ახალი კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა - კვირის პალიტრა

ახალი კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა

კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა,- CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერების კვლევაშია აღნიშნული.

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის, ლესტერის უნივერსიტეტისა და სხვა მეცნიერთა ჯგუფმა 48 000-მდე იმ ადამიანის მონაცემები შეისწავლა, რომლებიც, აგვისტოს ბოლო პერიოდამდე, კორონავირუსის გამო საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. მათ 140 დღის, ანუ დაახლოებით 5 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ.

"საავადმყოფოებიდან გაწერილი ადამიანების თითქმის მესამედი სამკურნალო დაწესებულებებში ხელახლა მოხვდა და ყოველ 10 ადამიანში ერთზე მეტი გარდაიცვალა", - წერს გუნდი კვლევის წინასწარ შედეგებში, რომელიც ჯერჯერობით სამედიცინო ჟურნალის მიერ განხილული არ არის, თუმცა ინტერნეტში განთავსებულია.

კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

"განსაკუთრებით ხშირი იყო დიაბეტისა და ინფარქტის შემთხვევები," - აცხადებენ კვლევაში ჩართული მეცნიერები.

მათი განმარტებით, კორონავირუსის გამო ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენის მიმართ განსაკუთრებულად დაუცველები 70 წელს გადაცილებულ პირები არიან.

"ინტერპრესნიუსი"