"კობას რომ უთხრეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო, ვერაფრით დაეჯერებინა..." - რას ამბობს დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - კვირის პალიტრა

"კობას რომ უთხრეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო, ვერაფრით დაეჯერებინა..." - რას ამბობს დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში, ადეიშვილმა, რომელიც იმ დროს გენერალური პროკურორი იყო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეს დავით ქარსელაძეს დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმს და ოპერატიულ დანაყოფს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები როგორიცაა ე.წ. "ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები, ასევე ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე, აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობებზე აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება.

"ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი რამოდენიმე პირთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე განთავსებულმა სამართალდამცავებმა შეამჩნიეს კობა დავითაშვილი, მათ ხელმძღვანელი დაუკავშირდა ზურაბ ადეიშვილს, რომლისგანაც მიიღო დავალება კობა დავითაშვილისათვის თავისუფლების აღკვეთის და მისი საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის შესახებ.

სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

AMBEBI.GE კობა დავითაშვილის მეუღლეს ინგა ბიწაძეს დაუკავშირდა:

- 2 წლის წინ უთხრეს ეს კობას, მაშინ პროკურატურის წარმომადგენლები მოვიდნენ სახლში, რადგან კობა ფეხზე ვერ დგებოდა და თქვეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო. ძალიან ეწყინა ეს კობას, რადგან ზურაბ ადეიშვილს ძალიან დიდ პატივს სცემდა, ისინი მეგობრობდნენ და ვერაფრით დაეჯერებინა, რომ ეს მისი გაკეთებული შეიძლება ყოფილიყო და რომ ზურა გასცემდა ასეთ ბრძანებას. ამბობდა, ადეიშვილი ამას არ გააკეთებდა, ეს მიშა სააკაშვილის გაკეთებულიაო. ზურასთან ძალიან მეგობრობდა, ჭკვიანი ადამიანიაო. კობა ზოგადად პატივს სცემდა ჭკვიან ადამიანებს. ვერ წარმოედგინა, რომ ის ბოროტი შეიძლება ყოფილიყო. ეს მისთვის წარმოუდგენელი იყო, ეს ამბავი არ მიიღო მისმა ტვინმა. სულ ეგონა მიშას დაკვეთა.

- კატეგორიულად გამორიცხავდა ამ საქმეში ზურაბ ადეიშვილის კავშირს?

- მართლა ისე ძალიან ეწყინა, არ ესიამოვნა. ვერ წარმოედგინა ადეიშვილისგან მსგავსი რაღაც. თვითონ აღარ მიაჩნდა ეს საქმე მნიშვნელოვნად. მისთვის ეს იყო განვლილი ეტაპი, მას უნდოდა ამ ბრძოლის შედეგი ენახა. თვითონ ფაქტი კატასტროფული არ იყო მისთვის იმის მიუხედავად, რომ ამის გამო ჯანმრთელობაც შეერყა და ყველაფერიც, მაგრამ იმას უფრო განიცდიდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგა, ამის მოლოდინი ჰქონდა და ეს რომ არ მოხდა, ამას განიცდიდა. კარგი, მცემეს... ჩაიარა ამ ამბავმა, მთავარია ახლა რას ვაკეთებთო. მერე რა რომ მკლავდნენ, ქვეყნის გულისთვის თუ მომკლავდნენ, ეს პატივიაო, ასე ამბობდა. იხილეთ სრულად