"ვიცოდი, დადგებოდა დღე, როცა ჩემს კუთხეში დავბრუნდებოდი" - თბილისიდან ხევსურეთში წასული 24 წლის მასწავლებელი - კვირის პალიტრა

"ვიცოდი, დადგებოდა დღე, როცა ჩემს კუთხეში დავბრუნდებოდი" - თბილისიდან ხევსურეთში წასული 24 წლის მასწავლებელი

"აქ ყოფნისას საკუთარი თავი და ადამიანების ბუნება გავიცანი"

მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ქალაქისკენ მიიწევენ, 24 წლის მარგარეტ დაიაურმა ქალაქურ ცხოვრებას მშობლიურ მხარეში დაბრუნება ამჯობინა და შატილში გადავიდა საცხოვრებლად. პროფესიით სამკაულების დიზაინერი მარგარეტი ახლა შატილის საჯარო სკოლაში სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის მოხალისე მასწავლებელია და ყოველდღე მთისა და ბუნების სიყვარულით ტკბება. მარგარეტს თავის საინტერესო ცხოვრებაზე სასაუბროდ, შატილში დავუკავშირდით:

მარგარეტ დაიაური: - ესთეტიკის მოყვარული ვარ. სოფელში, ქალაქში, ქუჩაში - ყველგან სილამაზეს, უბრალოებასა და საინტერესო რამეს ვეძებ, ემოციებს ვაგროვებ. ყველაზე მეტად გულწრფელი, კეთილი და ზრდილობიანი ადამიანები მიყვარს. თითქმის 2 წელიწადია, რაც შატილში გადავედი საცხოვრებლად. ეს გადაწყვეტილება სოფელში დარჩენილი მოსწავლეებისა და ჩემი კუთხის სიყვარულისთვის მივიღე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მთა და ხევსურეთი, ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ დადგებოდა დღე, როცა ჩემს კუთხეში დავბრუნდებოდი.

- ხშირად ახალგაზრდები ქალაქისკენ მიდიან. თქვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა - საყვარელ კუთხეს დაუბრუნდით. მოგვიყევით თქვენი ამბავი...

- იცით, ახლა ვფიქრობ, რომ ქალაქს, ისევე, როგორც სოფელს, თავისი ხიბლი აქვს. თუ ახალგაზრდებს ქალაქი უყვართ და სოფელში არ უნდათ ცხოვრება, არანაირი პრობლემა არაა. სადაც ბედნიერად და კომფორტულად გრძნობენ თავს, იქ უნდა იცხოვრონ. აუცილებელი არ არის, ყველა მთაში წავიდეს და სოფელს დაუბრუნდეს. რთულია, მოწყდე თანამედროვე ცხოვრების წესს და ნახევარი საუკუნით უკან დაბრუნდე, დაბრუნდე უშუქობაში, უინტერნეტობაში, უგზოობაში და ცხოვრება ამ სტილით განაგრძო. მე მიყვარდა მთა და ყოველთვის ძლიერი მიჭაჯვულობა მქონდა. ჩემი ბავშვობის ყველაზე საინტერესო მოგონებები ხევსურეთს უკავშირდება და ამიტომ ვარ ახლა აქ.

- რა თქვეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა?

- მათ იცოდნენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი ხევსურეთში მასწავლებლობაზე და როდესაც სკოლა და შემდეგ - უნივერსიტეტი დავამთავრე, ვერაფერი დამაბრკოლებდა, უარი მეთქვა იმ დროისთვის ყველაზე დიდი სურვილის ასრულებაზე. განშორების სევდის გარდა, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო - გაიგეს, მიიღეს და მხარი დამიჭირეს.

- თქვენს ერთ-ერთ პოსტში წავიკითხე, რომ შატილი არასდროს გენახა. პირველი ჩასვლა, პირველი ემოცია თუ გახსოვთ?

- როდესაც შინ, ბარგით და პროდუქტით დატვირთული, შატილში წასასვლელად მანქანას ველოდებოდი, ზუსტად მაშინ დამირეკა მეგობარმა და მითხრა, რომ სკოლაში ხანძარი გაჩნდა და იწვოდა, ისიც მითხრა, რომ სწავლა ჯერ ვერ დაიწყებოდა. ეს იყო დაუჯერებელი და ძალიან ემოციური მომენტი ჩემთვის. მკითხა, დავრჩებოდი თუ მაინც წავიდოდი მათთან მასწავლებლად. ცხადია, არ გადავიფიქრე და უფრო მეტი მოტივაციით გავემგზავრე შატილისაკენ.

შუაღამისას ავედით. ვერაფერი დავინახე - ვერც კოშკები, ვერც მთები, საერთოდ ვერ აღვიქვი გარემო, ამიტომ  საკუთარ კუთხეში დაბრუნების შეგრძნებები იმ დღეს საერთოდ არ მქონია. შეგრძნებები და ემოციები მერე დამეუფლა, როცა ჩემი ბავშვები და ხალხი გავიცანი.

შატილში მუდმივად, დაახლოებით, 15 ადამიანი ცხოვრობს და წარმოუდგენელია, ყველას არ იცნობდე. მათ შორის ბევრი ჩემი ნათესავიც აღმოჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ოჯახში ყველანი ხევსურები არიან, ერთი ბებიის გარდა, რომელიც ნახევრად ქისტია. ხევსურეთის თითქმის ყველა სოფელში ახლობლები მყავს.

- თქვენს საქმიანობაზე მოგვიყევით...

- მასწავლებლობა აღმატებული შეგრძნებაა. არ ვიცი, ისინი რას ფიქრობენ ჩემზე, თუმცა მე არანორმალურად მიყვარს ჩემი ბავშვები. მინდა, რომ ყოველთვის ძალიან წარმატებულები და ბედნიერები იყვნენ. პირველი დღიდან ვუთხარი, რომ მეგობრული მასწავლებელი ვიქნებოდი და დღემდე ასე მოვდივართ. დასვენებებზე, ერთად ვთამაშობთ ტენისს, კალათბურთს, სიტყვების თამაშს და - ფეხბურთსაც კი. გაკვეთილებს ვატარებთ მხიარულად, ისე, თითქოს საინტერესო ამბებს ვუყვებით ერთმანეთს და არა - სასკოლო პროგრამას. ძალიან მიხარია, რომ მათი მასწავლებელი ვარ და ისინი ჩემი ბავშვები არიან.

- როგორც ვიცი, ხელსაქმეც კარგად გამოგდით და სამკაულებსაც ამზადებთ...

- ბავშვობიდან მიყვარდა ხელსაქმე. წიგნების კითხვასთან ერთად, ყოველთვის ასე ვირთობდი თავს. სამკაულების დიზაინზე, როგორც პროფესიაზე, უნივერსიტეტში მისვლისას დავფიქრდი, როდესაც დიზაინის ფაკულტეტზე ჩაბარებისას სპეციალობა უნდა ამერჩია. ამის შემდეგ გადავერთე ამ საქმეზე და ახლა უკვე სამკაულის დიზაინერი ვარ.

- "დედა მეუბნება ისე ხარ შეცვლილი თითქოს ერთი ცხოვრება უკვე გაიარეო" - რა შეცვალა მთამ და შატილმა თქვენში?

- ვრცელი თემაა, ასე კონკრეტულად პასუხის გაცემა გამიჭირდება. აქ ყოფნისას საკუთარი თავი და ადამიანების ბუნება გავიცანი.

- და ბოლოს, რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

- ჩემი გეგმა შატილში სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცის გახსნა იყო, თუმცა რადგან პროექტი არ დამიფინანსეს, ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას გადავწყვეტ მომავალში და როგორი იქნება ჩემი გეგმები.

(სპეციალურად საიტისთვის)