"პოლიტიკოსი ქვეყანაში აღარ დარჩა, მთავრობამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ვალი დაგვიტოვა" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკოსი ქვეყანაში აღარ დარჩა, მთავრობამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ვალი დაგვიტოვა"

"რომ ვხედავდე, ჩემს ქვეყანას მომავალი აქვს, მეხუთე შვილზეც ვიფიქრებდი"

2020 წელი რამაზ ნოზაძისა და ხატია სიჭინავას ოჯახისთვის ბედნიერი გამოდგა: მათ ნანატრი ბიჭი - გიორგი-მიქაელი შეეძინათ. დღეს ხატია ოთხი შვილის დედაა და საქართველოში არსებული სიტუაცია ძალიან აფიქრებს. ჩვენი ინტერვიუ სწორედ ამ ორ მნიშვნელოვან საკითხს - ოჯახს და ჩვენი ქვეყნის პრობლემებს შეეხო:

- 2020 წელი ჩემთვის მართლა გამორჩეული იყო - მეოთხე შვილის დედა გავხდი. გიორგი შუა პანდემიაში - 6 მაისს დაიბადა. სამშობიაროში არავის უშვებდნენ და მარტო ვიყავი. მისი გაჩენა ერთადერთი ნათელი წერტილი იყო გასულ წელს.

- ალბათ, თქვენც ბევრჯერ გიფიქრიათ, როგორ ქვეყანას ვახვედრებთ მომავალ თაობას?

- როგორც ყველა დედა, ამაზე მეც ვდარდობ და ხშირად ვფიქრობ, როგორი მომავალი ელოდება ჩემს შვილებს. ჩვენ, 1990-იანი წლების თაობას, გაჭირვების და ბევრი ცუდის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. რატომ? - ჩვენ გვქონდა ცოცხალი ურთიერთობები, ჩვენს ბავშვობას მეგობრობა, სიყვარული და ერთად ყოფნის სიხარული ალამაზებდა. მაშინ ინტერნეტი არ იყო და არც ადამიანის ტვინი იყო ასე დაბინძურებული. ამიტომ უფრო ხალასი და ლაღი ბავშვობა გვქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენს შვილებს ისეთი ლაღი ბავშვობა ვეღარ ექნებათ, რადგან ინტერნეტსა და კომპიუტერზე მეტისმეტად არიან დამოკიდებული. ამის მიუხედავად, ყველანაირად ხელს ვუწყობ ჩემს შვილებს, რომ ლაღი ბავშვობა ჰქონდეთ. როცა ქვეყანაში ყველაფერი დაიკეტა და ჩვენი პატარები კომპიუტერებს მიეჯაჭვნენ, აგარაკზე გადავედით საცხოვრებლად. მადლობა ღმერთს, 4 შვილი მყავს და ერთმანეთთან მაინც თამაშობენ, ერთმანეთს ეკონტაქტებიან.

- როგორ ახერხებთ, რომ თქვენი შვილები ინტერნეტს არ მიეჯაჭვონ?

- მაქსიმალურად ვცდილობ, რადგან ვიცი, ინტერნეტზე დამოკიდებულება ყველაფერზე ცუდად მოქმედებს: თვალებზე, გონებაზე, ხასიათზე... ონლაინსწავლების შედეგი ხომ ნულის ტოლფასია. მართალია, მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ დაეხმარონ, მაგრამ სულ სხვაა, როცა ბავშვი კლასში ზის და მასწავლებელთან ცოცხალი ურთიერთობა აქვს. ჩვენი განათლების სისტემა იმდენად ჩამოშლილია, კარგა ხანს გამოსწორება არ უწერია. ამიტომ შევიძინე წიგნები და ყველანაირად ვცდილობ ჩემს შვილებს კითხვა შევაყვარო, თანაც მე არა მაქვს კორონავირუსის პანიკური შიში და სულაც არ ვფიქრობ, რომ მის გამო ჩვენი დღეები დათვლილია, ამიტომ მასწავლებლებთანაც დამყავს და ძალიან მინდა საფუძვლიანი ცოდნა შეიძინონ. მოკლედ, სხვა დედებივით მეც ვეძებ გზებს, რომ ჩემს შვილებს უკეთესი ბავშვობა ჰქონდეთ და უკეთესი განათლება მიიღონ. საბედნიეროდ, ჯერ კორონავირუსი არ შეგვხვედრია, თანაც გასულ წლებში იმდენი ვირუსი გვაქვს გადატანილი, პანიკური შიშით შეპყრობილი ნამდვილად არა ვარ.

- დღეს საქართველოში ძალიან ბევრს კამათობენ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე - მომხრეები ამბობენ, რომ უმჯობესია, ის ქველმოქმედად დარჩეს, მოწინააღმდეგეები მის ნაბიჯს გაქცევად ნათლავენ. როგორია თქვენი, როგორც რიგითი მოქალაქის მოსაზრება?

- ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მართლა დიდი ქველმოქმედის სახელით მოვიდა, მაგრამ მერე, რაც დახარჯული ჰქონდა, ორჯერ მეტი ამოიღო. ვფიქრობ, ამჯერად მართლა წავიდა, რადგან ამ ჩამოქცეულ ქვეყანაში ყოფნას ურჩევნია სხვაგან იცხოვროს, თუნდაც საფრანგეთში, სადაც საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო და ხელშეუხებელია. საქართველოში მეტ სარგებელს ვეღარ მიიღებს. ცუდია, რომ თავის მომხრეებს შეატოვა ეს ჩამოქცეული ქვეყანა, რისთვისაც ხალხი მმართველ გუნდს ადრე თუ გვიან პასუხს მოსთხოვს. გაუბედურებული, გაღატაკებული ადამიანების პროტესტი ცუდად დაუბრუნდებათ ხელისუფლებაში დარჩენილ უსაქმურებს, რომლებიც ქვეყანას უფრო აღატაკებენ.

ამ მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან დიდი ვალი დაგვიტოვა. საეჭვოა, დარჩენილები რამდენად შეძლებენ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას. მათ უნიჭობას პანდემიაც დაემთხვა და, ალბათ, ეს მთავრობა საქართველოს ისტორიაში ყველაზე სუსტი, შეუმდგარი მთავრობის სახელით შევა.

- ესე იგი, თქვენც მათ რიცხვს ეკუთვნით, ვისაც მიაჩნია, რომ "ოცნებამ" თავისი თავი ამოწურა?

- ასე ბევრი ფიქრობს, რადგან "ოცნება" ჩიხიდან გამოსავალს ვეღარ პოულობს. ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა შიმშილისთვის გაწირეს, ხალხზე კი არა, საკუთარ ჯიბეებზე უფრო მეტს ფიქრობენ. ამხელა ვალი აიღეს და მოსახლეობას 200-200 ლარი გადაუგდეს! ამას ხომ სჯობდა ერთი-ორი კორპუსი ეყიდათ, საავადმყოფო გაეკეთებინათ და "კოვიდიანი" პაციენტებისთვის ემკურნალათ? ჩინეთში სამ დღეში ააშენეს უზარმაზარი საავადმყოფო და ჩვენ რა გვჭირს? მათი გამოცდილება მაინც გადმოეღოთ, ასეთი წიოკი და პანიკა ხომ არ იქნებოდა? თბილისში ამდენი კორპუსი დგას და შეეძინათ. ეს ბევრად აჯობებდა კოვიდსასტუმროებს, რომლებიც "ატკატების" წყარო გახდა. ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა - ყველა სფერო ჩამოშლილია. სად წაიღეს ის მილიარდები, ვინმემ იცის?!

- ძალიან ბევრმა "კოვიდი" ისე გამოიარა, საავადმყოფოში გადაყვანა არც დასჭირვებია. - გეთანხმებით, იმათთვის უნდა მიეხედათ, ვისი მდგომარეობაც გართულდა, თორემ ჩემ ირგვლივ ვისაც ეს ვირუსი შეხვდა, სიცხეც კი არ ჰქონია. ტესტს რომ არ ამოეგდო, ზოგი ვერც მიხვდებოდა, რომ ვირუსი ჰქონდა. ფაქტია, ყოველმა მეორემ უკვე გადაიტანა. ნებისმიერ ვირუსს აქვს ლეტალური შედეგიც და გართულებაც, გააჩნია, როგორ უმკურნალებენ პაციენტს...

ახლა ახალი შტამი გამოიგონეს, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაკეტონ და რაც დარჩა, ისიც ჩამოიქცეს. სამაგიეროდ, თვითონ სუქდებიან. ვისაც არ გჯერათ, გადაახვიეთ და ნახეთ, ადრე როგორები იყვნენ და ახლა როგორებსი არიან: თვითონ ეკრანზე ვეღარ ეტევიან და ამ დროს მოხუცები ნაგვის ბუნკერებში იქექებიან. დათესეს შიში, პანიკა, ხალხმა აზროვნების და პროტესტის უნარი დაკარგა, თვითონ კი ხელი მოითბეს, ვილები აიშენეს და თავიანთი ოჯახების საქმე მშვენივრად აიწყვეს.

- ახალ პარლამენტზე რას იტყვით? - პოლიტიკოსი ჩვენს ქვეყანაში აღარ დარჩა, ამიტომ პარლამენტი სავსეა მომღერლებით, პიანისტებით, კალათბურთელებით, მოჭიდავეებით, ფეხბურთელებით... თუკი ვინმე არაპოლიტიკოსია, ყველა იქ მოხვდა და ამ ერთპარტიული პარლამენტისგან კარგს რას უნდა ველოდოთ? სხვათა შორის, ჩემი მეუღლეც სპორტსმენია, მაგრამ ერთადერთი თანამდებობა რაც ჰქონდა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილეობა იყო. ეს მისი საქმეა, რომელიც კარგად იცის და მშვენივრად უძღვებოდა, სანამ ჩვენმა საყვარელმა მთავრობამ კორცხელის "გმირებით" არ ჩაანაცვლა. პარლამენტში დღეს ისეთი ხალხი ზის, ჩემმა 10 წლის შვილმაც რომ მოინდომოს, ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. სულ სხვა თაობა მოდის, რომელსაც ბევრად მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე ზოგიერთ მლიქვნელ პარლამენტარს, თუმცა მათ გაზრდამდე ეს ქვეყანა თუ დააქციეს, რა გამოვა?! საქართველოში უკვე ბევრი ფიქრობს, რომ ვერაფერი გვიშველის, თუ ნორმალური არჩევნები არ ჩატარდება და ქვეყნის სათავეში ნორმალური ხალხი არ მოვა. თუმცა ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას, ალბათ, წლები დასჭირდება.

- მთავრობის წევრები ხშირად ახსენებენ მძიმე მემკვიდრეობას და სისხლიან 9 წელს, ამაზე რას ფიქრობთ? - ჯერ კომუნისტებით დავიწყებ: მე იმ დროს მოვესწარი, მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს - გათბობა უფასო იყო, პური 5 თეთრი ღირდა, ყველა პირობა იყო იმისთვის, რომ ადამიანს ემუშავა და ადამიანურად ეცხოვრა. მათგან მარტო ცუდი გადმოიტანეს, თორემ კარგი რომ გადმოეტანათ, ძალიან ბევრი მადლიერი ეყოლებოდათ ქვეყანაში. რაც შეეხება "სისხლიან 9 წელიწადს", რომელსაც ხშირად იხსენებენ:

იმ 9 წელიწადში ეკონომიკაც ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო და ხალხიც. დღეს დედა შვილს კლავს, და - ძმას, ცოლი-ქმარს, საოცრებები ხდება და როგორ? - სისხლიანი მარტო ის 9 წელი იყო და ეს არ არის? იმათ კვალდაკვალ მიდიან - როცა სჭირდებათ, ხალხს რეზინის ტყვიებსაც ესვრიან და ყინვაში ცივი წყლის ჭავლსაც მიუშვერენ! ამიტომ მადლობას ვეტყვით, იმ 9 წელს თუ თავს დაანებებენ და ამ 8 წლის განმავლობაში რა გააკეთეს, ამაზე იფიქრებენ.

- ხატია, დიდი კამათი მოჰყვა თქვენს პოსტს, სადაც მამა შალვა კეკელიაზე წერდით: "სულ არ ვარ მამა შალვას მრევლი, მაგრამ თუ დავჭირდები, მის გვერდით დავდგებიო..." - შემიძლია ახლაც იგივე გავიმეორო, - მამა შალვაზე თავდასხმა უკვე ყოველგვარ საზღვარს სცდება. ახლაც, მხოლოდ იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მრევლთან ერთად ეკლესიაში ტრაპეზი გამართა და შობა აღნიშნა. უსამართლობაა ისიც, რომ მამა შალვას გამუდმებით აკრიტიკებენ და თავს ესხმიან. მე მის მოღვაწეობას თვალ-ყურს ვადევნებ და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მოძღვარია - შეიძლება ითქვას, ბევრისთვის მისაბაძიც და არ მომწონს, როცა უმიზეზოდ აკრიტიკებენ. შობას ტრაპეზი მარტო ვაკის ეკლესიაში კი არა, ყველგან, ყველა ოჯახში გაიმართა. ამიტომ, ხაზგასმა, რომ რომელიმე ეკლესიის მრევლმა ეს დიდი დღესასწაული აღნიშნა, დიდი სისულელე და მიზანმიმართული ანტირეკლამაა.

- ინტერვიუ სასიამოვნო თემით დავიწყეთ და იმავე თემით დავასრულოთ: უკვე მრავალშვილიანი დედა ხართ და მეხუთე შვილის გაჩენას ხომ არ აპირებთ? - რომ ვხედავდე, ჩვენს ქვეყანას მომავალი აქვს, მიახლოებით მაინც რომ ვიცოდე, რა ელოდება ჩემს 4 შვილს, ალბათ, მეხუთეზეც ვიფიქრებდი, მაგრამ როცა არ ვიცით, ხვალ რა მოხდება, როცა შეიძლება საქართველო რუკიდან გაქრეს, მეხუთე შვილზე ვეღარ ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ხათუნა ჩიგოგიძე