როგორ მოვიშოროთ საახალწლო სუფრაზე "აკრეფილი" წონა - კვირის პალიტრა

როგორ მოვიშოროთ საახალწლო სუფრაზე "აკრეფილი" წონა

"წონის დასაკლებად არ შეიძლება თქვენი ორგანიზმი სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდოთ! ძალისმიერი დიეტა ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება..."

გავაცილეთ შობა-ახალი წელი და ბევრი გურმანისთვის, რომელმაც სადღესასწაულო სუფრასთან, ასე ვთქვათ, უნებისყოფობა გამოიჩინა, ახლა დიეტის პერიოდი იწყება, რათა სასწორზე აციმციმებული კილოგრამები ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნოს. ჩვენი სტუმარი გახლავთ თერაპევტ-დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი, რომელიც გვირჩევს, როგორ დავიბრუნოთ ჩვეული ფორმა ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ორგანიზმს.

პირველი 3 დღე

- თავდაპირველად გეტყვით, რომ ადამიანებმა ერთმანეთისგან კი არ უნდა მიიღონ კონსულტაციები, არამედ უნდა მიმართონ სპეციალისტებს. ყველა ადამიანი განუმეორებელი ინდივიდია, ამიტომ თუ კონკრეტული დიეტა ერთისთვის კარგია, მეორეს, შესაძლოა ზიანი მიადგეს თავისი ახლობლისა თუ ინტერნეტის რჩევით.

არიან ისედაც ჭარბწონიანები, რომლებმაც ამ დღეებში უფრო მოიმატეს. მათი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არცთუ გამართულად მუშაობს, რაც ხელს უწყობს წონის მატებას. სწორედ მათთვის შემოგთავაზებთ სამდღიან კვების რაციონს. უმთავრესია, დაიცვათ საათობრივი კვება და დღეში 3-საათიანი შუალედით 4-5-ჯერ იკვებოთ.

კვება #1 არაჩვეულებრივი სალათა, რომელიც მზადდება როგორც ცოცხალი, ასევე მოწალული ბოსტნეულისგან. მოწალულ ბროკოლსა და 1-2 ცალ გახეხილ სტაფილოს დააჭერით ბლომად ქინძი. ქინძი შესანიშნავი შარდმდენია. დღესასწაულის დღეების შემდეგ აუცილებელია ბუნებრივი შარდმდენები, რათა ზედმეტი სითხისგან გათავისუფლდეთ. დაუმატეთ ცოტა კამა, სალათის ფურცლები და, რაც მთავარია, უმი ისპანახი. სწორედ ის ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას და კუჭ-ნაწლავს პერისტალტიკის გაძლიერებაში, ანუ ნორმალურ ფუნქციონირებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აწუხებს ყაბზობა. ზოგი ფიქრობს, რომ ამ დღეების შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცხიმოვანი დანამატის მიღება, მაგრამ მე გირჩევთ, დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი ყურძნის წიპწის ზეთი. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს, რომელიც ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება; ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სელის ზეთი. ასეთი სალათა მიიღეთ ყოველ დილას სამი დღის განმავლობაში.

კვება #2 მოთუშული ვაშლი, ან მოხარშული გოგრა. როდესაც ვამბობ, მიირთვით მოთუშული ვაშლი, ზოგს ჰგონია, მხოლოდ ერთ ვაშლს ვგულისხმობ, მაგრამ არა - რამდენიც გნებავთ, იმდენი მოთუშული ვაშლის ფაფა მიიღეთ, ისე, რომ ეს იყოს ერთი კვება.

კვება #3 მსუბუქი ცილოვანი პროდუქტი, მაგ., მოხარშული თევზი, რომელსაც შეგიძლიათ ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი მოასხათ. რა თქმა უნდა, უპუროდ.

კვება #4 ნებისმიერი სახის ბოსტნეულის წვნიანი, რომელსაც დაამატებთ 1-2 ჩაის კოვზ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთს.

კვება #5 საღამოს 9 საათზე, თუ თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გაძლევთ საშუალებას, შეგიძლიათ მიირთვათ მაწონი ან კეფირი. თუ რძის პროდუქტის მირთმევა არ შეგიძლიათ, დღის კვება ისევ მოთუშული ვაშლით დაასრულეთ.

ამ სამი დღის განმავლობაში არ მიირთვათ ცოცხალი ხილი, მხოლოდ მოთუშული ან მოხარშული. ამ დროს კუჭის ლორწოვანი გარსი გაღიზიანებულია, რის გამოც ცოცხალი ხილის წვენი გამოიწვევს მეტეორიზმს და სხვა გვერდით მოვლენებს. მხოლოდ ისპანახი მიირთვით ცოცხალი, რომელიც დილის სალათაში შედის.

შემდეგი 3 დღე

პირველ სამ დღეში მომატებულ კილოგრამებს ვერ დაიკლებთ, ამიტომ შემდეგი სამი დღის კვებაც განსხვავებულია.

კვება #1 დილით მიირთვით წიწიბურა დანამატების გარეშე. შეგიძლიათ მხოლოდ ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატოთ.

კვება #2 უკვე შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხალი ხილი - ვაშლი ან კივი. დღეში ერთი კივი ჩ ვიტამინის ორი დღის ნორმაა. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ბროწეული, ჩირის კომპოტები. ჩირები ძალიან მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ზამთრის პერიოდში სწორედ ეს ნივთიერებები აკლია ჩვენს ორგანიზმს.

კვება #3 შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა ბოსტნეულით გამდიდრებული ყვავილოვანი ან პეკინური კომბოსტოს სალათი. ასევე კარგია თეთრი მჟავე კომბოსტო სტაფილოთი. ეს ისეთი ფერმენტირებული პროდუქტია, რომელიც ჩვენი საჭმლის მომნელებელ სისტემას ძალიან ეხმარება.

კვება #4 შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის წვნიანი.

კვება #5 დღეს ისევ რძის პროდუქტით, ან მოთუშული ვაშლით, ან მოხარშული გოგრით დაასრულებთ.

ეს ექვსი დღე დიდ შვებას მოგგვრით. რაც მთავარია, ყურადღება უნდა მიაქციოთ სითხის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია, 1 ლიტრი სუფთა წყალი აუცილებლად უნდა დალიოთ დღის განმავლობაში, დანარჩენი 1 ლიტრი კი შეიძლება იყოს ჩირის კომპოტი, მწვანე ჩაი... იცით, რა არის მთავარი საიდუმლო? თუ ყოველი კვების შემდეგ 15-20 წუთი ფეხით ისეირნებთ და ეს ჩვევად გექცევათ, ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდის გარეშეც სწრაფად დაიკლებთ, იქნებით ენერგიული და სპორტული აღნაგობის.

- ძალიან პოპულარულია ცილების დიეტა. დღის განმავლობაში მხოლოდ ცილებით იკვებებიან და ეს შედეგსაც იძლევა (თუმცა შემდეგ ამ დაკლებული წონის შენარჩუნება ჭირს). გამართლებულია ამ ხერხით წონის დაკლება?

- წონის დასაკლებად არ შეიძლება თქვენი ორგანიზმი ასეთ სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდოთ! ცილოვანი დიეტა, ცხიმოვანი დიეტა, ან ნებისმიერი სხვა ძალისმიერი დიეტა თქვენს ორგანიზმზე ძალიან ცუდად აისახება და ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. შეიძლება იმ მომენტში მოეწონოს ადამიანს, რომ ადვილად და სწრაფად იკლებს წონას, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ დაკლებულ წონას სერიოზული დაავადებები მოჰყვება და ამან შეიძლება შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით და უარი უთხარით ასეთ სახელობით დიეტებს.