A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება - რა არის 2021 ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები - კვირის პალიტრა

A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება - რა არის 2021 ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებთ, 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების ნაწილი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, 2021 წელს განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ მუნუციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მერიისთვის პრიორიტეტული კვლავ სატრანსპორტო რეფორმა იქნება.

"ახალი სამუშაო წელი დაიწყო და მნიშვნელოვანია გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ ის, რასაც ვაკეთებდით ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი მუშაობის ხარისხი, შესაძლებლობები. 2020 წელი იყო ძალიან რთული წელი ყველანაირი თვალსაზრისით, მსოფლიო იდგა სერიოზული გამოწვევის გარეშე და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ პანდემია და საქართველოც არ არის გამონაკლისი, ვებრძვით კოვიდ-19-ს, უხილავ მტერს. ამ პრობლემის გამო ჩვენ 2020 წელს ბევრი პრობლემა შეგვექმნა და პროექტების გადავადება მოგვიწია. ის, რაზეც 2020 წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ უნდა განხორციელებულიყო, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ არსებობდა სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, 2021 წელს ერთიანი ძალისხმევით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი ქალაქისთვის.

ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები არის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. 350 მილიონი იქნება ამ მიმართულებით გამოყოფილი და დაახლოებით, 440 მილიონი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. თუმცა, აქ ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს - იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაწყებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, 2021 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროორიტეტი ეს იქნება. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაგარი პროექტი განხორციელდა სკვერების, პარკების განახლება-რეაბილიტაცია, ეს მომავალშიც გაგრძელდება. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა მნიშვნელობა აქვს რეკრეაციული სივრცეების არსებობას. სასიხარულოა ის, რომ საპარკო კულტურა შემოვიდა ქალაქში. გვაქვს მეტი მოტივაცია, რომ მეტი ასეთი სივრცე შევქმნათ ქალაქში", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გასული წლის ბიუჯეტს შესრულების ნაწილში, თბილისის მერის ინფორმაციით, 96%-ზე მეტი რაოდენობით შესრულდა.

"440 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 500 მილიონზე მეტი უნდა დახარჯულიყო, თუმცა პანდემიამ პრობლემები შეგვიქმნა. 320 მილიონი დაიხარჯა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. ეს არის ის მიმართულება, სადაც 1 ლარი არ მოგვიკლია იმიტომ, რომ კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრ ოჯახს დავუდექით გვერდით, ძალიან ბევრი სიცოცხლე გადავარჩინეთ, ძალიან ბევრ შეჭირვებულ ოჯახს ხელი შევუწყვეთ. რა თქმა უნდა, ამით არ ვტრაბახობთ, ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული, ნაკლები გაჭირვებული ოჯახები გვყავდეს, ამისკენ უნდა იყოს მთელი ძალისხმევა მიმართული. ასეთ ადამიანებს გვერდში დავუდგებით და ყველაფრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჰქონდეთ მხარდაჭერა.

რაც შეეხება 2021 წლის ბიუჯეტს 1 მილიარდ 150 მილიონი იქნება. საუბარი იყო, რომ მილიარდ 100 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის შედეგად გადაჭარბებით შესრულდა და მილიარდ 150 მილიონი იქნება", - განაცხადა კალაძემ.

მერის კახა კალაძის განცხადებით, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით რისკ ჯგუფების დადგენა მუდმივად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთ რისკ ჯგუფს თბილისის ტაქსის მძღოლები მიეკუთვნებიან. როგორც A ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლის უსაფრთხოებას როგორც თვითონ ტაქსის მძღოლების, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, ვინც ამ სერვისით სარგებლობს. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ტაქსის მძღოლების სავალდებულო პსრ ტესტირება უნდა განხორციელდეს. გვაქვს სამწუხარო ფაქტი, როცა ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობს მაშინ, როცა ისინი დაინფიცირებულები იყვნენ. მგონია, რომ მათ არ იცოდნენ ამის შესახებ, რადგნა მათ შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეული პრობლემა მაინც არის. ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ სერიოზული რისკის ქვეშ არიან, ამიტომ მაქსიმალურად რომ ვიყოთ დაზღვეულები, დავაზღვიოთ როგორც ტაქსის მძღოლები, ასევე ამ სერვისით მოსარგებლე მოქალაქეები, მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლების პსრ ტესტირება, ორ კვირაში ერთხელ", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი, კახა კალაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომელთა მიწის ნაკვეთებსაც, გენგეგმის მიღების შემდეგ სტატუსი შეეცვალა.

კალაძის თქმით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ დედაქალაქის მერიას განცხადებით და შესაბამისი სამსახურები აღნიშნულ საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო, რომ ქალაქს ჰქონდეს ურბანული განვითარების სწორი გეგმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მოხდა გენგეგმის მიღება, იყო ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელსაც სხვა ზონები ჰქონდა, ანუ 2019 წლამდე მესაკუთრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე სხვადასხვა ტიპის მშენებლობები განეხორციელებინათ. თუმცა, გენგეგმა გამოვიდა ქალაქის პრიორიტეტებიდან და გვაქვს ისეთი ზონები, რომლებიც შეიცვალა. თუ გუშინ დაშვებული იყო მშენებლობა, არსებული გენგეგმის ფარგლებში მოხდა ზონების ცვლილება. ზოგს რეკრეაციული სტატუსი მიენიჭა, ზოგს რეკრეაციულ-ლანდშაფტური და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მესაკუთრის ინტერესებს ისე, რომ ქალაქის ინტერესები და ურბანული განვითარების ქსოვილი არ დავარღვიოთ. მგონი, არავის გვსიამოვნებს ის, თუ როგორ ქაოტურად მოხდა ბოლო წლების განმავლობაში ქალაქის განვითარება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და თბილისზე გული შესტკივა, არ მოსწონდათ ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. კოეფიციენტების გადამეტება, არასწორი სამშენებლო სამუშაოები, ქალაქის არასწორად განვითარება, კონკრეტულ რეკრეაციულ სივრეებში მშენებლობების დაშვება, ნებართვების გაცემა სპორტული მოედნების ხარჯზე - ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, გენგეგმის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში, კერძო მესაკუთრის ინტერესებს არ დავარღვევთ. დედაქალაქის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია და მინდა მივმართო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გენგეგმის მიღებით გაუუარესდა სტატუსი საკუთარ მიწის ნაკვეთებზე, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ დედაქალაქის მერიას და ჩვენ ვიმოქმედებთ იმ წესებით, როგორც განსაზღვრულია გენგეგმის მიხედვით. ურბანული სამსახური არქიტექტურის სამსახურთან ერთად გაივლის ამ კონკრეტული მიწის არსებულ სტატუსს, რა იყო გენგეგმის მიღებამდე, რა მდგმარეობაა იქ და თუ არის შესაძლებელი დაუბრუნდეს ძველი სტატუსი. თუ ამ თვალსაზრისით პრობლემა იქნება, ჩვენ მზად ვართ, ადგილმონაცვლეობა განვახორციელოთ. არცერთი შემოსული განცხადება არ დარჩება პასუხგაუცემელი. ყველა განცხადებას ექნება შესაბამისი პასუხი. ამიტომ იაქტიურეთ, ვისაც გაუუარესდა მიწის ნაკვეთების სტატუსი. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს და არ გვინდა, რომ კერძო მესაკუთრის ინტერესები იყოს დაზარალებული", - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე გუშინ, მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში ნაგვის ურნები დამონტაჟდა.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. ცხადია, მიზანმიმართულად ხდებოდა ეს ყველაფერი. ავრცელებდნენ გოგებაშვილის ქუჩის ფოტომასალას და ადანაშაულებდნენ დედაქალაქის მერიას და მერს, რომ საერთოდ რაზე ვფიქრობთ და რა პროექტებს ვახორციელებთ თურმე. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს მერიამ განახორციელა პროექტი და სკამებზე ჩავდგით სანაგვე ურნები. ეს რა თქმა უნდა, დიდი ტყუილი და სიცრუეა. კიდევ ერთხელ მინდა რეალობა ვუთხრა საზოგადოებას. ეს არ არის არც მერიის და არც გამგეობის პროექტი. ეს არის ორი კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი. ამ ორმა ახალგაზრდამ, ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში იჯარით აიღო ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ. სამუშაოები დამთავრებული აქვთ და ელოდებიან, როდის იქნება შესაძლებელი, ამ პანდემიის პირობებში გაიხსნან რესტორნები და დარწმუნებული ვარ, 1-ელი თებერვლიდან ეს ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება. ამ ორმა ახალგაზრდამ, მოწესრიგების თვალსაზრისით განათავსა ეს მოსასვენებელი სკამები, რომელსაც დამონტაჟებული აქვს საყვავილეები. პირველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რა სისულელე მოიგონა დედაქალაქის მერიამ და მერმა, არ ეყოფათ ჭავჭავაძეზე რაც გააკეთესო? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ. ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება, თავისი მიწისქვეშა ურნებით. აბა ის მოგწონდათ და ის მოსწონდა ხალხს, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო? ვიზუალურ მხარეზე საერთოდ არ ვსაუბრობ. ჰკითხეთ ვაკეში მცხოვრებ ადამიანებს, მოსწონთ თუ არა. მაგრამ თქვენ, მხედველობაში მაქვს ოპონენტები და ის სამარცხვინო ტელევიზიები, რომლებიც ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ხართ დაკავებული, თქვენ გინდათ, ყველაფერი კარგი ცუდად წარმოაჩინოთ. მშენებლობები ნგრევად გინდათ წარმოაჩინოთ, კარგი გაკეთებული საქმეები, ცუდად გინდათ წარმოაჩინოთ, დახმარება არადახმარებად და ა.შ. ჩვენ არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება მოატყუოთ და შეცდომაში შეიყვანოთ. ჩვენ იმიტომ ვართ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ერთი მხრივ, კარგია, საზოგადოება რეალურად ხედავს ვინ ვინ არის და ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ მაქსიმალური ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, რასაც ვაკეთებთ", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის მერიამ, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე განათავსა სკამები, რომლებშიც სანაგვე ურნები იყო დამონტაჟებული.

მომზადებულია" ინტერპრენიუსის" მასალების მიხედვით