"ეს ის შემთხვევაა, რომლისაც ექიმებს ძალიან გვეშინია, იმდენად ვერაგი რამეა. ამიტომ ვურჩევთ ყველას, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ" - კვირის პალიტრა

"ეს ის შემთხვევაა, რომლისაც ექიმებს ძალიან გვეშინია, იმდენად ვერაგი რამეა. ამიტომ ვურჩევთ ყველას, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ"

"ჩემი დაკვირვებით, მამაკაცებს უფრო ეშინიათ, ძალიან უჭირთ შეგუება და შეშინებულები ყველა ანალიზისა თუ კვლევის პასუხებს დეტალურად გამოიკითხავენ ხოლმე. თუ მაღალი ტემპერატურა აქვთ, ხომ საერთოდ... შეიძლება ითქვას, ფეხზე დგომა უჭირთ, რასაც ვერ ვიტყვი ქალებზე. ეს - ნახევრად ხუმრობით, თუმცა, ქალები მართლა ბევრად ამტანები არიან"

მას შემდეგ, რაც მსოფლიო "კოვიდ-19"-ის ვირუსის წინაშე აღმოჩნდა, ყველაფერი შეიცვალა. უხილავი მტრის დასამარცხებლად, ყველა თავისი ძალებით იბრძვის, თუმცა ამ მხრივ გამორჩეულია სამედიცინო პერსონალის წვლილი... ზოგჯერ კრიტიკისა და შენიშვნების ნიაღვრის მიღებაც უწევთ, ხშირად - უსამართლოდ, მაგრამ საკმარისია, ერთი მადლიერი პაციენტის თბილი სიტყვები, გადარჩენილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომ ექიმებს უმალვე ყველაფერი ავიწყდებათ და ახალი ძალით ივსებიან. მზად არიან, კიდევ არაერთი ღამე გაათენონ და დაუღალავად იშრომონ, ხშირად - საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც, რადგან თავადაც კოვიდინფიცირებულებსაც უწევთ მუშაობა.

ჩვენი რესპონდენტი 31 წლისაა. ისევე, როგორც მისი უამრავი კოლეგა, ოჯახსა და შვილს მონატრებული, სპეცეკიპირებით შემოსილი მკურნალობს დასნეულებულ პაციენტებს. როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში პირველი კოვიდპაციენტი შემოიყვანეს, კლინიკაში რესპირატორული ვირუსით ორწლინახევრის შვილი ეწვინა, მაგრამ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა და 12 დღე შვილს მხოლოდ მინის მიღმა ხედავდა...

ვესაუბრებით ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინისა და კოვიდგანყოფილების უმცროს ექიმს, თამთა შეროზიას.

- ალბათ გახსოვთ კლინიკაში შემოყვანილი პირველი კოვიდპაციენტი, არა?

- დიახ, ძალიან მძიმედ. რამდენიმე თვის წინ, "კოვიდ-19"-ზე ჯერ კიდევ თეორიულად გვქონდა მოსმენილი. თითქმის მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და დღე დღეზე ველოდებოდით ინფიცირებულს. ერთხელაც, შემოგვიყვანეს ქალი, რომელიც თბილისიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, შვილის წლისთავზე. მაღალი ტემპერატურა და ინტენსიური ხველა ჰქონდა. პისიარ-ტესტის დადებითი პასუხი ჰქონდა და ძალიან შეშინებული იყო. გაფართოებული თვალებით გვიყურებდა მე და ჩემს კოლეგას, მორიგე ექიმს, რომელიც ჩემი თანატოლი გოგონაა. ტესტის პასუხმა კოვიდინფიცირებული ქალბატონი შეაშინა. ჩვენ კი, მკურნალობის გარდა, პაციენტების განწყობის ამაღლებაც გვევალება. ასე იყო მაშინაც, ვამშვიდებდით - საშიში არაფერი გაქვთ, მთავარია, ემოციებს არ აჰყვეთ, შესაბამისად გიმკურნალებენ და ყველაფერი კარგად იქნება-თქო. თან სჯეროდა და თან - არა... მაშინ ზუგდიდში ჯერ კიდევ არ იყო კოვიდგანყოფილება და სხვაგან გავგზავნეთ, მაგრამ მასთან კონტაქტი ხომ გვქონდა და 12 დღით თვითიზოლაციაში გადავედი. არადა, იმ დღეებში ჩემი მცირეწლოვანი შვილიც რესპირატორული ვირუსით იმავე კლინიკაში იწვა... ერთი სიტყვით, მძიმე ემოციური ფონი მქონდა. ეს ჩემი და ჩემი ორწლინახევრის შვილის პირველი დაშორება იყო და ორივემ მძიმედ განვიცადეთ... საბედნიეროდ, კოვიდინფიცირებულები არ აღმოვჩნდით, მაგრამ მაშინ რომ დაიწყო, უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. ერთბაშად ძალიან ბევრი პაციენტი შემოგვივიდა, რაც იოლი ნამდვილად არ ყოფილა. საქმე ის არის, რომ თითქმის ყველა ადგილობრივს თავის ქალაქში ახლობლებთან ახლოს ყოფნა უნდოდა და რა თქმა უნდა, ყველას ვერ დავატევდით. იმავდროულად, ვმუშაობდი "ემერჯენსში" და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იქ დასაქმებული სამედიცინო პერსონალი გმირია. ზუგდიდის კლინიკა მრავალპროფილიანია, ახლა უკვე რუხის კლინიკაც დაგვემატა, მაგრამ მაინც, მოსახლეობა იმდენად შეშინებული იყო, როგორც კი სიმპტომებს იგრძნობდნენ - მაგალითად, უჰაერობას, სისუსტეს ან არითმიას, - მაშინვე მოდიოდნენ. მედიკოსები ვცდილობდით, როგორმე ისე გადავნაწილებულიყავით, რომ პაციენტები უყურადღებოდ არ დაგვრჩენოდნენ. ექიმებიც ვითავსებდით ექთნების საქმეს, სხვანაირად ამ ყველაფერს თავს ვერ გავართმევდით.

- ვიცი, რომ მოხუცებთან ერთად, ახალგაზრდებიც ითხოვდნენ სტაციონარში მოთავსებას. - დიახ. ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, ძალიან შეშინებული. გვითხრა, - კოვიდტესტზე დადებითი პასუხი მივიღე, იქნებ დამაწვინოთ, ისეთი მძიმე ემოციური ფონი მაქვს, ექიმების მეთვალყურეობის გარეშე ვერ გადავიტანო. ძალიან ნერვიულობდა. ერთად შევხვდით ახალ წელს...

ყველა პაციენტი თანასწორია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, მამაკაცებს უფრო ეშინიათ, ძალიან უჭირთ შეგუება და შეშინებულები ყველა ანალიზისა თუ კვლევის პასუხებს დეტალურად გამოიკითხავენ ხოლმე. თუ მაღალი ტემპერატურა აქვთ, ხომ საერთოდ... შეიძლება ითქვას, ფეხზე დგომა უჭირთ, რასაც ვერ ვიტყვი ქალებზე. ეს - ნახევრად ხუმრობით, თუმცა, ქალები მართლა ბევრად ამტანები არიან.

ერთხელ, ჩემი მორიგეობის დროს, შემოგვიყვანეს 93 წლის პაციენტი ქალი, საკმაოდ მძიმე სიმპტომებით. სატურაცია (სისხლში ჟანგბადის შემცველობა, სასურველია იყოს 90-95) 48-მდე იყო დაცემული, სხვა გართულებებიც ჰქონდა და მზად გახლდათ, ჟანგბადზე შეგვეერთებინა. მაგრამ რაღაცნაირად იყოჩაღა, ჩვენც ცდა არ დაგვიკლია, სატურაცია 60-მდე ავიდა. მე და ჩემი ექთანი მთელი ღამე ვდარაჯობდით, ეკრანს შევციცინებდით... არასდროს დამავიწყდება, როდესაც ვეკითხებოდით, როგორ გრძნობთ თავსო? ცუდად იყო, მაგრამ ხედავდა, რომ ჩვენც ვნერვიულობდით და აქეთ გვამშვიდებდა: - ნუ გეშინიათ, კარგად ვარ, ერთად გადავლახავთო. მართლაც, მოსალოდნელზე იოლად გადალახა... ეს ახალი ვირუსია, ჯერ ბოლომდე არც არის შესწავლილი და არც მიკვირს ზოგიერთი პაციენტის ემოციური ფონი, რადგან ეშინიათ და ნერვიულობენ. ამ ვირუსის შემთხვევაში, სწორედ განწყობა მართავს ბევრ რამეს... საბედნიეროდ, ბავშვებში ძალიან მსუბუქად, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მათი დაინფიცირების ძალიან ცოტა შემთხვევა გვქონია.

- ამ ვირუსის ყველაზე გართულებული გამოვლინება რა არის?

- თრომბოემბოლია, რომელიც შეიძლება უცებ, წამებში განვითარდეს და ვერაფერი ვუშველოთ. რაც მთავარია, პაციენტიც ვერანაირ სიმპტომს ვერ გრძნობს; უეცრად წყდება თრომბი და ადამიანი ხმის ამოღებასაც ვერ ასწრებს... ეს ის შემთხვევაა, რომლისაც ექიმებს ძალიან გვეშინია, იმდენად ვერაგი რამეა. ამიტომ ვურჩევთ ყველას, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ და როგორმე არ დაუშვან სისხლის შედედება. ამისთვის კარგია ფიზიკური აქტივობები. ძალზე მნიშვნელოვანია სპეციალური ლაბორატორიული კვლევები, კონტროლი.

- რადგან ვირუსი სამედიცინო პერსონალშიც საკმაოდ გავრცელდა, ალბათ ეს დამატებით სირთულეს გიქმნიდათ, არა? - რა თქმა უნდა, გავრცელება საკმაოდ დიდია, როგორც ექიმებში, ასევე ექთანებში, მაგრამ მთავარი იყო, პაციენტებს არ ეგრძნოთ ეს და ვფიქრობ, მიზანსაც მივაღწიეთ: ერთმანეთს ვენაცვლებოდით და საქმეს თავს ვართმევდით. ზოგს მსუბუქი ფორმა ჰქონდა, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და ისინი მუშაობდნენ.

- პაციენტები ალბათ კლინიკიდან გაწერის შემდეგაც გიკავშირდებიან, ხომ? - დიახ. მიუხედავად იმისა, რომ მათთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ოჯახის ექიმებს, ზოგი მაინც სტაციონარის ექიმებს უფრო მეტად ენდობა, ამიტომ გვიკავშირდებიან და პოსტკოვიდურ სიმპტომებზე გვიყვებიან: ზოგს ხველას უტოვებს, ზოგს - დაბალ სიცხეს, თავის ტკივილს ან სხვა ჩივილებს... ეს დამახასიათებელია კოვიდისთვის, ზოგს 20 დღე უგრძელდება, ზოგს - მეტხანსაც და უმეტეს შემთხვევაში, საშიში არაფერია. თუმცა, ყურადღება და კონტროლი მაინც საჭიროა, რადგან ეს ვირუსი ხანდახან ახალ-ახალ "სიურპრიზს" გვთავაზობს.

- თქვენთან პაციენტები აფხაზეთიდან თუ შემოუყვანიათ? - კოვიდპაციენტები ძირითადად, რუხის ცხელების ცენტრში მიჰყავთ, მაგრამ უამრავი ადამიანი შემოჰყავთ სხვა დიაგნოზით. იმედის თვალით შემოგვყურებდნენ; გვაგრძნობინებდნენ, თქვენს პროფესიონალიზმს ვენდობითო. მათი იდენტიფიცირების უფლება არ მაქვს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ენგურს იქით სამედიცინო სისტემა სუსტადაა განვითარებული და ნებისმიერი მიმართულებით სჭირდებათ დახმარება. დაუფარავად ლაპარაკობენ, რომ იქ ყველა სფერო მოიკოჭლებს და თუ რამე პრობლემა შეექმნებათ, ცდილობენ, ქართულ მხარეს გადმოვიდნენ, სადაც სამედიცინო მომსახურება ბევრად მაღალ დონეზეა, როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.

- ცოტა რამ თქვენზეც გვიამბეთ. - სკოლის დამთავრების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე, სადაც სრული დაფინანსებით ვსწავლობდი და პრეზიდენტის სტიპენდიასაც ვიღებდი. სამკურნალო საქმე დავამთავრე, დიპლომირებული ექიმი ვარ, თან რადიოლოგობასაც ვაპირებ... სწავლის დასრულების შემდეგ ერთი წელი უცხო ენაში ვემზადებოდი და გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში წავედი სასწავლებლად. გარკვეული ხნის შემდეგ საქართველოში დაბრუნება მომიხდა. სხვა გეგმები მქონდა, იქ მეტი ხნით დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ ოჯახის გარეშე დიდხანს ვერ გავძელი... მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაში ყოფნის შესაძლებლობა მომეცა: იმ პუნქტუალური, მოწესრიგებული, კანონმორჩილი და შრომისმოყვარე ადამიანებისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, პირველ რიგში - როგორ უნდა იმუშაო თავდაუზოგავად, ისე, რომ შენი სინდისის წინაშე მართალი იყო და ამავდროულად, თავაზიანობა, სახეზე ღიმილი შეინარჩუნო... გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. იმ დღიდან აქ ვარ, ძალიან კარგ გუნდთან ერთად. მაქვს გეგმები კარიერული თვალსაზრისით და იმედია, მათ შესრულებას შევძლებ.

ლალი პაპასკი ჟურნალი "გზა"