"93 წლისა, ბოლო წუთამდე საღად აზროვნებდა" - რას ჰყვება ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილი ბაბუასა და "კოვიდისტერიკაზე"
24-01-2021
"93 წლისა, ბოლო წუთამდე საღად აზროვნებდა" - რას ჰყვება ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილი ბაბუასა და "კოვიდისტერიკაზე"
"როცა ტელევიზიები აცხადებენ, რომ "კოვიდს" ესა თუ ის სიმპტომი ახასიათებს, მეორე დღეს ყველა ამ სიმპტომებს უჩივის..."

კორონავირუსის გამო მსოფლიოში წარმოქმნილმა პანიკამ და დაძაბულობამ ათასობით ადამიანის ფსიქიკა დააზიანა. ალბათ, მკითხველს დააინტერესებს, რას ურჩევს ჩვენს ხალხს პროფესორი დავით­ ზურაბაშვილი, რომელიც სახელგანთქმული ექიმის ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილია და მის საქმეს აგრძელებს:

- ამ ვირუსმა რადიკალურად შეცვალა ყველაფერი - ჩვენი ცხოვრება, ადამიანთა აზროვნება, ფსიქიკა, მათი ხასიათი... საერთოდ, ადამიანის ფსიქიკა იქით არის მიმართული, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან
დადებითი გამოსავალი იპოვოს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ პანიკას და უარყოფით განცდებს თავი დააღწიონ, მაგრამ უმეტესობა ამას მშვენივრად ართმევს თავს. ასეთ დროს დიდი როლი ენიჭება ინფორმაციის სწორად მიწოდებას. ერთი და იგივე ინფორმაცია შეიძლება ადამიანში პოზიტიურ განცდებსაც იწვევდეს და პირიქით, ნეგატიურსაც.

- რას ურჩევდა ავლიპ ზურაბაშვილი
ჩვენსავით გაურკვეველ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანებს?

- ბაბუა 1995 წელს გარდაიცვალა - ეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ურთულესი­ პერიოდი იყო: დღეს უხილავი ვირუსის შიში გვაქვს, მაშინ კი ბრმა ტყვიისა გვეშინოდა. მიუხედავად იმისა, 93 წლისა იყო, ბოლო წუთამდე საღად აზროვნებდა და ყველას ურჩევდა, რომ დადებითი, იმედიანი განწყობა ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესია. ის დიდ პატივს სცემდა მსოფლიოში ცნობილ ფსიქოლოგ დიმიტრი უზნაძეს, რომელიც თავისი განწყობის თეორიით გვასწავლის, რომ ჯანსაღი ფსიქიკის შესანარჩუნებლად დადებით განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, მას ძალიან მოსწონდა მაგალითი, რომელიც დღემდე პოპულარულია: ავიღოთ ჭიქა, რომელშიც წყალი სანახევროდ ასხია. გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ადამიანების უმრავლესობა იტყვის, რომ ეს ჭიქა ნახევრად სავსეა, რადგან "ცარიელი" ნეგატიური ინფორმაციის შემცველი სიტყვაა, ხოლო სავსე - პოზიტიურისა.

"კოვიდი" მეც გადავიტანე. პირველი ტალღის დროს კოვიდცენტრების კონსულტანტი ვიყავი და თბილისში მოქმედ თითქმის ყველა საავადმყოფოსთან ვთანამშრომლობდი. თავიდან ყველაფერს მკაცრად ვასრულებდი, მერე კი მოვდუნდი და ვფიქრობ, ამის გამო შემეყარა.

- თქვენი აზრით, როგორ იმოქმედა კოვიდისტერიკამ ჩვენს მოსახლეობაზე?
- კარგი სიტყვა ახსენეთ - ისტერიკამ და პანიკამ ძალიან ცუდად იმოქმედა. დღეს ჩემთან ისეთი პაციენტები მოდიან, ვისაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვს, მაგრამ უმეტესობას მაინც აწუხებს შიში, ვაითუ მომავალში შემხვდესო. მედიით გავრცელებული ინფორმაცია უდიდეს როლს ასრულებს­. მაგალითად, როცა ტელევიზიები აცხადებენ, რომ "კოვიდს" ესა თუ ის სიმპტომი ახასიათებს, მეორე დღეს ყველა პაციენტი სწორედ ამ სიმპტომებს უჩივის...

- უამრავს "კოვიდი" არ ჰქონია, მაგრამ დეპრესია ჩაკეტილობის გამო მოერია.
- ეს უფრო მარტოსულობის ბრალია. ძალიან ბევრმა სამუშაო დაკარგა და სრულიად მარტო აღმოჩნდა ურთულესი პრობლემების წინაშე. ჩემი დაკვირვებით, ბოლო თვეებში ადამიანებს ახალი სასაუბრო თემა გაუჩნდათ: ერთმანეთს რომ ხვდებიან, პირველად იმას ეკითხებიან, "კოვიდი" ხომ არ შეგხვდა, ან როგორ გადაიტანეო. ჩვენ ერთმანეთს ვაწვდით "კოვიდთან" დაკავშირებულ მართალ თუ მოგონილ ინფორმაციას, ვეკითხებით ჩვენს ნათესავებს და ახლობლებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ - მოკლედ, ეს ვირუსი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

- როგორ დაამშვიდებთ მოსახლეობას?
- ვირუსები ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს. ახალს ვერაფერს ვურჩევ: მთავარია, იმ სასიამოვნო მოვლენებზე გადავერთოთ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. დავურეკოთ ახლობლებს და ჩვენი წუხილი გავუმხილოთ. თუ ადამიანი მარტოა, უნდა ეცადოს თავისი განცდები და სიხარული ვინმეს მაინც გაუზიაროს.

ადამიანებთან კონტაქტი აუცილებელია, რადგან ჩვენს ცხოვრებაში არც სიხარულს აქვს ფასი და არც დარდს, თუ ადამიანებთან ურთიერთობა არ გვექნება. ალბათ, სულ მალე მოვა დრო, როცა კინოსა და თეატრში ამ პერიოდს ისე გადაიღებენ, როგორც ადრე ომის სიუჟეტებს იღებდნენ. არ უნდა დავკარგოთ იმედი, რომ ეს ურთულესი დღეებიც ჩაივლის და მომავალში სევდანარევი ღიმილით გავიხსენებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
კ ო მ ბ ლ ე
25 იანვარი 2021 10:48
რა შეცვალა? მე აფერი მეტყობა და!...

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?