საიქიოდან მობრუნებული - კვირის პალიტრა

საიქიოდან მობრუნებული

კაცი, რომელმაც კლინიკური სიკვდილი 25-ჯერ გადაიტანა

"მე მქვია საიქიოდან მობრუნებული და ესენი არიან სააქაოს? ბინა 0-ში როგორ ვცხოვრობ, კაცო?!"

რედაქციაში ერთი მეტად უცნაური კაცი, რევაზ დოლიძე გვეწვია და დაუჯერებელი ამბავი გვიამბო. თურმე, სულ რაღაც ერთი წლის წინ, არც მეტი, არც ნაკლები, 25-ჯერ განუცდია კლინიკური სიკვდილი. "საიქიოდან მობრუნებულის" მონათხრობმა ინტერესი მართლაც გამოიწვია, მით უმეტეს, რომ მან დოკუმენტურად წარმოადგინა მისი ჯანმრთელობის ისტორია, სადაც "25-ვე სიკვდილია" აღრიცხული:

- ცხოვრებაში წვალება და ფათერაკი არ დამკლებია. რამდენჯერმე მოვყევი ავტოკატასტროფაში და სასწაულებრივად გადავრჩი. ერთხელ მახსოვს, სტავროპოლში მივდიოდი საკუთარი ავტომობილით. დაღლილობა ვიგრძენი, მანქანა გზის პირას, ჩემი გათვლით  "საიმედო ადგილზე" გავაჩერე და დავიძინე. ამასობაში ვიღაცის ავტომობილი ისეთი სიმძლავრით დამეჯახა, რომ მანქანიანად გადამაგდო ხრამში.

ავტომობილიდან გასისხლიანებული გადმოვძვერი, ყურზე ხელი მოვისვი და ბიბილო აღარ მქონდა! ჯერ ბიბილოს ძებნა დავიწყე, ვიფიქრე, აქ ყური როგორ დავტოვო-მეთქი, მაგრამ ცუდად გავხდი, ძლივს ამოვფორთხდი გზის პირთან და დავეცი.  ვიღაც მადლიანებმა წამიყვანეს საავადმყოფოში. გამოვფხიზლდი თუ არა, სასთუმალთან რუსი ექიმი, ახალგაზრდა ქალი დავინახე. ვთხოვე, ფული მაქვს, თუ შეგიძლიათ ყური მიშოვეთ-მეთქი. ცოტა ხანში მართლაც არ  მომიტანეს  სხვისი ყური? 500 მანეთი გადავიხადე და ქე მაქვს ახლა მიკერებული ბიბილო... (მეუბნება ჩემი რესპონდენტი და ყურის მიკერების შემდეგ დარჩენილ ნაწიბურს მაჩვენებს).

გავიდა ხანი და კუჭის ოპერაციის გაკეთება მომიხდა. ერთი წლის მერე ტკივილი მაინც დამეწყო. საყვედურით მივადექი ექიმს: ეს რა ოპერაცია გამიკეთე-მეთქი, გამსინჯა თუ არა დაიყვირა, ჩქარა, საკაცე მოიტანეთ, კაცს ინფარქტი აქვს, კვდებაო. გაოცებული დავრჩი. მოკლედ, მიმკურნალეს და მას შემდეგ 12 წელიწადი ისე გავიდა, გულს არ შევუწუხებივარ. 2010 წელს კი შეტევა  ისევ  დამეწყო. გულის არეში ისეთი ტკივილი ვიგრძენი, კინაღამ კედლებზე გავედი. ვღრიალებ, თვალთ მიბნელდება, მეუღლე შინ არ არის, მეზობლის გოგონას ვთხოვე სასწრაფო გამოეძახა... გამიყვანეს საკაცით, მერე ვიგრძენი, თითქოს დავილიე და მომცრო გავხდი. "უეჭველად ვკვდები!" - გავიფიქრე და გული დამწყდა, მერე კი ტკივილი გაქრა...

საავადმყოფოში ელექტროშოკით მომაბრუნეს. ექიმებმა ყველა ხელსაწყო გაამზადეს, მაგრამ გროში არა მაქვს. ვითარება ასეთია: ერთი ღამის საწოლის ფული - 80 ლარი, კორონაროგრაფია - 800 ლარი, გულის ოპერაცია - 12 ათასი, სტენტირება - 2.000. ამ ფასების შემხედვარეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფს კი არა, კარგად მყოფს დაგემართება კლინიკური სიკვდილი!

სტენტი ექიმს თავისი ფულით შესყიდული კი არა აქვს. დავუშვათ, დაივიწყა კანონი, გადააბიჯა თავს, ჩამიდგა სტენტი და  დამიბრუნა სიცოცხლე, მივა მასთან რომელიმე მაკონტროლებელი და დაიჭერს... ჰოდა, ეს ჩემი საწყალი მეუღლე ცდილობდა ფულის შოვნას (მე 72 წლის ვარ, ის კი 52-ის). იმდენი მოახერხა, ფულის გამოყოფის თხოვნის განცხადებაზე ხელი პრემიერ-მინისტრ გილაურს მოაწერინა, მაგრამ რად გინდა? ურუშაძის თანხმობაა საჭირო. სანამ ჯანდაცვის მინისტრი რამეს მოიფიქრებდა, მე თითქმის ყოველ 3 საათში ერთხელ ვკვდებოდი, კაცო! ასე, 25-ჯერ გარდავიცვალე და ექიმებმა მომაბრუნეს. სტენტირება გილაურის ხელმოწერით იმედმოცემულებმა გამიკეთეს, ურუშაძეს ფული ოპერაციის შემდეგ მაინც უნდა გადაერიცხა, მაგრამ არ შეუწუხებია თავი...

25 სიკვდილი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გადავიტანე, თითოეული 4-5 ან 6 წუთს გრძელდებოდა. ელექტროშოკით გულმკერდი დამწვარი მქონდა. ბოლოს ჩემი გამოყვანა საკმაოდ გაუჭირდათ. მახსოვს, გაწამებულმა ექიმმა მითხრა, ვხედავ, ვაჟკაცი ხარ, არაფრის გეშინია. 26-ე სიკვდილი არ გაბედო, თორემ   მობრუნება უკვე გვიჭირსო... ელექტროშოკით შესაძლოა ვეღარაფერს გავხდე, მაგრამ ნეკნებს ჩაგიმტვრევ, გულს ხელოვნურად ავამუშავებ და სიკვდილს მაინც არ დაგანებებო! მართლაც, გაოცებული ვარ ამ ადამიანების გამბედაობით! სიკვდილი თურმე შვებას ჰგავს...

P.S. ბოლოს ჩვენმა უცნაურმა რესპონდენტმა კომუნალური გადასახადის ქვითარი და სამეწარმეო რეესტრიდან ბინის ამონაწერი დააძრო. ვიფიქრე, ახლა რითღა უნდა გაგვაკვირვოს-მეთქი. "გინახავთ ამისთანა მისამართი?!" - მეკითხება და ქვითარს მაჩვენებს, სადაც სიტყვასიტყვით წერია: "ისანი, ნიაბის, შენ. 2. ბინა 0". "მე მქვია საიქიოდან მობრუნებული და ესენი არიან სააქაოს? Bბინა 0-ში როგორ ვცხოვრობ, კაცო?!" - ამბობს და შემდეგ რეესტრის ამონაწერიდან სწორ მისამართს მაჩვენებს, - "დამატარებენ აღმა-დაღმა ამ გულმტკივან კაცს და იმას ვერ მივაღწიე, რომ ქვითარი სწორ მისამართზე მოვიდეს!"