"რამდენი ადამიანიც გამოჯანმრთელდება, იმდენ ვარსკვლავს ვკიდებთ კედელზე" - როგორ ცხოვრობს შვედეთი, სადაც საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებიათ
"რამდენი ადამიანიც გამოჯანმრთელდება, იმდენ ვარსკვლავს ვკიდებთ კედელზე" - როგორ ცხოვრობს შვედეთი, სადაც საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებიათ
"შვედეთში პედოფილს უფრო ნაკლებს უსჯიან, ვიდრე გადასახადის დამმალავს"

მარია ზვიადაძე 20 წელია, შვედეთში­, ქალაქ ვესტეროსში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და ვესმანლანდის რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ექთანის თანაშემწედ მუშაობს. მაშინ, როდესაც მსოფლიო მკაცრი შეზღუდვებით ცხოვრობს, შვედეთი­ პანდემიას საგანგებო მდგომარეობისა და ბიზნესის სავალდებულო შეჩერების გარეშე უმკლავდება. შვედეთმა­ არ ჩაკეტა საზღვრები, ბავშვები სკოლებში დადიან, ბარები და რესტორნები­ მომხმარებელს ემსახურება, სპორტული დარბაზები მუშაობს, არ შეზღუდულა მიმოსვლა.

- შვედეთში 2001 წელს წამოვედი მეუღლესთან ერთად, ჩემი ორივე შვილი
აქ დაიბადა. ვფიქრობდით დროებით დარჩენას, მაგრამ უკვე 20 წელი გავიდა... უცხო ქვეყანაში რთულია, ადგილი დაიმკვიდრო. გამიჭირდა კლიმატთან შეგუებაც. შვედები ძალიან მორიდებული ხალხია - ყველა­ თავისთვისაა გამოკეტილი, მთავარია, არავინ შეაწუხონ... დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს ეჩვევი. ერთი, რამაც ძალიან გამაკვირვა და ძლივს შევეგუე, მიმართვის ფორმა იყო. ერთადერთი­
ოჯახი, რომელთა­ წევრებსაც თქვენობით მიმართავენ, სამეფო ოჯახია. მიიჩნევენ, რომ არავინ არავისზ­ე მეტი არ არის და ყველა ერთმანეთის თანასწორია. ბავშვი შენობით მიმართავს მასწავლებელსაც, უფროსსაც. უფროსი არის მაგალითის მომცემი. მან უნდა გასწავლოს, როგორ მოიქცე და რაკი თვითონ შენობით მოგმართავს ასაკით პატარას, შენგანაც ამას ითხოვს. მოხუცს "თქვენ" რომ უთხრათ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია. გარდა ამისა, შვედები არიან ზეკანონმორჩილნი. სახელმწიფო აგებულია საშემოსავლო გადასახადებზე - შემოსავლის თითქმის ნახევარი ბიუჯეტში შეგაქვს. ამიტომაც არის მდიდარი ქვეყანა. თუ გადასახადის გვერდის ავლით რამეს გააკეთებ, ვიღაც აუცილებლად გიჩივლებს, რადგან აქ ქვეყანას აშენებს ხალხი. გადასახადს თუ დამალავ, სახელმწიფო გაჭირვებულს ვერ დაეხმარება, შენი შვილები უფასოდ ვერ ისწავლიან, უფასო სამედიცინო დახმარება არ გექნება, ამიტომაც არის ყველაზე დიდი სასჯელი გადასახადის დამალვაზე. პედოფილს უფრო ნაკლებს უსჯიან, ვიდრე გადასახადის დამმალავს. ეს კარგად აქვს გააზრებული მოსახლეობას. ხშირად წერენ, რომ საქართველოში ბევრს უჭირს და სახელმწიფო არ ეხმარება. კი, მაგრამ შენ თვითონ რა გააკეთე სახელმწიფოსთვის?


- მართლაც ხშირად ვსაყვედურობთ ხელისუფლებას ეკონომიკური სიდუხჭირის გამო... შვედეთი მდიდარი ქვეყანააო, აღნიშნეთ. მანდ თუ არიან სოციალურად დაუცველები და როგორია სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა?
- აქაც ბევრია სოციალურად დაუცველი. პარკები სავსეა ალკოჰოლიკებითა და ნარკომანებით და მათთვის ნამდვილად არ არის ცხოვრება ადვილი. ყოველთვე უნდა მოაგროვონ საბუთები და შეიტანონ განცხადება, რომ მიზერული დახმარება მიიღონ. ხელისუფლება მათ უხდის ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს და იმდენ თანხას, რაც საკვებისთვის სჭირდებათ თვიდან თვემდე თავის გასატანად. მათთვის არის სეზონური ან დღიური სამუშაოები. მიდგომა ასეთია - რაკი გინახავ, სახლში­ კი არ უნდა დაჯდე, შენც ხელი უნდა გაანძრიო და რაღაც გააკეთო, თუ გინდა, სოციალური დახმარება მიიღო. უსაქმურად იჯდე და ქვეყანამ გინახოს, არ გამოვა. მაშინ შშმ პირი უნდა იყო.

- თქვენ რა გზა გაიარეთ, ვიდრე მოქალაქეობას მიიღებდით და როგორ შეძელით თავის დამკვიდრება?
- აქ დამლაგებლადაც რომ იმუშაო, კურსები უნდა გაიარო. 2006 წელს ჯერ შვედური ენა ვისწავლე სპეციალურ სკოლაში, პარალელურად კი დავიწყე კოლეჯში­ სწავლა. სამედიცინო დაწესებულებებში ყველაზე მეტი ვაკანსია იყო და ამიტომ გადავწყვიტე, ექთანის თანაშემწის წელიწადნახევრიანი კურსი გამევლო. პრაქტიკების შემდეგ სამსახურს გთავაზობენ... სხვადასხვა­ დროს ვიმუშავე პენსიონერთა სახლში, მერე - სკლეროზით დაავადებულებთან, შშმ ბავშვებთან... ბოლოს ვესმანლანდის რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში აღმოვჩნდი და უკვე ხუთი წელია, აქ ვარ. პანდემიის დაწყებიდან ინფექციურსა და ინტენსიურ განყოფილებაში, რეანიმაციაში ვარ.

- გაიხსენეთ პანდემიის პირველი ეტაპი, როდესაც პერსონალმაც არაფერი იცოდა ამ ვირუსის შესახებ...
- საგაზაფხულო ერთკვირიანი არდადეგების დროს ერთი ჯგუფი იტალიაში წავიდა, რადგან აქ თოვლი არ იყო, შვედებს კი ძალიან უყვართ თოვლი და თხილამურები. იქ დაინფიცირდნენ, მაგრამ შვედეთმა არანაირი ზომები არ მიიღო - არც საზღვრები ჩაკეტა, არც ბიზნესი გააჩერა, არც სკოლები დაკეტა, არც ბაზრობები. წარმოებას თუ გააჩერებდა და ყველაფერს დახურავდა, გადასახადი როგორ შევიდოდა ბიუჯეტში? მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებული ძალიან ბევრი გვყავს - 10-მილიონიან ქვეყანაში 8 დეკემბრიდან დღემდე­ 18 820 ინფიცირებულია, გარდაცვლილი კი 9 433 (11 დეკემბრის მონაცემებით - ავტ.), დღემდე ლოკდაუნი არ გამოუცხადებიათ. არც ხალხს ჰქონდა ჩაკეტვის სურვილი. ისედაც მაქსიმალურად ერიდებოდნენ თავშეყრის ადგილებს და იცავდნენ დისტანციას. არ გვევალება ქუჩაში პირბადით სიარული, რადგან ბევრი არასწორად იყენებს მას და ეს უფრო სახიფათოა, ვიდრე ჰაერი. ერთადერთი, რაც აიკრძალა, ალკოჰოლის გაყიდვაა. შვედეთში ისედაც"მშრალი კანონი" მოქმედებს, სასმელი მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებსა და ბარ-რესტორნებში იყიდება. რესტორნები არ დაკეტეს, მაგრამ 10 საათის შემდეგ არ აქვთ ალკოჰოლის გაყიდვის უფლება და ამიტომ აღარავინ შედის.


პანდემია გამოცხადდა თუ არა, მაშინვე­ კორონაგანყოფილებაში გადამიყვანეს. თავ­იდან ხომ ზუსტად ისიც არ ვიცოდით, როგორ გადადიოდა ვირუსი და ძალიან გვეშინოდა. სამედიცინო ერთჯერად ხალათებს რომ ვიცვამდით, სკოჩს ვიკრავდით; საოპერაციო, სტერილურ ხელთათმანებზე რეზინის ხელთათმანებსაც ვიცვამდით და ამდენი შეფუთვისგან ყველაფერი გვტკიოდა, ჩასისხლიანებული გვქონდა ცხვირ-პირი, გვიჭირდა მუშაობა. საწოლები სად დაგვედგა, არ ვიცოდით, რადგან ადგილი აღარ იყო."კოვიდი" მე და ჩემმა ოჯახმაც გადავიტანეთ, ოღონდ - იოლი ფორმით. დაავადება, ძირითადად, თანმხლები დაავადების მქონე და ასაკოვან პაციენტებს ურთულდებოდათ, თუმცა რამდენიმე ახალგაზრდაც გარდაგვეცვალა. ფილტვებს ვმკურნალობდით, მაგრამ ხშირად თრომბი ვითარდებოდა და ეს იწვევდა გამოჯანმრთელებული პაციენტების სიკვდილს...

- განსაკუთრებით ემოციური მომენტებიც იქნებოდა, დღემდე რომ გახსოვთ.
- რამდენი ადამიანიც გამოჯანმრთელდება და სახლში წავა, იმდენ ვარსკვლავს ვკიდებთ კედელზე. ვიდრე კორიდორში შევდივართ სპეცეკიპირების ჩასაცმელად, ამ ვარსკვლავებს ვუვლით გვერდს და ეს გვაძლევს სტიმულს, რომ ასეთ რთულ პირობებში კვლავ შევძლოთ ჩვენი საქმის კეთება. 10 საათი სპეცეკიპირებით მუშაობა წამებაა - გტკივა, გექავება ყველაფერი, წურწურით ჩამოგდის ოფლი. ხშირად იმის დროც არ გაქვს, საპირფარეშოში გახვიდე ან წყალი დალიო - ხომ ვერ მიატოვებ ავადმყოფს, რომელიც იხრჩობა, რომელსაც წნევა უვარდება, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა?! ხან ერთ ჩემს კოლეგას წაუვიდოდა გული, ხან - მეორეს...

ინტენსიურ განყოფილებაში იწვა ახალგაზრდა კაცი. სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული ორი თვე. როგორც იქნა, ფეხზე დავაყენეთ, დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო, საწოლზე თვითონ ჯდებოდა. სამი შვილი ჰყავდა. უფროსი გიმნაზიას ამთავრებდა. აქ გიმნაზიის დამთავრებას ახლობლებთან ერთად აღნიშნავენ და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ოჯახის წევრები მოუთმენლად ელოდნენ მის გამოჯანმრთელებას, შვილი ოცნებობდა, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მამა დასწრებოდა, ერთ დილას კი მივედით­ და გვითხრეს, რომ პაციენტი გარდაიცვალა. იმდენი ვიშრომეთ, იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა და უცებ ასეთი უბედურება. ცხარე ცრემლით ვტიროდით ყველა, კაცებიც კი. ცოლ-შვილი რომ მოვიდა, იმათი ცოდვით ქვა იწვოდა...

ერთი მოხუცი ქალი მახსოვს. მასთან ვიყავი, რომ უცებ დამძიმდა, სუნთქვა გაუძნელდა. ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ქრებოდა... შვილებიც ჰყავდა და შვილიშვილებიც, მაგრამ არავის ჰქონდა იქ მოსვლის უფლება და მარტო იყო სიკვდილის პირისპირ. მასთან მხოლოდ მე ვიყავი და მისი ხელი მეჭირა სრულიად უცხო ადამიანს, რომლის სახესაც კი ვერ ხედავდა - უცხოპლანეტელს ვგავდი ჩემი აღჭურვილობის გამო. იმის შემდეგ ბევრი გარდაიცვალა მარტოობაში, მაგრამ ეს იყო პირველი და ძალიან იმოქმედა ჩემზე.

თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მე დილით შინ წავიდოდი ჩემს შვილებთან, მათთვის კი ყველაფერი მთავრდებოდა. ვინმე რომ დაწერდა საქართველოდან, რას იჯერებთ, ეს მსოფლიო"აფიორაა" და კორონა არ არსებობსო, სურვილი მიჩნდებოდა, ყველასთვის პასუხი გამეცა და მეთქვა, რა ხდებოდა საავადმყოფოებში.

- ახალი შტამი თქვენთანაც თუ დადასტურდა და ვაქცინაციის შესახებაც გვითხარით. როგორც ვიცი, თქვენთან აცრა უკვე დაიწყო...
- ახალი შტამიც დაფიქსირდა და მასაც იგივე სიმპტომები აქვს, ოღონდ უფრო ადვილად გადამდებია. სწრაფ ტესტებს შვედეთში არ უჯერებენ, მიაჩნიათ, რომ ხშირად მცდარია. მხოლოდ PCR-ტესტს ვაკეთებთ. რაც შეეხება ვაქცინაციას, იანვრის დასაწყისში უკვე შემოვიდა"ფაიზერის" ვაქცინა, ახლა შემოიტანეს"მოდერნაც". თავდაპირველად აიცრნენ 90 წელს გადაცილებულები, ახლა კი პერსონალის აცრა დაიწყო. მერე აიცრება მოსახლეობა. ხალხი პოზიტიურად არის განწყობილი, ყველას უნდა აცრა. არ მესმის, რატომ ამბობენ უარს. თუ ადამიანი ექიმს არ უჯერებს, მაშინ ნურც ექიმის მკურნალობას მიიღებს.

- საუბრის დასასრულს თქვენს ოჯახზეც გვითხარით, გაგვაცანით შვედი მეუღლე...
- ანდერსი აქ დაბადებული და გაზრდილია. მამა ავსტრიელი ჰყავს, დედა - შვედი. ძალიან უყვარს საქართველო და ჩემი ნათესავები, მოსწონს ჩვენი ურთიერთობები. შეიძლება კუთხეში დაჯდეს და გვიყუროს, როგორ გვიხარია ერთად ყოფნა. ორივე შვილი პირველი ქორწინებიდან მყავს. ანდერსი ინტერნეტით გავიცანი. ერთ გვერდზე დავწერე კრიტიკული კომენტარი, მან მიპასუხა და ასე დავახლოვდით. პირველი შეხვედრისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი და უკვე 9 წელია, ერთად ვართ.

ნინო ჯავახიშვილი
მკითხველის კომენტარი (2)
გიო
24 იანვარი 2021 15:25
მართალია მარი. ლოქდაუნს თუ არ გამოაცხადებდა, მერე უფრო გაილანძღებოდა მთავრობა.. ისე შვედეთს რომ ვედრებით, ამ ევრაზიის პერიფერიაში გამოწებებულ ქვეყანას, მანდ ყველა გამვითარებულია, დანიაც, ნორვეგიაც, ფინეთიც, გერმანიაც.. რატომ?! გეოპოლიტიკაა მანდ სხვა, მონღოლები მანდ არ შესულან და თურქები.. არაბები და თემურ-ლენგი მანდ არ მისულან.. ასე რომ, ამ გარემოში, სადაც ჩვენ ვართ, ვერ იქნები შვედეთის დონეზე და ამას ობიექტური მიზეზები აქვს, არაა ეგ მარტო ქართველების ბრალი.
mari
23 იანვარი 2021 18:27
საქართველოში რომ ლოქდაუნი არ გამოეცხადებინათ, მაშინ გენახათ მთავრობის ლანძღვა, ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ, არ ზრუნავენ ჩვენზეო
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები