"ორი მილიონერი მოხუცი მყავს მოსავლელი, ბებია ავია, ბაბუა - კანფეტი" - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუც ცოლ-ქმარს უვლის - კვირის პალიტრა

"ორი მილიონერი მოხუცი მყავს მოსავლელი, ბებია ავია, ბაბუა - კანფეტი" - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუც ცოლ-ქმარს უვლის

რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუც ცოლ-ქმარს უვლის

ენაკვიმატი გურული ქალბატონი ირმა ბარამიძე იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია. მას იტალიური ახალი წლისა და თავისი უცხოელი ბებია-ბაბუის შესახებ ვესაუბრეთ. ამბის მოყოლისას თავადაც იცინა და ჩვენც გვაცინა, მაგრამ ეს სიცილი სევდანარევიც იყო...

- ქალბატონო ირმა, ამ პანდემიისას როგორ იზეიმეთ ემიგრანტებმა ახალი წელი?

- ვიზეიმეთ ჩვენს ბებია-ბაბუებთან ერთად, შამპანურიც გავხსენით, შოკოლადიც მივირთვით და სადღეგრძელოებიც ვთქვით. მე ორი მილიონერი მოხუცი მყავს მოსავლელი. ორივეს ალცჰაიმერის დაავადება აქვს და ისეთ მდიდრულ სახლში ცხოვრობენ, იქ რომ მოხვდე, დაცვასთან პაროლია საჭირო... მარტო არ დაიტოვებიან, დღედაღამ ჩხუბობენ.

- ასეთი ავები არიან? - ბებია ავია, ბაბუა - კანფეტი. ეს ორმეტრიანი იტალიელი, ცხენოსანი ყოფილა, ახლა მოხრილიც ისეთი მაღალია, ბებია კისრამდეც ვერ სწვდება, მაგრამ ჩხუბის დროს მაინც ახერხებს, შეხტეს და თავში უთავაზოს. სანამ მოთმინებიდან არ გამოიყვანს, კაცი ცოლს არაფერს ერჩის, მაგრამ თუ გაგიჟდა, მაშინ არის ცუდად საქმე - დაავლებს ხელს ჩუსტებს, მოუქნევს ბებიას და ატყდება ხოლმე ისეთი ჩხუბი, შუაში თუ არ ჩავუდექი, დახოცავენ ერთმანეთს... ჩხუბის მერე ბებია დალაგებაში მეხმარება. თუმცა რაც ჩემი დალაგებულია, იმასაც მირევს. თან მეცოდებიან. პატარა ბავშვებივით არიან. სულ მოფერება უნდათ.

- რაზე ჩხუბობენ? - ხშირად ვერც ვხვდები. ამ დღეებში 11 საათზე დავწექი და ფილმის ყურებაში ჩამძინებია, მაგრამ რად გინდა! ღამის 3-ზე შემომივარდა ბებია, ბაბუას მიხედეო, თავად კი მისაღებ ოთახში"დაწვა. როცა ბებია ასე იქცევა, ესე იგი, უნდა, ბაბუას ჩუსტები აიცილოს და მშვიდად იძინოს. გავედი და ბაბუა სააბაზანოში დამხვდა, სტრიპტიზიორივით გახდილი. რატო გეიხადე, ბიჭო-მეთქი, ვკითხე იმისთანა აქცენტით, მარტო მე რომ ვიცი. მერე შევიყვანე საძინებელში და გავედი მოსაწევად. რომ შევბრუნდი, დამხვდა მორთულ-მოკაზმული ქურთუკითა და მზის სათვალით. მოკლედ, იმ დღეს ჩემთვის დილის 4 საათზე გათენდა. შევეგუე ბედს და შევუდექი სადილის კეთებას. ბაბუა დამიჯდა ქურთუკით და სათვალით, ვითომ ბარში მივიდა ყავის დასალევად. მე ყავა დავუსხი და, შაქართან ერთად, ერთი-ორი კომპლიმენტიც ვაჯახე. დილის 6-ზე ქათმის ბულიონი უკვე მზად მქონდა. ბაბუამ ამასობაში ორი თეფში მიირთვა, კრუასანი დააყოლა და ბებიასთან შევიდა. ჰოდა, ატყდა იმისთანა წიოკი, ჩემს მტერს! მე ისევ შუაში ჩავდექი, ისევ გამოვიყვანე ბაბუა, მარა რად გინდა?! ისე აუწია ტელევიზორს, ბებია გამოვარდა და ისევ დაეტაკა. ამან ჩაავლო კეფაში ხელი, წეიძრო ჩუსტი და ამასობაში მეც მოვუსწარი...

- ალბათ, გიჟდებიან თქვენზე... - კი, მართლა ძალიან ვუყვარვარ. გაივლის ბებია - მაკოცებს, გამოივლის - ისევ მაკოცებს. ჩემი ბათუმის სურათები ვაჩვენე და გული დასწყდათ - მთელი მსოფლიო გვაქვს შემოვლილი და რატომ ასეთ ლამაზ ქალაქში არ ვართ ნამყოფიო...

- ბოდიშს არ იხდიან, ასე რომ ჩხუბობენ? - ამას წინათ ბებიას ეძინა, მივიდა ბაბუა და ჩუმად აკოცა. ხანდახან ბოდიშსაც იხდიან, მარა ეს ამბავი ხუთ წუთში ავიწყდებათ და ისევ დასცხებენ ხოლმე ერთმანეთს. ერთხელ ბებია მძინარ ბაბუას დააცხრა, რას ჰქვია, შენ 9 საათზე დაიძინე, როცა 10 საათზე უნდა დაგეძინა და თანაც ძილის აბი დაგელიაო. ჭურჭელს ვრეცხავდი, ბებიას კივილმა სახლი რომ გადადგა,…გავვარდი და რას ვხედავ! წამოვარდნილა ბაბუა, ბებიასთვის თმაში ხელი ჩაუვლია და კლავს - უკვე მეძინა და რატომ გამაღვიძე, რად მინდოდა ძილის აბიო. მერე ბებიას კომპლიანოზეც დასცხეს.

- კომპლიანო რა არის? - იტალიურად დაბადების დღეა. შეგვჭამა ბებიამ მე და ბაბუა, კომპლიანო მაქვს, კომპლიანო მაქვსო. ჰოდა, რავარც იქნა, დაგვადგა საშველი, გათენდა ბებიას კომპლიანო და ატყდა ჩხუბი. არ ვიცი, რაზე, მარა რო შევვარდი, ბებია გამწარებული კიოდა. ბაბუას გავუჯავრდი, - ხომ იცი, დღეს ბებიას დაბადების დღე აქვს-მეთქი. ბაბუამ არ დამიჯერა და არ გაჩერდა. კიდევ კარგი, ჩემი შემცვლელი გოგო მოვიდა და ბებია მარკეტში წაიყვანა. მე და ბაბუამ ყავა დავლიეთ, მერე გააღო მაცივარი და მუსრი გაავლო ნამცხვრებს. მოვიდა ბებია, ეცა მაცივარს, სადაც ნამცხვარი ეგულებოდა და დაიწყო ბრძოლა წესების გარეშე!..

- ახალ წელსაც იჩხუბეს? - ახალ წელს გადავრჩით. მოხუცებს ახალი წელი ამხიარულებდა, მე კი უნდა ვიცინო მაშინ, როცა სულ არ ვარ მხიარულების ხასიათზე... იმ ღამეს ვიჯექი და სახლის წინ მდგარ ნაძვის ხეს მივჩერებოდი. ალბათ, ეს ნაძვიც სხვა ქვეყნის ბინადარი იყო და აქ ჩამოიყვანეს, რომ ვიღაცისთვის ხასიათი გამოეკეთებინა. იქნებ მასაც ენატრება თავისი სამშობლო, მაგრამ ისე ძლიერად აქვს გადგმული ფესვები, რომ... ღმერთმა ქნას, ჩვენი ქვეყანა ისე გაძლიერდეს, უკან დავბრუნდეთ და მომავალი ახალი წლები ჩვენს ოჯახებში გავატაროთ