"ექიმებს პროვოკატორ პაციენტებს უგზავნიან" - კვირის პალიტრა

"ექიმებს პროვოკატორ პაციენტებს უგზავნიან"

ამბავი, რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, პროფესიით ექიმს შეემთხვა. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგან თავადაც ამ სისტემაში მუშაობს:

"ჩემი შვილი სამწლინახევრის არის. ერთ საღამოს ხახა დაიზიანა. ეს ისეთი ადგილია, საშინელი სისხლდენა იცის. სასწრაფოში ვრეკავდი და გთხოვთ, დაიცადოთო, მპასუხობდა კომუტატორი, ამიტომ ბავშვი მანქანაში ჩავსვი და საავადმყოფოში მიყვანა გადავწყვიტე, ყველაზე ახლოს რესპუბლიკური საავადმყოფო იყო. თავად ექიმი ვარ, ამ წრეში, ბუნებრივია, ბევრი ნაცნობი მყავს.

გზიდანვე დავრეკე რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მითხრეს, აქ არ მოიყვანო, სულერთია, ხელს ვერ მოვკიდებთ, ბავშვების მკურნალობის ლიცენზია არა გვაქვსო. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მივადექით და გვითხრეს, ყბა-სახის ქირურგია არა გვაქვს, ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში წაიყვანეთო. ამასობაში ბავშვს სისხლს ვერ ვუჩერებდი. ვიხვეწებოდი, ოღონდ ნარკოზი გაუკეთეთ, თავად ქირურგი ვარ და თვითონ გავუკერავ ჩემს შვილს ხახას-მეთქი.

რას ამბობთ, გინდათ, დაგვიჭირონო? იძულებული გავხდით, ბავშვი ჟვანიას კლინიკაში მიგვეყვანა. იქ გვითხრეს, კლინიკა გადადის, არაფერი შეგვიძლია, იაშვილში წაიყვანეთო. ამასობაში გათენდა. ბოლოს ერთ-ერთ საავადმყოფოში მივიყვანეთ. იქაც არ ჰქონდათ ბავშვების მკურნალობის ლიცენზია, მაგრამ ქირურგი ხანდაზმული კაცი იყო და ბავშვს ხომ არ მოვკლავ, მე გავუკერავო, დამთანხმდა.

ამასობაში ღვთის მადლით სისხლდენა შეუწყდა ბავშვს და ამიტომ იმ კაცს საშაროდ აღარ გავუხადე საქმე. ერთი სიტყვით, დღის 2-3 საათზე ძლივს მივაგენი კლინიკას, სადაც ყველაფრის ლიცენზია ჰქონდათ, მაგრამ ყბა-სახის ქირურგი მე თვითონ მივიყვანე საავადმყოფოში. მთელი ღამე ვიარე და მე, ექიმმა, ვერ მივაგენი საავადმყოფოს, სადაც შეიძლებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვისთვის დახმარება გაეწიათ".

მარინა ბერაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის - "გვახსოვდეს ჰიპოკრატე" თავმჯდომარე: "ჯანდაცვის სისტემა ჩვენ თვალწინ ნადგურდება. ყოველი მორიგი რეფორმა უარესია, ვიდრე წინა და ამაზე პასუხი ჯერ არავის უგია. სახელმწიფო ამ სფეროს უდგება როგორც ბიზნესს. არადა, მისი უპირველესი მოვალეობა მოსახლეობისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ჯანდაცვის სფეროში სიახლეები ანალიზისა და განხილვების გარეშე ინერგება.

გაურკვეველია, ვინ იღებს გადაწყვეტილებას. ეს არაპროფესიონალიზმი და უზნეობაა. ექიმს ხელს უშლიან ჰიპოკრატეს ფიცის შესრულებაში, ხელს უშლიან იყოს ექიმი და ადამიანს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს. ჯანდაცვის სისტემა, სულ ცოტა, სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს მობილური, ხელმისაწვდომი და ეფექტური. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს.

უკვე მხოლოდ ფინანსები აღარ არის პრობლემა. ახლა ჯანდაცვა სხვა მხრივაც ხელმიუწვდომელი გახდა. მძიმე შემთხვევებისას შეიძლება წამებმა გადაწყვიტოს ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ჩვენში კი რა ხდება?

ექიმს, რომელიც არალიცენზირებულ მომსახურებას გაუწევს მოქალაქეს და მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, შეიძლება საციხოდ გაუხდეს საქმე. ექიმების დევნა, მათი უფლებების შელახვა და შეურაცხყოფა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: ხელისუფლებამ თავისი შეცდომები ვინმეს ხომ უნდა გადააბრალოს? და ეს "ვინმე" "არაკვალიფიციური" ექიმები არიან!

ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შეიცვალა ბავშვთა ასაკის დეფინიცია. ჯერ ზეპირი მითითება მისცეს ექიმებს, რომ ბავშვად ითვლებოდა 18 წლამდე ასაკის პირი. შესაბამისად, საავადმყოფოს, რომელიც არ იყო ბავშვთა პროფილის, აეკრძალა 18 წლამდე პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა. ასეთივე წესი შემოიღეს სტომატოლოგიური კლინიკებისთვისაც. 18 წლის ადამიანს სარძევე კბილები აღარ აქვს, მის კბილს ჩვეულებრივად სჭირდება მკურნალობა, მაგრამ დიდების ექიმს მისი მიღება აუკრძალეს. ამიტომაც შეიქმნა ქაოსი. ზოგ საავადმყოფოს ერთი მომსახურების აღმოჩენის ლიცენზია აქვს, მეორის - არა... პაციენტმა კი რა იცის, რომელ საავადმყოფოს რა ლიცენზია აქვს?

ექიმები რამდენიმე თვის წინ მასობრივად დააჯარიმეს 1.000-1.000 ლარით. მეტსაც გეტყვით, შექმნეს არაოფიციალური სამსახური, სადაც პროვოკატორები ჰყავთ დასაქმებული. მათ ხელფასები აქვთ, პაციენტებად შედიან სამედიცინო დაწესებულებებში და ხვეწნა-მუდარით თუ სხვა ხრიკებით აიძულებენ ექიმს, გაუწიოს "არალიცენზირებული" მომსახურება, იქვე კი სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან ჩასაფრებული.

მაგალითად, პროვოკატორები მიდიან სტომატოლოგიურ კლინიკაში ნაცნობ ექიმთან და მიჰყავთ 15-16 წლის მოზარდი (მიაქციეთ ყურადღება, როგორი საზოგადოება ყალიბდება). "მშობელი" ექიმს ეხვეწება, ემუდარება, მოზარდს გაუკეთოს კბილი, რადგან ბავშვთა კლინიკაში გაკეთებული ბჟენი არ მოსწონს და ა. შ. თავის მხრივ, ექიმი უხსნის, რომ არა აქვს უფლება, მაგრამ იწყება ხვეწნა, არავინ გაიგებს და სხვ. ექიმიც ადამიანია, უმკურნალებს და ირკვევა, რომ პაციენტი პროვოკატორი ყოფილა. ხშირად პროვოკატორები ჩეკის გამოწერამდე გარბიან, გარეთ კი შემოსავლების სამსახურის ორი თანამშრომელი დაგეშილი იცდის, რომ ექიმის "დანაშაული" დააფიქსირონ".

როგორც ხედავთ, შიში ექიმების ცხოვრების მეგზური გახდა. შიშით უყურებენ ყველა პაციენტს, რადგან მათში პოტენციურ პროვოკატორს ხედავენ.

ნანა საპანაძე, ექიმი-პედიატრი: "მიუხედავად დიდი სურვილისა, პაციენტს აღმოვუჩინოთ დახმარება, ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს.

სამი წლის შემდეგ ბავშვთა დაფინანსების არც ერთი პროგრამა აღარ არსებობს, მათ შორის - არც გადაუდებელ და სასწრაფო შემთხვევებზე. ფაქტობრივად, ბავშვები განწირული არიან, მათ წაართვეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება.

უმძიმესი სოციალური ვითარებაა ქვეყანაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯები კი ასტრონომიულია. ბავშვთა ასაკის სახელმწიფო სტაციონარული პროგრამის მიხედვით, სამ წლამდე ასაკის ბავშვთა მომსახურების ხარჯის 80%-ს სახელმწიფო ფარავს, დანარჩენს პაციენტი. სამი წლის ზემოთ მთელი ხარჯი პაციენტის გადასახდელია. ჯერ კიდევ 2 წლის წინ 3 წლამდე ბავშვთა დაფინანსება 100%-იანი, ხოლო 3-დან 15 წლამდე კი 80%-იანი იყო.

ამბულატორიულ პროგრამაში სამიდან ექვს წლამდე ბავშვების მხოლოდ პედიატრთან ვიზიტია უფასო, ისიც ლიმიტირებულად. სხვა მომსახურება ფასიანია. პაციენტები დაბნეული არიან: ტელევიზიით ესმით, რომ პოლიკლინიკაში 6 წლამდე ბავშვთა მომსახურება უფასოა, პოლიკლინიკაში მისულს კი ჰგონია, რომ ექიმები ძარცვავენ. გაუნათლებლობასა და არაპროფესიონალიზმთან ერთად ექიმებს მძარცველების იარლიყიც მოგვაკერეს!"

ამ ბოლო დროს ამბობენ, რომ აღარ გვექნება არც ერთი ბავშვთა სახელმწიფო საავადმყოფო. ამას ჯერჯერობით ოფიციალურ სტრუქტურებში უარყოფენ, მაგრამ ექიმები დარწმუნებული არიან, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ ამ ფაქტის წინაშეც დააყენებენ.

მარინა ბერაძე: "სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაცია მიდის დახურულად და დაჩქარებული ტემპით. ე. წ. არამიანცის ტერიტორიაზე უკვე გაიყიდა სამზე მეტი ობიექტი, მათ შორის - ბავშვთა საავადმყოფოც და ის ვინმე რუსმა ბიზნესმენმა, წარმოშობით ინდოელმა დანიელ გუფთამ იყიდა. პირობა ასეთია: შვიდი წლის განმავლობაში ამ სამედიცინო დაწესებულებებმა არ უნდა შეიცვალონ პროფილი, თუმცა არსად არის დაკონკრეტებული, რას ნიშნავს პროფილის არშეცვლა. ბავშვთა საავადმყოფოს მაგივრად გუფთამ პლასტიკური ქირურგიის ცენტრი რომ გახსნას, ჩაითვლება თუ არა ეს პროფილის შეცვლად, არავინ იცის. ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

შეუძლებელია ბავშვთა ან მოზრდილთა სახელმწიფო საავადმყოფო არ არსებობდეს. ეს დანაშაულია საკუთარი ქვეყნის წინაშე. ალბათ, ნახეთ, რაც მოხდა ზუბალაშვილების სახელობის ბავშვთა კლინიკაში, დაანგრიეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! არადა, ეს შენობა თავის დროზე ძმებმა ზუბალაშვილებმა ქალაქს აჩუქეს, რათა იქ უპოვარ და კეთილშობილ ქალთა სამედიცინო დაწესებულება განთავსებულიყო.

გაუქმებულია ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა; ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გაზრდილია თანაგადახდა, გაუქმებულია გადაუდებელი მომსახურების, გულის ქირურგიული სახელმწიფო პროგრამები (დატოვებული არიან 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები, არადა გულის დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავებულია). სამაგიეროდ, რეფერალური პროგრამით სრულად არის უზრუნველყოფილი  ხელისუფლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის უფასოდ მომსახურება. ვიდრე ეს პროგრამა დამტკიცდებოდა,

გაზეთებსა და ტელევიზიებში იყო ერთი ამბავი, რომ რეფერალური პროგრამით ვერ ისარგებლებდნენ სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. როცა ეს პროგრამა გამოქვეყნდა და 2011 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, აღმოჩნდა, რომ რეფერალური  პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

"სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, კონფლიქტურ რეგიონში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ სხვა განსაზღვრულ შემთხვევებში მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას და საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო  ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახების წევრთა გეგმური სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას".

(გაგრძელება იქნება)