"რომ მითხრეს, შენთან ჟურნალისტები მოდიანო, ცოტა არ იყოს, შევეჭვდი, ხომ არაფერი დამიშავებია-მეთქი?!" - რას ჰყვება "გრინჩის" პატრონი მწვანე ლეკვსა და მის ოჯახზე - კვირის პალიტრა

"რომ მითხრეს, შენთან ჟურნალისტები მოდიანო, ცოტა არ იყოს, შევეჭვდი, ხომ არაფერი დამიშავებია-მეთქი?!" - რას ჰყვება "გრინჩის" პატრონი მწვანე ლეკვსა და მის ოჯახზე

"ჩემს გრინჩს არავის დავუთმობ! არ მინდა, მხოლოდ იმიტომ ჰყავდეს ვინმეს, რომ სენსაციაა"

რას არ მოესწრება კაცი! ახალციხეში, სოფელ ივლიტაში, მესარკიშვილებთან ახალ წელს მწვანე ლეკვი დაიბადა. ის-ის იყო, სახელად გრინჩი შეურჩიეს, რომ ჯერ მეზობლები დაეხვივნენ თავზე, მერე კი - მედია, ასე რომ, ეს ამბავი ქვეყნიერებამ გაიგო. მსოფლიოში მწვანე ლეკვის დაბადების სულ ოთხი შემთხვევაა ცნობილი და სწორედ გრინჩია მეოთხე! მოკლედ, ლეკვის დაბადებამდე ივლიტელი მესარკიშვილები მშვიდად ცხოვრობდნენ თავიანთ ორ კავკასიურ ნაგაზთან - გრინგოსა და ბომბორასთან ერთად, ზუსტად 1-ლ იანვარს კი ბომბორას მწვანე ძმა, გრინჩი დაიბადა და ყველა ააფორიაქა. პატარა გრინჩის დედა გრინგო მესარკიშვილების ჭიშკართან ხუთი წლის წინ მივიდა და დადგა. ამ დროს გარეთ ოჯახის უმცროსმა ვაჟმა, ბესომ გამოიხედა, მიხვდა, რომ ძაღლი მშიერი იყო, შინ შეიყვანა და აჭამა.

ბესო მესარკიშვილი:

- ჩვენმა მწვანე გრინჩმა დიდი ამბავი დაატრიალა, არადა, სულ არ გვეგონა ეს მოვლენა ასეთი სენსაციური. ჟურნალისტები რომ გამოჩნდით, მაშინ მივხვდით, რომ საქმე მთლად ჩვეულებრივად არ იყო. კარგ ფეხზე მოსულა გრინჩის დედა ხუთი წლის წინ ჩვენს სახლში. სენსაციური ლეკვი გვაჩუქა.

- მაწანწალა ძაღლი იყო?

- სულაც არა! მწვანე გრინჩიც, დედამისიც და გრინჩის ძმა ბომბორაც კეთილშობილი ქართული ნაგაზები არიან, ძლიერები და მამაცები. გრინჩის დედა 5 წლის წინ მოვიდა ჩვენს ჭიშკართან. ჭიშკარი რომ გავაღე, მოვლილი და ლამაზი ქართული ნაგაზი დავინახე. შინ შემოვიყვანე და ვაჭამე. მერე ძაღლის პატრონები მოვიკითხე, მაგრამ ვერ ვიპოვე. მივხვდი, ძაღლი ახალციხეში გავლილ ცხვრის ფარას ჩამორჩა და აღარც პატრონი გამოჩნდებოდა, ამიტომ დავიტოვე, გრინგო დავარქვი და კიბის ქვეშ თბილი სახლი მოვუწყვე. მერე მეზობლის კავკასიურ ნაგაზთანაც შევაჯვარე და შარშან 12 ლეკვი ეყოლა. გრინგოს ლეკვებზე ტაციაობა იყო და ყველა გავაჩუქე. მე მხოლოდ ერთი დავიტოვე, ბომბორა.

- გამოდის, შარშან მწვანეთვალება ლეკვი გაუჩნდა გრინგოს, ახლა კი მთლიანად მწვანე.

- გრინჩის დაბადებამ მართლაც გამაკვირვა. გრინჩის გარდა დედამისს წელს ექვსი ლეკვი გაუჩნდა. ყველა 31 დეკემბერს დაიბადა და ვიფიქრეთ, სხვა ლეკვი აღარ ეყოლებაო, მაგრამ პირველ იანვარს, დილით, დავხედეთ და რას ვხედავთ - ამდენ თეთრ ლეკვში ჩვენი მსუქანა გრინჩი დაბობღავს! ჯერ ვიფიქრეთ, ალბათ, მწვანე ფერი შემთხვევით აქვს, დედა გალოკავს და მოშორდებაო, მაგრამ რომ არ მოშორდა, რამდენიმე ახლობელს ვუთხარით. აი, ჟურნალისტებმა საიდან გაიგეს, ვერ გეტყვით. რომ მითხრეს, შენთან მოდიანო, ცოტა არ იყოს, შევეჭვდი, ნეტავ, ხომ არაფერი დამიშავებია-მეთქი! აზრადაც არ მომსვლია, რომ გრინჩი იშვიათობა იყო. მთავარი ის არის, რომ მწვანე და თანაც კავკასიური ნაგაზი მე მეყოლება. ისეთი ძაღლია, გვერდით რომ მოგყვება, ძალას გრძნობ! არავის დავუთმობ! არ მინდა, მხოლოდ იმიტომ ჰყავდეს ვინმეს, რომ სენსაციაა. თავად გავზრდი. ძალიან საყვარელია. ჯერ თვალები ხეირიანად არც აუხელია და უკვე ყოჩაღია! დედის გარშემო სწრაფად დაბობღავს და მისთვის განკუთვნილ დედის რძეს არავის უთმობს!