"არ გრცხვენიათ, რა საკითხი დადგა? მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი" - კვირის პალიტრა

"არ გრცხვენიათ, რა საკითხი დადგა? მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი"

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ყოფით ნივთებზე ამდენი საუბარი სირცხვილია. როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს საკუთარ ავტომობილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მხოლოდ ავტომობილი კი არ დაძველდა, მასაც მკურნალობა სჭირდება.

"არ გრცხვენიათ, მართლა მაინტერესებს. რა საკითხი დადგა? მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი. ძალიან დიდი სირცხვილია ყოფით ნივთებზე ამდენი ლაპარაკი. მე არასდროს დამიწყია ეს ლაპარაკი. მანქანაზე რომ მოგიყვებით, მერე კიდევ რას მკითხავთ პირადი ნივთებიდან?" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი მანქანა გაცვეთილია და გადაადგილება ახალქალაქიდან თბილისის მიმართულებით უჭირს.

"რა არის, იცით? მე თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი უარს ამაზე. კი არ ვარ მაინცდამაინც თავმდაბალი, მაგრამ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა, 2006 წლის მანქანაა ჩემი და ისეთი გაცვეთილია იმიტომ, რომ ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, ისეთ ადგილებზე ვცვითავ ამ მანქანას, ისეთი დატვირთვაა...უბრალოდ, თუ გაინტერესებთ მაინცდამაინც, გეტყვით, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვიდივარ ახალქალაქიდან თბილისში იმ დანგრეულ გზებზე, უკვე რამდენიმე წელია, რათა პატრიარქთან ერთად ვიყო წირვაზე", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. რაც შეეხება ძვირად ღირებულ მობილურ ტელეფონს, როგორც მეუფე აცხადებს, ის აჩუქეს და ამ მოკლე დროში ტელეფონით რამდენიმე ფილმი უკვე გადაიღო.

"ეს არის "აიფონ 12 პრო" რა ვქნა ახლა ეს ტელეფონი გავყიდო და გლახაკებს დავურიგო? ამაზეა ლაპარაკი? ასეთმა კითხვამ გაიჟღერა პირველად როდესაც იესოს ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები. ეს სახარებაშია აღწერილი. რატომ არ გაიყიდა ეს და რატომ არ დაურიგდა გლახაკებსო, მაგრამ ითქვა, რომ გლახაკების დარდი კი არ ჰქონდაო, ეს ფული იუდას ებარა და ვერცხლისმოყვარე იყოო. მე მაქსიმალურად ვეხმარები ყველას, რაც შემიძლია. არ არსებობს ადამიანი, ვინც იტყვის დახმარება ვთხოვე და არ დამეხმარაო. რაც შემიძლია ვაკეთებ. რაც შეეხება ამ ტელეფონს, თითქოს პირობა გამომივიდა და რამდენიმე ფილმი გადავიღე ამ ტელეფონით მაღალი ხარისხით. ამას საკმაოდ მნიშვნელობა აქვს, როგორც ამბობენ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.