მანძილი ორ სამყოფელს შორის - კვირის პალიტრა

მანძილი ორ სამყოფელს შორის

სწორედ კუროსავას "შვიდი სამურაის" რიმეიქია "შესანიშნავი შვიდეული"

იაპონელი კინორეჟისორი, იაპონური კინოს კლასიკოსი. მას მეტსახელად "იმპერატორს" ეძახდნენ. მისი დაბადებიდან ასი წელი გავიდა. კიდევ ასის მერეც ემახსოვრებათ. თანაც არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მის ფილმებს უამრავი ჯილდო აქვს მინიჭებული. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია მისი ფილმებით და... მას აკირა კუროსავა ჰქვია...

ჩვეულებრივ მრავალშვილიან იაპონურ ოჯახში აღიზარდა, თუმცა, რატომ ჩვეულებრივში... მამამისი ხომ უძველესი სამურაების შთამომავალი იყო. მამის გავლენით, აკირა საბრძოლო ხელოვნების ნამდვილი მოტრფიალე დადგა, დადიოდა ოსტატთან და საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებოდა. მერე ხატვით, მხატვრული ლიტერატურით და კინემატოგრაფით დაინტერესდა. აკირას ძმა "მთხრობელად" მუშაობდა კინოთეატრში და აკირა სიამოვნებით დაჰყვებოდა თან. ერთხელაც მიხვდა, რომ ეს მისი სამყაროა...

მშობლიურ იაპონიაში ხშირად აკრიტიკებდნენ:

- მისთვის დასავლური პუბლიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მშობლიური.

- ეჰ, აკირა, აკირა... ნაცვლად იმისა, რომ თავის ხალხს და ქვეყანას გამოადგეს...

KvirisPalitra.Geსუ! აღარაფერი თქვათ! ის არ იმსახურებს ასეთ კრიტიკას! აბა, რომელ თქვენს თანამემამულე მის კოლეგას უსახელებია თავისი ქვეყანა ისე, როგორც კუროსავას?!

სწყინდა? ალბათ. ოღონდ თავისთვის, გულში. ხმამაღლა საყვედური არ დასცდენია. პირიქით, შემთხვევას არ უშვებდა, რომ მსოფლიოს გასაგებად ამაყად არ ეთქვა:

- არასოდეს ვიღებ ფილმს გამორჩეულად უცხო აუდიტორიისათვის, თუ ნაწარმოებს არ შეუძლია ჰქონდეს მნიშვნელობა იაპონელი მაყურებლისათვის, მე, როგორც იაპონელი ხელოვანი, მისით არ ვინტერესდები.

უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, უთვალავი. ყველას რა ჩამოთვლის. რა შრომა იმალება ამ ჯილდოებს უკან, მხოლოდ გადამღებმა ჯგუფმა უწყის. "კიდევ ერთი დუბლი!.. კიდევ... კიდევ..." როდის მორჩება ეს ყველაფერი? როდის და მაშინ, როცა მსახიობთა ნაწილს ხმის ნაცვლად ხავილი აღმოხდება, დანარჩენები კი პანტაპუნტით ჩამოხტებიან ცხენებიდან, ქანცგამძვრალი ცხენებიდან... სხვაგვარად არ გამოდის. ის ხომ მაქსიმალისტია.

- დღეს გადაღება არ იქნება. - ზევიდან გადახედა მსახიობებს კუროსავამ. ქედმაღლობას არ ვგულისხმობ. 1.86 სანტიმეტრი სიმაღლის გახლდათ - იაპონელი კაცის თაობაზე ძალიან მაღალი იყო. ჰოდა, ზევიდან უყურებდა ყველას...

- კი მაგრამ, უკვე რამდენი დღეა მოვდივართ და უკან გვაბრუნებ. ხვალაც მოვიდეთ?

- ჰო, ხვალაც, ზეგაც და ასე, სანამ ისეთი ნისლი არ ჩამოწვება, მე რომ მჭირდება.

მისი შემოქმედების ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხი ამინდის "ალაპარაკება" იყო, კადრში ემოციური ეფექტის გასაძლიერებლად. აბა, "შვიდი სამურაის" ფინალური სცენა გაიხსენეთ. იქ რომ წვიმა არ იყოს, ხომ რაღაც ძალიან დიდი მოაკლდებოდა კადრს (აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ კუროსავას "შვიდი სამურაის" რიმეიქია "შესანიშნავი შვიდეული")?

თავის მიერ გამოგონებული გადაღების საკუთარი ტექნიკა ჰქონდა, 1950 წელს შექმნა და ბევრი დეტალისგან შედგებოდა. მაგალითად, გადაღებისთვის ტელეობიექტივს იყენებდა. კიდევ... ჰო, კამერები. სცენებს ერთდროულად სამი კამერით იღებდა. ეს ოქროს წესი იყო. თვლიდა, რომ მსახიობები ასე ბუნებრივად თამაშობდნენ და თანაც, მონტაჟის დროს კადრების დიდი არჩევანი ჰქონდა. ძალიან დიდ დროს ანდომებდა თითოეულ სცენას, სულსა და გულს დებდა მუშაობაში და სხვებსაც აიძულებდა, ასე მოქცეულიყვნენ. ზოგჯერ მისი არ ესმოდათ.

- კოსტიუმები ხვალ აუცილებლად უნდა მქონდეს!

- კი მაგრამ, აკირა, გადაღებამდე მთელი ათი დღეა...

- ღმერთო, რატომ ვერ ხვდებით, რომ ახალი კოსტიუმი ყალბად ჩანს ეკრანზე?!

გადაღებამდე მთელი კვირით ადრე ურიგებდა მსახიობებს იმ ტანსაცმელს, რომლითაც უნდა გადაეღო: "ჩაიცვით, ჩაიცვით... მთელი კვირა ატარეთ, რომ ერთმანეთს შეეჩვიოთ და ეკრანზე სიყალბე არ გამოჩნდეს. ჩაიცვით, ჩაიცვით..."

კუროსავას სამურაები სხვებს არ ჰგვანან. მან ახალი ტიპაჟები გამოძერწა. გითხრათ როგორი? აიღეთ კლასიკური გაგებით სამურაი, შეუნარჩუნეთ ყველა ღირსება და დადებითი თვისება. ასე... ახლა დაუმატეთ მათ ჩვეულებრივი, ადამიანური სისუსტეები და მიიღებთ სამურაის კუროსავასეულად. ღერძი უცვლელია: გამძლეობა, ფიზიკური და სულიერი სიძლიერე, სამართლიანობა და თავდაუზოგავი ბრძოლა.

,,ტახტი სისხლში" ჰქვია ფილმს, რომელიც შექსპირის "მაკბეტზეა" დაფუძნებული. მაგრამ კუროსავას ხომ გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი აქვს, თანაც, ცოტათი თავისებური. ჰოდა, ფილმში ვერც ერთ ფრაზას ვერ მოისმენთ შექსპირისას... კუროსავა მთავარ სათქმელს ამინდით "ამბობს". აი, მაკბეტი ცხენით დაქრის ტყეში. ბურუსია - იდუმალების ფარდებია ტყეში. როგორც კი ტყე მთავრდება და ციხესიმაგრე გამოჩნდება, სწორედ მაშინ, ბურუსი იფანტება და თითქოს გარდა იმისა, რომ ხედავ, ნათლად შეიგრძნობ იმას, რასაც უყურებ.

- დღეს გადაღება არ იქნება.

- კი მაგრამ, უკვე რამდენი დღეა მოვდივართ და უკან გვაბრუნებ. ხვალაც მოვიდეთ?

- ჰო, ხვალაც, ზეგაც და ასე, სანამ ისეთი ნისლი არ ჩამოწვება, მე რომ მჭირდება.

ზოგჯერ მთელი კვირა ელოდება წვიმას. აი, როგორც იქნა, "ცა ფეხად ჩამოდის", ქუჩები იტბორება, თავსხმაა, მაგრამ კუროსავა მაინც არაა კმაყოფილი. მის ფილმს, შესაბამისი ემოციის გამოწვევას თითქოს რაღაც სხვანაირი წვიმა სჭირდება...

- სად წავიდა? - ერთმანეთს ეკითხებიან მსახიობები. არავინ იცის. გადამღები ჯგუფი ფეხს არ იცვლის, ის არ იციან, სად და რისთვის წავიდა კუროსავა, თორემ იმაში ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ დაბრუნდება.

ბრუნდება. შავი მელანი მოაქვს, გუბეებში ასხამს. ახლა უფრო საზარელია წვიმა, უმანკოებადაკარგული და ჭუჭყიანი. ახლა ისე-რაც რომ ითამაშონ მსახიობებმა, მაინც მაგარი გამოვა. ნახევარ სათქმელს ამინდი და გარემო ამბობს. მუსიკა? ო-ო! ამ მხრივაც სხვებისგან გამორჩეულია. თვლის, სიუჟეტის თანამდევი მუსიკა არ უნდა იყოს სრულყოფილი. უცნაურია, არა? შეუძლია სრულიად ჰარმონიული მელოდია დახლიჩოს. ყველა ინსტრუმენტი გამოაცალოს და ვთქვათ, მხოლოდ საყვირი დატოვოს.

- კარგი მუსიკა კარგი იქნებოდა... ოღონდ მთლიანი, ერთიანი მუსიკა... - შეჰკადრა ვიღაცამ.

- მთლიანი მუსიკა მხოლოდ ფინალურ სცენებში გვექნება. - ჩაილაპარაკა კუროსავამ. - მხოლოდ ფინალურში...

ნათია როსტიაშვილი

იბეჭდება შემოკლებით

ჟურნალი "ბომონდი", აპრილის ნომერი