"უდედ­მა­მო და პა­ტა­რა შიმ­ში­ლის­გან და უჰა­ე­რო­ბის­გან მიხ­სნეს... ბე­ბი­ას შიში ჰქონ­და, რომ მა­მას ჩემი თავი არ წა­ერ­თმია" - კვირის პალიტრა

"უდედ­მა­მო და პა­ტა­რა შიმ­ში­ლის­გან და უჰა­ე­რო­ბის­გან მიხ­სნეს... ბე­ბი­ას შიში ჰქონ­და, რომ მა­მას ჩემი თავი არ წა­ერ­თმია"

"დღეს ჩემთან სტუმრად იყვნენ ჩემები, რომელთა ბებია-ბაბუებმა უდედმამო და პატარა შიმშილისგან და უჰაერობისგან მიხსნეს... ყოველთვის მყავდა გვერდით ადამიანები, რომლებიც პატარას და ობოლს ზღვის და ჰაერის მაგიურ ძალას მიზიარებდნენ და ზაფხულობით ბათუმის ოროთახიან, მოცუცქნულ ბინაში თავის საძინებელს, სიკეთით გაბრწყინებულები მითმობდნენ... ჰოდა, მინდა, რომ ამ ქვეყანაში ეს სიკეთე და ამ სიკეთის კეთებით ბედნიერი ადამიანები დაბრუნდნენ. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის", - ეს პოლიტიკური ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის "ფეისბუქპოსტია", რომელიც ამ ცოტა ხნის წინ, პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ქალბატონ ხათუნას ვთხოვეთ მოეთხრო თავისი თავგადასავალი, რაზეც დაგვთანხმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით და მას სრულიად სხვა რაკურსით წარმოგიდგენთ.

- ქალბატონო ხათუნა, გულისამაჩუყებელი პოსტი გქონდათ. ნამდვილად არ ვიცოდი იმის შესახებ, თუ ბავშვობაში მშობლების სითბო გაკლდათ...

- დიახ, უდედმამოდ გავიზარდე. ერთი წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ. დედა 5 წლისას სარკომით გარდამეცვალა. დავრჩი ბებიების და დეიდების ამარა. მიუხედავად იმისა, რომ მამას სხვა ოჯახი არ ჰყოლია, არასდროს მინახავს, 2016 წელს მისი საფლავი პირველად ვნახე...

- სამწუხარო ამბავია... მას არ ჰქონია სურვილი, რომ ენახეთ?

- ეს ჩემი ცხოვრებიდან კიდევ ერთი გაკვეთილია, რომელიც მინდა, ბევრ ადამიანს გავუზიარო. არავის აქვს უფლება, შვილს მამა წაართვას და მამას - შვილი, ამ ურთიერთობებში ჩადგომის უფლება არავის აქვს. არავინ, არასდროს უნდა გამოიყენოს შვილები, შვილიშვილები, საკუთარი სისხლი და ხორცი თავისი გულისტკენის მოსაშუშებლად და იარაღად იმ ადამიანთან ბრძოლაში, რომელიც ერთ დროს მათი ოჯახის წევრი იყო, იმიტომ, რომ იმაზე უზენაესი ურთიერთობა, რაც მშობელსა და შვილს შორის არსებობს, იქ ჩადგომის უფლება არავის აქვს!..

დედის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ გავიგე, რომ მამას ჩემთან ურთიერთობის მცდელობები ჰქონდა, მაგრამ რადგანაც დედა დაშორდა, ამის გამო, ბებიას შიში ჰქონდა, რომ მისთვის მამას ჩემი თავი არ წაერთმია. ამიტომ, ჩემები მის მცდელობებს, მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაჩემი მართალი იყო.

- რას გულისხმობთ?

- არ არსებობს ბუნებაში ძალა, როცა მშობელს შვილის ნახვა, მის გვერდით ყოფნა უნდა და ამაში რაიმე შეაკავებს. მის ქმედებას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს მისთვის დღემდე ვერ მიპატიებია. თუმცა იმ ფაქტორმა, რომ ჩემგან შორს იყო და არ ვუნახივარ, ჩემს ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ისე მოხდა, რომ სრულიად ახალგაზრდა, 24 წლის ასაკში უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი. მხოლოდ მე და სულხან მოლაშვილს გვქონდა მედიასთან ურთიერთობის უფლება და როცა ტელევიზიით მიწევდა გამოსვლა, ძალიან დიდხანს, თავში სადღაც მიტრიალებდა, რომ ჩემს გამოსვლას მამა უყურებს, რომ დამინახავდა, გამოჩნდებოდა... თუმცა ერთგვარი შურისძიების მომენტიც იყო, - მიუხედავად იმისა, რომ დამტოვე, ფეხზე დადგომა მაინც შევძელი და ახლა ასე გესაუბრები - მეთქი! - ეს ყველაფერი უკვე მერე გავაცნობიერე.

- ე.ი. ისე გაიზარდეთ, რომ მისი ფოტოც არ გინახავთ? გააგრძელეთ კითხვა