"ძირს რომ ჩავიყვანეთ დამშვიდდა, ჩამეხუტა" - რას ჰყვებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან დედა და მცირეწლოვანი ბავშვები გამოიყვანეს - კვირის პალიტრა

"ძირს რომ ჩავიყვანეთ დამშვიდდა, ჩამეხუტა" - რას ჰყვებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან დედა და მცირეწლოვანი ბავშვები გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები უვნებლად გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები. მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილები. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარის ჩასაქრობად მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

kvirispalitra.ge ესაუბრა იმ მეხანძრე მაშველებს, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს.

ლაშა შემაზაშვილი, მეხანძრე-მაშველი, 31 წლის: - ღია ცეცხლი და დაკვალიანება დაგვხვდა. ჩვენი ბრიგადის ბიჭები აქრობდნენ ცეცხლს. ევაკუაციის მიზნით ავედით ზემოთ, ცეცხლი მე-6 სართულზე იყო, დედა და მცირეწლოვანი შვილები კი მე-7 სართულზე იმყოფებდნენ, ძალიან შეშინებულები იყვნენ. ბავშვები ტიროდნენ, ძირს რომ ჩამოვიყვანეთ მადლობა გვითხრეს. მინდა აღვნიშნო, რომ მარტო მე არ ვყოფილვარ, ჩვენი ბიჭებიც იყვნენ.

- ისეთი პროფესია გაქვთ, მსგავსი სიტუაცია თქვენთვის უცხო არ იქნება, რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მეხანძრე-მაშველი? - კარგი სამსახურია, მადლიანი. მომწონს და მიხარია, როცა ადამანებს ვეხმარები. დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც ამ პროფესიაში ჩავები.

მირიან აწკარუნაშვილი, მეხანძრე - მაშველი, 36 წლის: - 16:27 წუთზე შემოგვივიდა შეტყობინება, რომ რუსთავში იყო ხანძარი. ადგილზე ოპეარტიულად გამოვცხადდით სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. აირწინაღებით ავედით მე-6 სართულზე, მე-7 სართულზე იყვნენ დედა და შვილები. ცხადია, ეშინოდათ და იყვნენ პანიკაში. დავიყავით ბიჭები გეგმის მიხედვით, ნაწილი ცეცხლს აქრობდა, ნაწილს კი გამოგვყავდა ხალხი. როცა ხელში ბიჭუნა ავიყვანე ტიროდა, ძირს რომ ჩავიყვანეთ დამშვიდდა, ჩამეხუტა. გარდა ამ ოჯახისა, ბიჭებმა კიდევ გამოიყვანეს კორპუსიდან რამდენიმე ადამიანი.

- რამდენი წელია, რაც მეხანძრე-მაშველი ხართ? - მიყვარს ეს პროფესია. 11 წელია მეხანძრე-მაშველი ვარ. ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაა. ჩემთვის პირველ რიგში, ის არის მნიშვნელოვანი, რომ მზად ვარ ხალხს დავეხმარო, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.