"ყველა მრუდი მოდის ქვემოთ, მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს" - კვირის პალიტრა

"ყველა მრუდი მოდის ქვემოთ, მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხდება. მისი თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყანაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შემუშავება დაავალა.

"არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში შეიმუშავოს. პრინციპში, მისი მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი. ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის ინდიკატორისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ასე თანდათანობით. პარალელურად, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გაფართოვებულ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობითა და თებერვლის შუა რიცხვებიდან ვაქცინაციასთან ერთად,"- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთანავე, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებლი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ეს მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში შემცირდება.

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ინფიცირების შემთხვევები იკლებს, რაც შემზღუდავი ღონისძიებებისა და ტესტირებაზე მეტი ხელმისაწვდომობის შედეგია.

"ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად აკეთებს ევროპის ქვეყნების განახლებას. ბოლო გაანხლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გექნებათ და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ რეგულაციების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ნიღბის ტარებას. ასევე გამოვლენა, თუ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, რომ ერთს ვავლენდით და 2.5-3-ს ვერ ვავლენდით, ეს ჩამოსულია ქვემოთ და ყველა ერთ გამოვლენილზე უკვე 1-1.5 არ ვლინდება.

ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გვაქვს ახალი შემთხვევების და ინფექციის გავრცელების ყოველდღიურად კლების ტენდენცია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში სიტუაცია დაძაბულია, მიმოსვლა სერიოზულია. კარგად შეგვიფასა ჰელსმეტრიკის ინტიტუტმა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც ქვეყანაში მუშაობს - 6 ბალიდან, რაც უმაღლესია, როდესაც ძალიან მკაცრია შეზღუდვები, ჩვენ დღეს დაახლოებით 5 ბალს ვაკმაყოფილებთ. ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება და ერთობლივად ამ შემზღუდავმა ღონისძიებებმა, ასევე ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ადვილად ვავლენთ ახალ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა მრუდი მოდის ქვემოთ, მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია.

"საქართველოში დღეს ჩვენ გვაქვს ახალი 110 შემთხვევა. ეს, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ არის - ეს მონაცემი არის სულ 5000 ჩატარებული ტესტიდან, მოგეხსენებათ, რომ შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა იკლებს ხოლმე ზოგადად. ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია. დღევანდელი 110 შემთხვევიდან 72 დაფიქსირდა თბილისში, 13 - აჭარაში, 5 - გურიაში, 5 - იმერეთში, კახეთში - 5, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში არ დაფიქსირებულა, 4 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, ქვემო ქართლში 4, სამცხე-ჯავახეთში 2, შიდა ქართლშიც ასევე არ დაფიქსირებულა. ზოგადად ქვეყანაში გამოჯანმრთელების პროცენტი გვაქვს 94, აქტიური შემთხვევა 10 295, სამწუხაროდ სიკვდილი გვაქვს კიდევ 25, გამოჯანმრთელება გუშინ - 1643. ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის ქვეყანაში, როგორც გითხარით დღევანდელი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2,2%. დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ ბოლო 30 დღე გვაქვს 11,3%, ბოლო ერთ კვირაში გვაქვს 8,3% და ბოლო ორ კვირაში 9,8%. ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში მილიონ მოსახლეზე თუ ასი ათას მოსახლეზე გადათვლით ინციდენტობის მაჩვენებელი გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, თუმცა დღეს უკვე ჩვენ ევროპის სადღაც შუაგულში ვართ და როგორც ინციდენტობა ზოგადი ისე 7 დღის, ისე 4 დღის, საშუალო ინციდენტობა ისე კუმულაციური ინციდენტობა - ეს ყველა მრუდი მოდის ქვემოთ. მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

იხილეთ ვიდეო: