რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან და რაზე რჩება შეზღუდვა პირველ მარტამდე - კვირის პალიტრა

რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან და რაზე რჩება შეზღუდვა პირველ მარტამდე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება 1-ელი მარტიდანაა დაგეგმილი. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რომელიც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.

მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე.

"საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ელი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. ამის შესახებ საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის თვის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.

"უნდა აღვნიშნო, რომ პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.

იმის გათვალისწინებით რომ მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, სკოლები იწყებს ფუნქციონირებას და მაღაზიები. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები კვების ობიექტები, მაღაზიები, იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში", - აცხადებს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება შეზღუდვები სათხილამურო კურორტებზე და ასევე, 1-ელი თებერვლიდან არ იმუშავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება.

"ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება სავალდებულო პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია და აპრობირებული იყო მუშაობის ბოლო პერიოდის გათვალისწინებით",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

1-ლი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ და მომსახურებას ღია სივრცეებში შეძლებენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, შეზღუდული რჩება ქორწილები და სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება.

"იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნაფ გაუმჯობესდა, ჯერძოდ, 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4%-ს აქედან გამომდინარე, ჩვენ აჭარაში 1-ლი თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გასხსნა. თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები და სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები მათ შორის, სასტუმროებში გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისში იმ შეზღუდვებით და წესების დაცვით, რაც მოქმედებდა დღეისთვის", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ნახეთ, დეტალურად, რას აქვეყნებს მთავრობის ადმინისტრაცია:

მთავრობის ადმინისტრაცია 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება:

• 1 თებერვლიდან:

1. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება

• მუნიციპალური ტრანსპორტის,

• სკოლების,

• მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;

2. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში

• 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;

• სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე; 3. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან

4. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

5. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.

6. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

ამასთან,

• 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

• გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.

• ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.

• ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.

• აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

• შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

• ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები - პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.

• ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

• კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;

• ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

• დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.geდა ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.

• სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა.აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება. საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით