გარდაიცვალა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური - კვირის პალიტრა

გარდაიცვალა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური

67 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა.

ოთხმეზური 1954 წლის 14 აგვისტოს დაიბადა. 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.

ისტორიკოსის გარდაცვალების გამო, სამძიმრის მიმართვას ავრცელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

"გარდაიცვალა ისტორიკოსი, თსუ პროფესორი გიორგი ოთხმეზური. ბატონ გიორგის მრავალი წელი აკავშირებდა უნივერსიტეტთან, ისტორიის მიმართულების სტუდენტების უამრავმა თაობამ გაიარა მის თვალწინ, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი. ძალზედ დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებს. პანაშვიდი: 21 იანვარი (ხუთშაბათი), 17:00 საათიდან; გამოსვენება: 22 იანვარი, 14:00 საათი; მისამართი: სიონის საკათედრო ტაძარი (სიონის ქუჩა N°3);" - ნათქვამია ტექსტში.

"წავიდა თავის ცოლ-შვილთან... გულგატეხილი და ტკივილებით დაღლილი!!! ძალიან მიყვარდა და ძალიან მტკივა გული!" - წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.

"ძალიან ბევრი რამ დამთავრდა შენთან ერთად გიორგი... ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებით" - ეხმაურება მეგობრის და ოჯახის ახლობლის გარდაცვალებას ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, დეპუტატი ქეთევან დუმბაძე.