოს" კურიერი თორნიკე ნინიკაშვილი დაკარგული საფულის პატრონის ძებნისა და პოვნის შემდეგ მთელმა ქვეყანამ გაიცნო. ზოგი მას გმირს ეძახის, თვითონ კი ამბობს, რომ ერთი ჩვეულებრივი ზესტაფონელი ბიჭია და მოიქცა ისე, როგორც ყველა ადამიანი უნდა მოქცეულიყო.

- ჩვეულებრივი სამუშაო დღე მქონდა. ერთ-ერთ მომხმარებელთან შეკვეთას ვტოვებდი და როგორც კი "სითი მოლთან" მივედი და მოტოციკლი გავაჩერე, დავინახე, ძირს სქელი და დიდი საფულე ეგდო. ავიღე, გავხსენი... შიგ ბლომად თანხა იდო. დათვლის სურვილიც არ გამჩენია. პირადობის მოწმობა ამოვიღე და დავურეკე ახლობელს, რომელიც შსს-ში მუშაობს. მითხრა, პოლიციაში რომ მიიტანო, პროცედურებია გასავლელი, ხელწერილს დაგაწერინებენო...

დროის დაკარგვა არ მინდოდა - ჩვენს სამუშაოში საათობრივად გვიხდიან და ამიტომ გადავწყვიტე "ფეისბუკზე" ამეტვირთა პოსტი და ფოტოც დავურთე. მერე მუშაობა გავაგრძელე. ზუსტად სამი შეკვეთის შემდეგ შევდივარ "ფეისბუკზე" და ვხედავ, რომ ჩემი პოსტი უკვე 16 000-ჯერ არის გაზიარებული, ძალიან ბევრი კომენტარიც აქვს, თან - ყველა დადებითი... მფლობელს ნიკოლოზი ერქვა. სხვათა შორის, რამდენიმე ფეიკნიკოლოზიც გამოჩნდა, რომლებიც საფულის მითვისებას ცდილობდნენ.

- როგორ მიხვდით, ყალბი რომელი იყო? - მოგიყვებოდით, მაგრამ ვინც ეს იკადრა, ყველაფერს იკადრებს და მირჩევნია, ამდენი დრო არ დავუთმოთ. ნამდვილ პატრონ ნიკოლოზს რომ შევხვდი, ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო. გადამეხვია, ოჯახში დამპატიჟა - ყველას ძალიან უნდა შენი გაცნობაო, მაგრამ ვმუშაობდი, ბონუსების კვირა იყო და...

- თანამედროვე გმირად გიხსენიებენ... - საგმირო არაფერი გამიკეთებია. როგორც უნდა მოქცეულიყო ყველა ადამიანი, ისე მოვიქეცი. თავს გმირად არ ვთვლი.

- ახალ წელს სად შეხვდით? - გარეთ, დავით მჭედლიშვილთან ერთად. ფილა შოკოლადი ვუყიდე და ტკბილი წელი ვუსურვე. დავითი მიუსაფარია, არც სახლი აქვს, არც კარი, არც პასპორტი. ქუჩაა მისი სახლი. აბაშიძის 22-ში შეხვდებით. გაუქმებული შეკვეთები მასთან მიმაქვს ხოლმე და ვახარებ. მოწყალებით ირჩენს თავს. ერთხელ ერთმა სწრაფი კვების კომპანიამ 60 ლარის შეკვეთა გამიუქმა და წარმოიდგინეთ, როგორ გავახარებდი... დავსხდებით ხოლმე, ვმუსაიფობთ... ნაკითხი ადამიანია, საინტერესო მოსაუბრე...

- თქვენზე მიამბეთ... - დავიბადე ზესტაფონში. სოფელ ალავერდიდან ვარ. თბილისში 2016 წელს, სტუდენტი რომ გავხდი, მაშინ ჩამოვედი. მიმასპინძლა ვაჟა არეშიძემ.

რომ არა ეს ადამიანი, სწავლას ვერ გავაგრძელებდი. ბებიაჩემის მამიდაშვილი იყო, თუმცა 20 წელი არ ენახათ ერთმანეთი. მას დავურეკე, ჩემი ამბავი ვუამბე და მითხრა, ჩემთან იცხოვრეო. წამიყვანა "თბილისი მოლში", პირველი სასწავლო დღისთვის რაღაცები მიყიდა, კარგად ჩამაცვა. ცოტა ხნის შემდეგ მას სიმსივნე დაუდგინეს და გარდაიცვალა, მე კი მის დედას, 92 წლის მარიამ ბებოს ვუვლიდი, ვაჭმევდი, ვასმევდი, ვუცვლიდი, ვბანდი, რომ ამ ოჯახის სიკეთისთვის სიკეთით მეპასუხა.

მერე ბინა ვიქირავე. კარგი დიასახლისი შემხვდა - ფაქტობრივად, მიზერულ თანხას მახდევინებს, ყველაფერს მიკეთებს, მივლის ოჯახის წევრივით და მისი მადლიერი ვარ. ამ ინტერვიუთიც მინდა მადლობა გადავუხადო... თვალთმაქცობა არ მიყვარს, ასეთ ადამიანებს გავურბივარ, ჩემისთანა ბუნების ადამიანებს ვეძებ...

- იურიდიულზე რატომ ჩააბარეთ? - სიმართლეს ვიტყვი - 80% ჩემი მშობლების გადაწყვეტილება იყო, 20% - ჩემი. მინდოდა კანონები მცოდნოდა, არავის დავეჩაგრე - ეს იყო ჩემი მოტივაცია. რეპეტიტორები არ მყოლია, თვითონ და ახლობლების დახმარებით მოვემზადე გამოცდებისთვის. ინგლისურმა ენამ შემიშალა ხელი და დამტოვა დაფინანსების გარეშე, მაგრამ მოვხვდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავიდან ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი ჩამსხმელ ოპერატორად, მაგრამ 300 ლარი იყო ხელფასი და სწავლის საფასურს ვერ ავუდიოდი, ამიტომ ვაჟა ბიძიას შვილმა მიყიდა მოტოციკლეტი და დავიწყე "გლოვოში" მუშაობა. უკვე ერთი წელია, ვმუშაობ. ხელფასის ნახევარს მშობლებს ვუგზავნი, ნაწილს ქირაში ვიხდი. ცოტას ვაგროვებდი, რომ სწავლის საფასური გადამეხადა, რადგან ახლა სტატუსი მქონდა შეჩერებული, მაგრამ ამ საფულის ამბით იმდენმა ადამიანმა გამიცნო და დახმარების ხელი გამომიწოდა, ვერც წარმოვიდგენდი. მათი წყალობით დავალიანებაც დავფარე და ზედმეტი ერთი წლის სწავლის საფასური - 2.250 ლარიც შემიგროვდა. ახლა მუშაობას შევწყვეტ და სწავლას მივხედავ. ბედნიერი ვარ. ბედნიერი და გახარებული არიან ჩემი მშობლები და ჩემი ქალაქიც, რომ ჩემი კეთილი საქციელით ვასახელე. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩემებს მგზავრობის ფულს აღარ ახდევინებენ და ბაზარსა თუ მაღაზიაში ყველგან თბილ სიტყვებს ეუბნებიან. ამ საფულის ამბის შემდეგ ზესტაფონში რომ ჩამოვედი, არ იცით, როგორ შემხვდნენ! დედიკო ამას რომ უყურებდა, ცრემლები წამოსცვივდა. ყველა მაჩერებს და მეფერება...

- რაზე ოცნებობთ? - მინდა აშშ-ში გავაგრძელო სწავლა, მერე კი დავბრუნდე და ჩემს ქვეყანას გამოვადგე.

- რა მავნე თვისება გაქვთ? - სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებებს და ზოგჯერ ეს მაზიანებს, თუმცა ჭკუის სასწავლებელიცაა, ზოგჯერ კი - კარგიც...

- დიახ, სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის არ არის ცუდი... - მაგალითად, ერთხელ "გლოვოში" მუშაობისას ერთმა მამაკაცმა, რომელიც საყვარელთან იყო, შეუკვეთა "ბაუნტი", შეიკი და პრეზერვატივი, მაგრამ შეეშალა და საყვარლის მისამართის ნაცვლად საკუთარი სახლის მისამართი მონიშნა. თურმე ჩასიძებული ყოფილა, სახლში ელოდებოდა ცოლი, შვილი, სიდედრი, სიმამრი და მე მივადექი შეკვეთით!.. მეუღლემ გაკვირვებულმა მითხრა, მე "გლოვო" არ გამომიძახია, რა გინდათო. ვკითხე, ხომ ესა და ეს ცხოვრობს აქ-მეთქი. კიო, მიპასუხა. უცებ მივხვდი, რაც ხდებოდა და ეს "ბაუნტი" მეუღლემ გამოგიგზავნათ საჩუქრად-მეთქი, ვუთხარი. ჩანთა რომ გავხსენი, პრეზერვატივის შეკვრა დაინახა და ეს რატომ გიდევს ჩანთაშიო? ვიუხერხულე - მაპატიეთ, ეს ჩემია, ხანდახან ისეთი მომხმარებელი მხვდება, რომ ვიყენებ-მეთქი. დავარწმუნე ის ქალბატონი და ოჯახი უსიამოვნებას გადავარჩინე. სხვათა შორის, მომდევნო დღეს დამკვეთმა მამაკაცმა დამირეკა და დიდი მადლობა გადამიხადა.

ერთხელ, შეკვეთა რომ მივიტანე, აივნიდან დამიძახეს, ამ სადარბაზოში შემობრძანდით და ამოდითო. მე სართული შემეშალა. კიბეზე ასულს კარი ღია დამხვდა, ვიფიქრე, მელიან და გამიღეს-მეთქი და პირდაპირ შევაბიჯე. თურმე პანაშვიდი ყოფილა. მეგრელების ჭირი (იმერლები ჭირს ვუძახით) იყო და ფეხი როგორც კი შევდგი, წიოკი ატყდა. ვიფიქრე, უკან გავბრუნდები-მეთქი, მაგრამ რომ მოვიხედე, სხვები მომდგომოდნენ, მოსასამძიმრებლად მოსულები, ამიტომ გადავწყვიტე, მიცვალებულს წრეს დავარტყამ და ისე გამოვალ-მეთქი. ნახევარი წრე არ მქონდა შემოვლილი, რომ ჩემს შემხედვარეს ვიღაცას სიცილი აუტყდა, მას სხვები აჰყვნენ, ჭირისუფალი კი სიცილისგან ჩაიკეცა... მერე მითხრეს, ჩვენი ბებო სიკვდილს ჰყავდა დავიწყებული, ცხონებული 107 წლის იყოო. სხვათა შორის, ქელეხშიც დამპატიჟეს, ისე გაგვამხიარულე, რომ არ მოხვიდე, გვეწყინებაო. მოკლედ, დამკვეთს რომ ავუტანე ამანათი, ნაკურთხია-მეთქი, გავეხუმრე.

ერთ-ერთ ბოლო შეკვეთაზე ქალბატონი გამოვიდა და მაწვდის ცელოფანში შეფუთულ რაღაცას, ამა და ამ მისამართზე ჩემს მეუღლეს მიუტანეთო. ჩვენ უფლება არ გვაქვს, ისე წავიღოთ ამანათი, რომ არ ვიცოდეთ, რა დევს შიგ. ეს რომ ავუხსენი, საიდუმლოდ" გამიმხილა, ორსულობის დადებითი ტესტიაო. მის მეუღლეს რომ მივუტანე, კინაღამ გაგიჟდა სიხარულით. თურმე სამი წელი ბავშვზე ოცნებობდნენ. სანამ არ დამალოცვინა, არ გამომიშვა... აი, ასეთი ბედნიერების მოწმე გავხდი.

ყველას გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერება და სიკეთე არ მოჰკლებოდეს ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას.