"მეც კაცი ვარ... განა ამდენი შემიძლია?" - სახალისო ამბები ავლიპ ზურაბაშვილის ცხოვრებიდან
24-01-2021
"მეც კაცი ვარ... განა ამდენი შემიძლია?" - სახალისო ამბები ავლიპ ზურაბაშვილის ცხოვრებიდან
ავლიპ ზურაბაშვილის და მისი პაციენტების ურთიერთობაზე ხალხში­ უამრავი ანეკდოტი და სახალისო ამბავი ვრცელდებოდა. ჩვენ რამდენიმე­ მათგანს გავიხსენებთ:

გასული საუკუნის 70-80-იანი წლების თბილისში ფეხბურთის ბუმი იყო. ავლიპ ზურაბიშვილი ქართული ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი ყოფილა და ბევრ ფეხბურთელთან მეგობრობდა. თბილისის "დინამოს" საკავშირო მნიშვნელობის თამაში ჰქონდა და ცნობილი ფსიქიატრი, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, სტადიონზე იყო. გუნდები მოედანზე გამოსულან, ავლიპ ზურაბაშვილი კი ცოტა ხანში ამდგარა და ტრიბუნა დაუტოვებია. როცა ჰკითხეს - ბატონო ავლიპ, მატჩზე რატომ აღარ
რჩებითო, უპასუხია, მსაჯი არ მომწონსო. ის თამაში "დინამოს" წაუგია. მსაჯს ჩვენი ფეხბურთელების გატანილი ორი გოლი არ ჩაუთვლია და პენალტიც არ დაუნიშნავს. როგორც ჩანს, გულმა უგრძნო, რომ მსაჯი ასე მოიქცეოდაო, - ჰყვებოდნენ ამ ამბის თვითმხილველები.

ცნობილი მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე იხსენებდა ავლიპ ზურაბაშვილთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას, უფრო
სწორად, ნამდვილ ამბავს: "ავლიპი შემოვლაზეა პალატებში. ერთ-ერთ პაციენტს საწოლთან ჩამოუჯდა და ალერსიანად ეკითხება:

- აბა, ჯემალიკო, როგორა ხარ, თავს როგორ გრძნობო?
- რა ვიცი, აბა... ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო.

- რათა, რა მოხდა?
- გადამრევენ ეს ქალები!

- რაო, რა უნდათ?
- მეც კაცი ვარ, ადამიანი... განა ამდენი შემიძლია?

- შეიძლება ყველაფერი მიამბო?
- კი, ბატონო, ოღონდ, არ გამთქვათ! ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს - ელიზაბეტ ტეილორთან, მესამე ღამეს - ჯინა ლოლობრიჯიდასთან... აგე, წუხელ ბრიჯიტ ბარდოსთანაც ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის... ხვალ საღამოს კიდევ, ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან... შემიძლია მე ამდენი?!

ავლიპმა ცოტა ხანში იპოვა "გამოსავალი.

- კარგი... შენა ამაღამ მიდი იმ შენს მირეი მატიესთანა, ხვალ საღამოსა ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ... შენ გენაცვლები, გაიგე შენა?

- აგაშენა ღმერთმა! - გაიხარა პაციენტმა...
- შენ როგორ ხარ? - ახლა მეორეს ეკითხება, ჟორჟიკას.

- ცუდად, ექიმო... მატარებლის მემანქანე ვარ და სამ-სამ ცვლაში გადაბმულად ვმუშაობ. ამაღამაც მატარებელი უნდა ჩავიყვანო ქუთაისში, ხვალ საღამოს ისევ უნდა წამოვიყვანო. გავსავათდი კაცი, აღარ შემიძლია... აღარც ეგეთი ხელფასი მინდა და არც არაფერი!
- მოკლედ, შენ ჩაიყვანე ამაღამ მატარებელი ქუთაისში და ხვალ საღამოს იქიდან მე წამოვიყვან.

- მართლა? - ამოისუნთქა ჟორჟიკამ.
- ჰო, მართლა, მართლა! თუმცა, მოიცა, ხვალ საღამოს არ მცალია, ორი ფრანგი ქალი მიცდის და ხომ არ მოვატყუებ? იჰ! - გამოერკვა მაშინვე - ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა... წამოხტა და პალატიდან გავარდა..."

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თვის კითხვადი სტატიები