"ბიძინა ივანიშვილი სიტყვის კაცია და რასაც იტყვის, იმას აკეთებს..." - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი სიტყვის კაცია და რასაც იტყვის, იმას აკეთებს..."

"ბიძინას წასვლა პოლიტიკიდან სასარგებლო იქნება ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც"

"ძალიან სწორი, ლოგიკური ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილმა და ეს ნაბიჯი სასარგებლო იქნება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე, ზოგადად, ქართველი საზოგადოებისთვის" - ამ განცხადებით გამოეხმაურა ისტორიკოსი გოგი ოთხმეზური პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.

რას ფიქრობს ბატონი გოგი, ბიძინა ივანიშვილის შესრულებულ თუ შეუსრულებელ მისიებზე, "ქართული ოცნების" ახალ თავმჯდომარეზე და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, ამის შესახებ ის ვრცლად გვესაუბრება.

გოგი ოთხმეზური:

- ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი საზოგადოება მთელი 30 წლის განმავლობაში დამოკიდებულები ვართ რომელიმე, ერთი, კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებებზე. ამდენი ხალხი შევყურებთ, ის ერთი როგორ და რას გადაგვიწყვეტს. შემდეგ ყველა პრობლემაზე პასუხსაც იმ ერთს ვთხოვთ. თუ პრობლემა წარმოიშვა ჯანდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სხვა უწყების მხრიდან, პასუხიც თავად იმ უწყების ხელმძღვანელს უნდა მოეკითხოს.

ხალხო, ჯერ კიდევ სპარტას დროიდან ჩაეყარა საფუძველი ხელისუფლების დანაწილების პრინციპს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ყველას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. არავის უნდა ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ შეცდომის, დანაშაულის შემთხვევაში ერთი ადამიანისკენ გაიშვიროს ხელი და თავად ჩრდილში დარჩეს. ამიტომ ვამბობ, რომ ბიძინას წასვლა პოლიტიკიდან სასარგებლო იქნება ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც.

- თუმცა საზოგადოების ნაწილს, როგორც მის მოწინააღმდეგეებს, ასევე - მომხრეებს, არ სჯერათ, რომ  იგი ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან. - ის სიტყვის კაცია და რასაც იტყვის, იმას აკეთებს. როდესაც პირველად წავიდა პოლიტიკიდან, თქვა - მე მივდივარ აქტიური პოლიტიკიდან, მაგრამ კონტროლს გავუწევ ხელისუფლებას, საქმის კურსში ვიქნები და თუ აუცილებელი იქნება, დავბრუნდები კიდეცო. ჩემი აზრით, ის მაშინ დაბრუნდა, როდესაც მართლა აუცილებელი იყო. თქვა და შეასრულა. ზოგიერთი აბრალებს, თითქოს, არ შეასრულა დაპირება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. ძალიან მოინდომა, მაგრამ "ქართული ოცნების" ზოგიერთმა დეპუტატმა წინააღმდეგობა გაუწია.

- არავის სჯერა, რომ რამდენიმე დეპუტატმა, რომლებიც დიდი აქტიურობით და ინიციატივებით არასდროს გამოირჩეოდნენ, ივანიშვილს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გაუწიეს წინააღმდეგობა და ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი არ იყო...

- კარგი, ნუ სჯერათ. ვთქვათ, "ქართულმა ოცნებამ" რაღაც მოიგონა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტებმა რატომ არ მისცეს ხმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას?! "ნაციონალებს" სინამდვილეში სულ არ აინტერესებდათ პროპორციული სისტემა.

- ივანიშვილის განცხადება - "ჩემი მისია შევასრულე და მივდივარ" როგორი მოსასმენია სოციალურად შეჭირვებული ხალხისთვის, რომლებმაც თავის დროზე "ქართულ ოცნებას" მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ კომუნალური გადასახადების განახევრებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ღირსეულ პენსიას დაჰპირდა?

- ივანიშვილმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი საქველმოქმედო ფონდს გადასცა. როგორც ვიცი, ამ ფონდს თავად განკარგავს. სწორედ ამ ფონდიდან შეიძლება იმ პროექტების დაფინანსება, რომელსაც ის აქამდეც აფინანსებდა და მომავალშიც გააგრძელებს.

- "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ხმა მისცეს პარტიას, რომლის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო. როგორ მოიქცეოდით, მაგალითად, თქვენ, არჩევნების წინ რომ გცოდნოდათ, მისი პოლიტიკიდან წასვლის გეგმა და რას ფიქრობთ ახალ თავმჯდომარეზე, განახლებულ პოლიტსაბჭოზე და, ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩენილ მმართველ გუნდზე?

- მგონია, რომ საკმაოდ მომზადებული გუნდი დატოვა ხელისუფლებაში. თუ მათ ერთმანეთს პირველობისთვის ბრძოლა არ დაუწყეს, ხელისუფლების მართვას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. და ვფიქრობ, ამ კუთხით პრობლემა არც შეიქმნება. გონიერი ხალხია - შესანიშნავი პრემიერია გიორგი გახარია, ასევე, ნიჭიერი და განათლებული კაცია ირაკლი კობახიძე, კარგი პასუხის გაცემა იცის. ბევრი არის ასეთი. მგონია, რომ ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. ყველა თავის უწყებას მიხედავს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)