"იაპონია მესამე ტალღის მოლოდინშია, თუმცა ამასაც უხმაუროდ, მოწესრიგებულად გადაივლიან" - კვირის პალიტრა

"იაპონია მესამე ტალღის მოლოდინშია, თუმცა ამასაც უხმაუროდ, მოწესრიგებულად გადაივლიან"

"იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, რომ 2 იანვარს ტოკიოს ჰანედის აეროპორტში ბრაზილიიდან შემოსულ ოთხ მგზავრს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდგინეს. ერთს, 40 წლის მამაკაცს, უსიმპტომოდ ჰქონია, მაგრამ მოგვიანებით სასუნთქი გზების მდგომარეობა გაუუარესდა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. ახალი ვარიანტი ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ შტამებს ჰგავს, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არის. ჯერ ცნობილია მხოლოდ მისი გენეტიკური შემადგენლობა და ძნელია დადგენა, რამდენად ინფექციურია ან რამდენად ეფექტიანი იქნება ამჟამინდელი ვაქცინები..."

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი იაპონიაშიც აღმოაჩინეს. ვირუსის ახალი მუტაცია ბრაზილიიდან დაბრუნებულ 4 კაცს გამოუვლინდა. ამჟამად იაპონიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის მიმართ ვაქცინის ეფექტიანობას იკვლევენ. იაპონიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი გიორგი ბაბუაძე იმ ვითარებაზე გვიამბობს, რაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას მოჰყვა.

- 13 იანვრიდან იაპონიაში რეგულაციები გამკაცრდა, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, რაც ადრიანი გაზაფხულის მერე არ ყოფილა. მას შემდეგ თითქოს ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ახლა კი აქაც იმატა "კოვიდ-19"-ის გავრცელებამ და შესაძლოა ამიტომაც დასჭირდათ ახალი აკრძალვები. ამას ემატება ახალი ბრიტანული შტამი, რომლის შესახებაც უკვე არსებობს ცნობები. დღე-ღამეში ინფიცირების 1000-მდე შემთხვევაა. იაპონიისთვის ეს დიდი რაოდენობა არ არის, თუმცა ხელისუფლებამ მაინც საჭიროდ ჩათვალა შეზღუდვები.

- რას გულისხმობს ახალი რეგულაციები?

- ქუჩაში ყოფნის ვადა შეიზღუდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ობიექტები იმუშავებენ, თუმცა არა იმ დრომდე, როგორც ადრე - სავარაუდოდ, 9 საათის შემდეგ ყველაფერი დაიხურება. მაგალითად, ჩვენ, მუსიკოსებს, თუ ადრე გვქონდა კონცერტი, რომელიც 9 საათზე მთავრდებოდა, ახლა უფრო ადრე დავასრულებთ, რომ ხალხმა შინ მისვლა მოასწროს. ახლა კონცერტების ნაწილი გადაიდო, ზოგი კი ჩაიშალა. წარმოუდგენელია, აქ ვინმემ კანონის გვერდის ავლით სადმე ღონისძიება ან შეკრება გამართოს. შარშანდელი ზამთრის შემდეგ პერიოდულად არაერთი რეგულაცია დაწესდა და მოიხსნა, თუმცა ამისთვის ხელისუფლებას არც ერთხელ არ დასჭირვებია ფინანსური სანქციების ან ჯარიმების დაწესება, ან კომენდანტის საათის შემოღება. რეკომენდაციაა გაცემული, რომ საზოგადოების მეტი უსაფრთხოებისთვის 9 საათზე ყველა შინ უნდა იყოს და ისინიც ამას ისე იღებენ, როგორც კანონს. დღის განმავლობაში კი დაიცავენ ყველანაირ ინსტრუქციას. იციან, თავშეყრის ადგილებს უნდა მოერიდონ, გართობა კი, მოიცდის. ზედმიწევნით იცავენ პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესს. თუ ვინმეს არ უკეთია, შენიშვნას მისცემენ, ოღონდ აგრესიულად კი არა, შეახსენებენ, თითქოს დაავიწყდა. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, მოსაცდელი თუ მაღაზია, ორი კაცის შეკრების შემდეგ იქაურობის სრული დეზინფიცირება ხდება. შესაძლოა სადღაც მცირე დარღვევები არის, ისიც ემიგრანტების გამო და ამას აუცილებლად აშუქებენ ახალ ამბებში.

როგორც სხვა ქვეყანაში, აქაური საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დასაქმებულია ისეთ სამსახურში, რომ შეუძლებელია გარეთ არ გამოვიდეს, მაგალითად, ექიმები, პოლიციელები, სამხედრო პირები, დასუფთავების სამსახური და მსგავსი პროფესიის ადამიანები. ისინი კი, ვისაც სახლიდანაც შეუძლია მუშაობა, ცდილობს შინიდან არ გავიდეს.

- რა იცით ახალი შტამის შესახებ?

- ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება. ვიდრე კლასიკური "კოვიდ-19". იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, რომ 2 იანვარს ტოკიოს ჰანედის აეროპორტში ბრაზილიიდან შემოსულ ოთხ მგზავრს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდგინეს. ერთს, 40 წლის მამაკაცს, უსიმპტომოდ ჰქონია, მაგრამ მოგვიანებით სასუნთქი გზების მდგომარეობა გაუუარესდა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. ახალი ვარიანტი ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ შტამებს ჰგავს, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არის. ჯერ ცნობილია მხოლოდ მისი გენეტიკური შემადგენლობა და ძნელია დადგენა, რამდენად ინფექციურია ან რამდენად ეფექტიანი იქნება ამჟამინდელი ვაქცინები.

- თქვენ გარშემო დაუდასტურდა ვინმეს ახალი შტამი?

- თითქმის 30 წელია აქ ვცხოვრობ, უამრავი ნაცნობი მყავს და არავისგან მსმენია, იმიტომ, რომ იაპონელები ისედაც ჩაკეტილი ხალხია. კი ჰყვებოდნენ რაღაც კლასტერებზე, ამა თუ იმ ობიექტებზე გავრცელებულაო, მაგრამ საკუთარ თავზე ან ახლობლებზე არაფერს მოგიყვებიან. არადა, მესამე ტალღის მოლოდინში არიან. თუმცა ამასაც უხმაუროდ, მოწესრიგებულად გადაივლიან.

- ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს, თუ ხარვეზები იქაც გამოვლინდა?

- საბედნიეროდ, ექიმთან ხშირად არ მიწევს ვიზიტი, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი მოწესრიგებული არ არის, მაგრამ აქ მოქალაქეობრივი შეგნება ძალიან მაღალ დონეზეა. სამედიცინო პერსონალი უზადოდ აკეთებს იმას, რაც ევალება, მცირედ გადაცდომასაც არ უშვებს. მათი გონება ასეა მომართული და მაინც სადღაც მცირედი გამონაკლისი თუ მოხდა, იციან, რომ ეს დაუსჯელი არ დარჩება. დარღვევა ხშირად მცირედ დაგვიანებაში გამოიხატება, დრო იაპონელისთვის ყველაზე ძვირფასია. იშვიათად ვინმეს კი დაუჩივლია ზერელე დამოკიდებულებაზე, ყურადღება არ მოგვაქციესო, რაღაცაზე ამომწურავი პასუხი არ გაგვცეს ან დანიშნული დრო სრულად არ მოგვახმარესო. ამიტომაც ცდილობენ ის იშვიათი შემთხვევები რეაგირების გარეშე არ დარჩეს, რათა პრეცედენტი არ შეიქმნას. აქაურებს პრობლემებზე საუბარი და განხილვები არ სჩვევიათ, ურჩევნიათ დარღვევები კანონის ჩარევით, უხმაუროდ მოაგვარონ.

- შეზღუდვები ბიზნესზე, დასაქმებულ პირებზე როგორ აისახა?

- ყველა შეზღუდვისას საშუალო ბიზნესს სახელმწიფო ეხმარებოდა. არსებობს აპლიკაცია, რომელსაც ყველა დაინტერესებული პირი ავსებს და კომპენსაციას იღებს. ვიცი, რომ ყველა მათგანს შემოსავლის 80% აუნაზღაურეს. იაპონელი მეგობრების დახმარებით მეც შევავსე განცხადება. როგორც აღმოჩნდა, მე შემოსავლის 90%-ზე მეტი დამიკარგავს და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა განსაზღვრული თანხა ამინაზღაურა.

დასანანია, დიდი გეგმები მქონდა. ქართული მუსიკა აქ სულ უფრო პოპულარული ხდება და მეტის გაკეთება გვსურდა, რეპერტუარში გვქონდა ვაჟა აზარაშვილის, სულხან ცინცაძის, ალექსი მაჭავარიანის სიმღერები. თებერვალში ვაპირებდით კონცერტების გამართვას, თუმცა "კოვიდმა" ბევრი საქმე ჩაგვიგდო. იმედია, გაზაფხულისთვის ვითარება გამოსწორდება.

- ქართველები, ალბათ, ცოტანი ხართ?

- მე დასავლეთ იაპონიაში, კანსაის დიდ რეგიონში ვარ. აქ მხოლოდ ორი ქართველი, მე და ჩემი მეგობარი ზაზა გოგუა ვცხოვრობთ. არიან რუსები, უკრაინელები, მაგრამ ხშირად მიდი-მოდიან, ჩვენსავით ცოტა შემორჩა. "კოვიდის" გამო ბევრი დაბრუნდა სამშობლოში. თანაც აქაურ გარემოსთან შეჩვევა არ არის ადვილი, ხმაურიან ევროპასა და ამ თავდაჭერილ აზიელებს შორის დიდი განსხვავებაა და ეს აქ ძალიან იგრძნობა. მათი სიმშვიდის მიღმა არაერთი პრობლემა იმალება. იაპონელები უზომოდ შრომისმოყვარე ხალხია. თავდაუზოგავი შრომით ააშენეს ასეთი ქვეყანა. მათთვის სამსახური, საქმე უპირველესია. ასეთი პრინციპით ცხოვრობენ: "ვმუშაობ, მენდობიან, ვჭირდები, ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვემსახურებით". გუნდურობა მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ვინც მას გადაუხვევს, რა საქმესაც უნდა ემსახურებოდეს, თავს ვერ დაიმკვიდრებს. ასეთი გამოთქმა აქვთ: "ადამიანი ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, როგორც ემსახურება მას". "ვერ გავაკეთე" - აქ არ არსებობს, ეს გენეტიკური კოდივით უდევთ გონებაში.